მერჩენდაიზინგი არის ერთ-ერთი სექტორი, რითაც იტალიური კლუბები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ჩამორჩებიან. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში გულშემატკივრები მეტად არიან მიდრეკილნი საყვარელი გუნდის სპორტული ატრიბუტიკის შეძენისკენ. ასევე, იტალიის ჩემპიონატმა ბოლო დეკადის განმავლობაში პოპულარობა დაკარგა და მაყურებლების ყურადღებამ სხვა მხარეს გადაინაცვლა.
ამასთანავე მერჩენდაიზინგი ერთ-ერთი დინამიკური სექტორია. პროდუქტის გაყიდვა ევროპული ტოპ კლუბების ბრუნვის 15%-ს წარმოადგენს. გასულ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს ამ სეგმენტიდან 130 მილიონი ევროს შემოსავალი ჰქონდა. „ჩვენ ვყიდით სპორტს, ვარჯიშს, დასასვენებელ ტანსაცმელს და სხვა ატრიბუტებს მანჩესტერ იუნაიტედის ლოგოთი; ამასთან, სხვა ლიცენზირებულ პროდუქტს ყავის ჭიქებიდან დაწყებული საბნებით დამთავრებული. ამ პროდუქციის დისტრიბუცია ხდება საცალო ცენტრებსა და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მეშვეობით მანჩესტერ იუნაიტედის ბრენდის ქვეშ, ასევე ჩვენი პარტნიორების საბითუმო სადისტრიბუციო არხებით“, — ამბობენ „წითელი ეშმაკების“ ბანაკში. მიუნხენის ბაიერნმა კი 2022-23 წლებში აღნიშნულ სეგმენტში 110-მილიონიან შემოსავალს მიაღწია, ხოლო ბარსელონამ — 100 მილიონს.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კლუბები სხვებს საგრძნობლად ჩამორჩებიან, ისინი ბევრს მუშაობენ სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ მხრივ, იუვენტუსი იყო პირველი, ვინც 2015 წლის ივლისიდან მერჩენდაიზინგის ოპტიმიზაცია დაიწყო, უარი თქვა Adidas-თან 6 მილიონიან კონტრაქტზე და საკუთარი ხედვით დაიწყო ამ მიმართულების განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და 2018-19 წლებში კლუბის შემოსავალმა შემოსავალმა 44 მილიონს მიაღწია. ინტერმა კი Nike-გან 2019 წელს შეიძინა საცალო ვაჭრობისა და ლიცენზირების უფლებები და ბრუნვა 4 მილიონიდან 6 მილიონამდე გაზარდა, 2021 წელს კი ეს რიცხვი 13 მილიონამდე გაიზარდა. ბევრად მზარდი ტენდენცია შეინიშნება მილანის შემთხვევაშიც.
ეს არის წმინდა ვაჭრობის სამყარო, რომელიც არასდროს ჩერდება, თუმცა საფეხბურთო კლუბებისთვის ეს ყველაზე დაბალი მარჟის მქონე საქმიანობაა, სატელევიზიო უფლებებთან ან სპონსორებთან შედარებით. ბიზნეს კონსულტანტი, ჯორჯო რიჩი აღნიშნავს: „წლების განმავლობაში შეინიშნებოდა აქტივობების ინტერნაციონალიზაცია და გულშემატკივრებთან უშუალო კონტაქტის დამყარება. რამდენიმე ტოპ კლუბმა, როგორიცაა მადრიდის რეალი, პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი გადაწყვიტეს, რომ დაეყრდნონ დიდ, მსოფლიო მასშტაბით პოპულარულ ფეხბურთელებს და მათი წყალობით მოახდინონ პროდუქტის გლობალური ცნობადობა, რაც საკმაოდ საინტერესო მიდგომა აღმოჩნდა და რაც მთავარია შესანიშნავი შედეგი გამოიღო“.
დღეს გუნდებს შეუძლიათ გაყიდონ პროდუქცია როგორც საკუთარ მაღაზიაში, ასევე ამაზონისა თუ სხვა დიდი ბრენდების მიერ მოდელირებულ პლატფორმებზე, უფრო ფართო სამომხმარებლო ბაზარზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაისურებისა და სხვა ნივთების გაყიდვაზე დიდ გავლენას ახდენს სპორტული შედეგები და მიღწევები. მაგალითად მილანმა საჩემპიონო სეზონში ინტერზე ბევრად მეტი შემოსავალი მიიღო მერჩენდაიზინგით, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა წლევანდელ სეზონში, როდესაც ნერაძური მეოცედ დაეუფლა სკუდეტოს.
[პარტნიორის კონტენტი]
წყარო: LaGazzetta.ge