1
Oct
2018

5 რჩევა, რომელსაც 18 წლის საკუთარ თავს მივცემდი – მერი გიორგობიანის #აზრები

1 Oct 2018



რჩევის მიღება-გაცემაში არასდროს ვყოფილვარ მოწინავე ადგილას. როცა ყველაფერი უკვე ჩავლილი და მომხდარია, მაშინ ბევრად მარტივია აზრის დაფიქსირება. ამიტომ, იმედია 18 წლის მერისთვის მარტივად გავცემ ერთი-ორ დარიგებას, ვიცი არ მომისმენს მაგრამ მაინც.

მერი გიორგობიანი, 18 წლის

  1. ცოტა უფრო გამბედავი იყავი, სულ თავსაც ნუ მოაბეზრებ ხალხს, თუმცა ცოტა გამბედაობა და სითამამე არ გაწყენს.
  2. ნაკლები დრო და ენერგია დაუთმე ნივთებს, რომლებიც ადამიანებად გასაღებენ თავს.
  3. დროს უფრთხილდი, ხომ ხედავ უკვე ათმა წელმა გაირბინა.
  4. ნუ იცი მარტივად დანებება, ეცადე ბოლომდე იბრძოლო, ვიცი, რომ საშინლად იაფფასიანად ჟღერს ეს ბოლომდე ბრძოლა, მაგრამ იძახიან, რომ არც ისე ცუდი შეგრძნებაა, როცა ადრე თუ გვიან მიზანს აღწევ. ხო… და გჯეროდეს მიზნების, ისე არაფერი გამოვა.
  5. უფრო მეტი იკითხე, ან უყურე ფილმებს და ნაკლები ილაპარაკე მათზე. არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე ორი მოყვარული ინტელექტუალის დიალოგი რომელიმე წიგნსა თუ კინოზე.

რა უცნაურია, წერის პროცესში მივხვდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან. ზემოთ გასროლილი რჩევებიდან, დღესაც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებდი უმეტესობას. ალბათ, 10 წლის შემდეგაც იგივეს ვურჩევდი დღევანდელ მერის.

იქნებ მთავარი რჩევა თვითონ რჩევის გათვალისწინებაა?

მერი გიორგობიანი – Art დირექტორი, HOLMES&WATSON

განხილვა