in

მერი გიორგობიანის გადაღებული ფოტოები Kia-მ სარეკლამო კამპანიისთვის შეიძინა!

„უდიდესი კორეული ტაში დავიმსახურეთ“

არტ დირექტორმა მერი გიორგობიანმა, Innocean Berlin-ის შემოქმედებით გუნდთან ერთად, Kia-ს ბრენდის წესები თავდაყირა დააყენა. ის არ იკმარა, რომ ბრენდის ახალი ელექტრომობილისთვის ისლანდიაში მიმდინარე ფოტოგადაღებას ხელმძღვანელობდა, კორეელი დამკვეთი საკუთარი ფოტონამუშევრებითაც მოხიბლა და დიახ – Kia-ს კამპანიის ფარგლებში, მერის ფოტოებს ევროკავშირის ქვეყნებისა და ინგლისის ბეჭდურ თუ ციფრულ მედიაში შეხვდებით. ტრადიციული საკომუნიკაციო გადაწყვეტისგან განსხვავებით, შემოქმედებითმა ჯგუფმა სრულიად განსხვავებული კონცეფცია შესთავაზა და როგორც მერი აღნიშნავს, უდიდესი კორეული ტაშიც დაიმსახურეს…

M: მერი, როგორ შედგა Kia-სთან თანამშრომლობა?

სამი წელია, რაც Innocean Berlin-ში ვმუშაობ არტ დირექტორად. ჩვენი სააგენტო კორეულია, Kia კი ჩვენი ერთ-ერთი კლიენტია. ისლანდიაში, Kia-ს ერთ-ერთი მოდელის, EV9-ს, ახალ კამპანიაზე ვმუშაობდით. მე ფოტო კონტენტი მქონდა ჩაბარებული. ჩვენი კონცეფცია იყო, რომ მანქანას მოვპყრობოდით ისე, როგორც არქიტექტურულ ნაგებობას, მისი ფორმებიდან და ზომიდან გამომდინარე.

ფოტოგრაფიც ამ მიმართულებით ავარჩიეთ, Clemente Vergara. რა თქმა უნდა, გადაღების მომენტში ჩართული ვიყავი კუთხეებისა და კომპოზიციების არჩევაში, ფოტოებსაც ამიტომ ვიღებდი, რათა ფოტოგრაფისთვის სხვადასხვა ვერსია შემეთავაზებინა. გადაღების შემდეგ, დამკვეთმა ჩემი ფოტოები ნახა და გადაწყვიტეს, Clemente-ს ფოტოებთან ერთად, ჩემებიც ეყიდათ. ძალიან მოულოდნელი, სასიამოვნო სურპრიზი იყო.

M: როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი ჯგუფის დავალება, დამკვეთის მხრიდან? 

Kia-ს ეს მოდელი საკმაოდ ფუტურისტულია, თანაც ელექტრომობილია. დამკვეთს უნდოდა აბსოლუტურად ახალი ფორმით წარმოეჩინათ ეს მოდელი.

M: როგორ დაგეგმე გადაღება და რა იყო ამ ფოტოსერიის შინაარსი?

ჩვენი კონცეფცია იყო, რომ მანქანას არქიტექტურული ნაგებობასავით მოვპყრობოდით. მისი ფორმები და ზომი გვეჩვენებინა ნატურალური განათებით, ისლანდიის მკაცრი ბუნების ფონზე. გვინდოდა, მანქანა ბუნების ნაწილად გვეჩვენებინა. ზოგადად, მანქანის ბრენდებს ძალიან მკაცრი წესები („გაიდლაინები“) აქვთ და ძალინ რთულია მათი დარღვევა. კლიენტი გვენდო ჩვენს გადაწვეტაში და აბსოლუტურად დავარღვიეთ ყველა წესი.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს ნამუშევარი, როგორც პირველი ფოტოპროექტი?

ძალიან მაბედნიერებს ასეთი პრეცედენტი. როგორც ზევით აღვნიშნე, რთულია მანქანების ბრენდების წესებს გადაუხვიო, რაც საბოლოო ჯამში, ცოტა მოსაბეზრებელი ხდება ყველა ამ სფეროში მომუშავე კრეატიული ადამიანისთვის. ამ ფოტოსერიამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა კლიენტის მხრიდან. უდიდესი კორეული ტაში დავიმსახურეთ. რაც ალბათ მომავალში მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, რომ მეტი შემოქმედებითი ნაწილი ჩავდოთ და ნელ-ნელა შევცვალოთ მიდგომა, რომ მანქანების კამპანიები უნდა იყო ხელოვნური და გაპრიალებული.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ეთერიუმი 8 წლის გახდა: ისტორია და შექმნილი პროექტები

როგორ გატეხეს პირველი პაროლი ისტორიაში?