in

მარტივი, მაგრამ ელეგანტური – Mercedes-ის ლოგოს ევოლუცია პირველი ვერსიიდან დღემდე

შეიძლება Mercedes-ის სუპერფანი სულაც არ ხართ, მაგრამ მისი ლოგოს ამოცნობა მაინც ყველას შეგიძლიათ. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილის ბრენდი, მერსედესის სიმბოლო საყოველთაოდ ასოცირდება მაღალი კლასის მანქანებთან.

თითქმის 100 წლის წინ დაარსებული მერსედესი ცნობილი სახელია საავტომობილო ისტორიაში. 2018 წლის აღწერილობით, იგი პრემიუმ ავტომობილების უმსხვილესი გამყიდველი გახდა მსოფლიოში, რომელმაც 2,31 მილიონზე მეტი მანქანა გაყიდა.

თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიქმნა ამ ბრენდის ლოგო და რა გზა გაიარა ჩვენამდე მოსაღწევად, სტატიას მიჰყევით…

პირველი ლოგო

თავდაპირველად მერსედესის სიმბოლო შედგებოდა ოვალური სამკერდე ნიშნისგან, რომელზეც ჰორიზონტალურად იყო განლაგებული sans-serif ფონტით დაწერილი დასახელება. ლოგოს ცოტა უჩვეულო შესახედაობა ჰქონდა – „მერსედესის“ ცენტრალური ასოები უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე ირგვლივ მდებარე სიმბოლოები.

თავად ოვალი შავი იყო, თუმცა ნაცრისფრად შემოხაზული, რათა უფრო გამოეკვეთა წარწერა. ეს ლოგო 1902 წლით თარიღდება.

მეორე ლოგო

მერსედესის მანქანის სიმბოლოს დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა 1909 წელს. ამჯერად კომპანიამ გამოუშვა წრიული სამკერდე ნიშანი, რომელზეც ეწერა “Benz”. სიტყვა ნაცრისფერ წრეზე შავი ასოებით იყო ამოტვიფრული და ირგვლივ შავი რკალი ჰქონდა. 

ეს დიზაინი ბევრად უფრო ტრადიციული და დეტალური იყო, ვიდრე წინა და გამიზნული იყო ბრენდის ფუფუნების წარმოსაჩენად.

მესამე  და მეოთხე ლოგოები

მერსედესის სამპუნქტიანი ვარსკვლავის პირველი ვერსია 1916 წელს გამოჩნდა. ვარსკვლავი ოქროსფერ და თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი წითელ ფონზე სქელი წრიული ჩარჩოთი.

10 წლის შემდეგ ეს ლოგოც დაიხვეწა და უფრო მონოქრომული სტილი მიიღო. ეს სამგანზომილებიანი სიმბოლო უფრო მეტად გამოხატავდა მერსედესს, როგორც ძვირფას ბრენდს. წინა ვერსიისგან განსხვავებით მის ვიზუალს დაფნის ფოთლებიც ჰქონდა დამატებული.

ლოგოს გამარტივება

1933 წლისთვის მერსედესმა დაიწყო თავისი ლოგოს გამარტივება. ის გადაიქცა სამქიმიანი ვარსკვლავის მარტივ, მინიმალისტურ ვერსიად წრიული ემბლემის შიგნით.

ეს ლოგო ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა წინამორბედებთან შედარებით. მომდევნო ცვლილება ბრენდმა მხოლოდ 1989 წელს განახორციელა. ახალი ლოგოტიპი იმ დროის თანამედროვე ბაზარს მოერგო, ფერთა პალიტრა ნაცრისფერი გრადიენტებით განახლდა, რომელიც ვერცხლის ეფექტს ქმნიდა.

სიმბოლოს გაუჩნდა პრიალა მეტალის ტექსტურა, რომელიც სრულყოფილად ემთხვეოდა საერთო გამოსახულებას. ემბლემის ქვეშ კი ელეგანტური წარწერა იყო გამოსახული, რომელსაც სერიული შრიფტი ჰქონდა – მარტივი და თხელი ასოებით. 

თანამედროვე ლოგო

2009 წელს ეს გამოსახულება გაუმჯობესდა. ვარსკვლავი წრეში ოდნავ გაიზარდა, რის გამოც ავტომობილებმა სპორტული მანქანის იერი მიიღო. ორ წელიწადში მასში კიდევ მცირე ცვლილება განხორციელდა.

2011 წელს წარმოდგენილი Mercedes-Benz-ის ლოგოს ვერსია გახდა იმ ოფიციალური იმიჯის ნაწილი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს არის სამპუნქტიანი ვარსკვლავი, რომელიც გლუვი მეტალითაა ქრომირებული. იდეა მარტივი, მაგრამ ეფექტურია და, რაც მთავარია, ადვილად დამახსოვრებადი. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ თითქმის ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც ვერ ცნობს მერსედესის ლოგოს. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ლუტეცია“ სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია

„ფაბრიკა კონტრაქტი“ – ერგონომიული ავეჯის ქართული კომპანია, რომლის საწარმოს ჩამოყალიბებას Rakuten Viber-მა შეუწყო ხელი