in

რეგიონებში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps, საქართველოსა და სომხეთში, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ვინც ცხოვრობს ან საქმიანობს კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, აქვს სოციალური საწარმო, ან არსებული ბიზნესი და სურვილი, განვითარდეს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ან არის სტარტაპერი სოციალური საწარმოს შექმნის იდეით. 

bog
bog-mob

პროექტი „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ 2020 წლის იანვრიდან, „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის” (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. მას Mercy Corps პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, რომელთა შორის არიან: საქართველოს ბიზნეს – საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO) და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების პრინციპები“ (DP).

 

გიგა სარუხანიშვილი (Mercy Corps-ის წარმომადგენლობა საქართველოში, SEAG პროექტის დირექტორი): პროექტი უნიკალურ შანსს აძლევს ახალგაზრდებს, COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში, განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად, მოაგვარონ არსებული სოციალური პრობლემები. პროგრამის მთავარი მიზანია, სომხეთსა და საქართველოში, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება, სოციალური მეწარმეობის სფეროში. ასევე – უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფით. პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ ორივე ქვეყანაში იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას შემდეგი მიზნები:  სოციალური მეწარმეობის სფეროში გაძლიერებული უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება; ბიზნესის მხარდამჭერ სტრუქტურებთან, ქსელებთან და ძირითად საბაზრო სექტორთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება; სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდებზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერება.

M: ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ჩართულები არიან სოციალურ მეწარმეობაში; ასევე – არიან მეწარმე სუბიექტები და მომავალში გეგმავენ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მუშაობას; ან ამ ეტაპზე არ აქვთ არსებული ბიზნესი, მაგრამ აქვთ კარგი ბიზნესიდეა, სოციალური მეწარმეობის კუთხით.

M: პროექტი ხორციელდება კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.  რის მიხედვით შეარჩიეთ ეს რეგიონები?

დიახ, პროექტი სამ რეგიონში ხორციელდება. შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ან მათ, ვინც თავის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს ამ რეგიონების ფარგლებს გარეთ, სოციალურ მისიას კი ამ რეგიონებში. პროექტის სამიზნე რეგიონები საქართველოსა და სომხეთში ერთმანეთის მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც ამარტივებს თანამშრომლობას პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და მასში ჩართულ ყველა მონაწილეს შორის.

M: რა ეტაპებს გადიან მონაწილეები პროექტის მიმდინარეობისას

პროექტში გამარჯვებულები შეირჩევიან კონკურსის გზით. ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად (რაც პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია), კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპზე მათ უნდა შეავსონ პირველადი განაცხადი, სადაც ზოგადად მოგვაწვდიან ინფორმაციას მათი ბიზნესსაქმიანობისა და სოციალური მიზნის შესახებ. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა უკვე უნდა შეავსონ დეტალური ბიზნესგეგმა. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, მოხდება მათთან გასაუბრება და ბიზნესის ადგილზე შეფასება კომისიის მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

M: რა შესაძლებლობებს აძლევს პროექტი მონაწილეებს?             

პროექტის მონაწილეებისთვის, მათი ცოდნის ამაღლებისა და უნარების განვითარების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება. მაგალითად, ბიზნესის დაგეგმარება, ბიზნესის მენეჯმენტი, პროდუქციის მარკეტინგი, ფინანსური აღრიცხვა, ფონდების მოძიება და სხვა. მათ ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო ტურებში საქართველოსა და სომხეთში. აგრეთვე, ბიზნესის წარმატებისთვის, მათ მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ბიზნესმენები, ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

M: რაც შეეხება პროექტის საგრანტო ნაწილს . . .

პროექტის საგრანტო კონკურსში შერჩეული იქნება, მინიმუმ, 24 გამარჯვებული (12 საქართველოში და 12 სომხეთში), რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას პროექტიდან. თითოეული ქვეგრანტის პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16 000 ევროს, საიდანაც კონკურსანტს მოეთხოვება 40%-მდე ფინანსური (თანხობრივი) კონტრიბუცია. შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა, საიდან უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდებმა ასეთი თანხის მოძიება. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში ბიზნესზე. ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, გახდეს მეწარმე და ჰქონდეს წარმატებული ბიზნესი, უნდა შეეძლოს ბიზნესში ინვესტიციის გაკეთება.

M: რა კრიტერიუმებით შეარჩევენ პროექტის მონაწილეებს?

საწყის ეტაპზე, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს (ასაკი: 18-29 წელი). ხოლო, ფინანსური დახმარების მისაღებად, კომიტეტის მიერ ყურადღება მიექცევა გარკვეულ კრიტერიუმებს. მაგალითად: ბიზნესის იურიდიული ფორმა; ბიზნესის სოციალური მისია; მომგებიანობა და სიცოცხლისუნარიანობა; მდგრადობის პერსპექტივები; სურვილი დაასაქმონ მოწყვლადი ახალგაზრდები; ქალების და ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირების თუ სხვა  ჯგუფების ჩართულობა და ა.შ.

M: რა შესაძლებლობები ექნებათ ახალგაზრდებს უკვე პროექტის დასრულების შემდეგ?

მათ ექნებათ გაღრმავებული ცოდნა და გაზრდილი შესაძლებლობები, აწარმოონ თავიანთი ბიზნესი თანმდევი სოციალური მიზნით. აგრეთვე, ჩამოყალიბებული ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან; შესაძლებლობა, გახდნენ სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი; თანამშრომლობა მსგავსი ტიპის საწარმოებთან საქართველოსა და სომხეთში; შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის პროექტებში და გაუმჯობესებული გარემო სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

M: პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. როგორ უნდა ჩაერთონ პროექტში მსურველები?

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ პირველადი რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 ივლისის ჩათვლით. შემდეგ კი, ორი კვირის განმავლობაში, პროექტის თანამშრომლები უშუალოდ დაუკავშირდებიან აპლიკანტებს გასაუბრების მიზნით და მოიწვევენ 1-დღიან საორიენტაციო ტრენინგზე. 

აქვე მინდა დავამატო, რომ 29 ივნისს, 16:00 საათზე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, Facebook Live-ის მეშვეობით, ჩვენს გვერდზე https://www.facebook.com/EU4YouthSEAG/ ყველა იმ დაინტერესებულ პირთან, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, ან ჯერ ფიქრობს პროექტში მონაწილეობაზე. შეხვედრაზე შევეცდებით, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ ყველა კითხვაზე.

 

[R]

გასქროლე სფეისით – როგორ დავიბრუნოთ მგზავრობის ფული უკან?

როგორ აფასებენ Lions Live-ის მეორე დღეს ქართველი მარკეტერები