10
Jun
2019

რისი მოსწრება მინდა სიკვდილამდე? – მერიკო გაბაშვილის #აზრები

10 Jun 2019

M2


ამ თემაზე ფიქრი დავიწყე არც ისე დიდი ხნის წინ, მაშინ, როდესაც მამა გარდამეცვალა.ასეთი მომენტები ბევრ რამეზე გაფიქრებს ადამიანს, თითქოს სხვანაირად იწყებ სამყაროს აღქმას. თუ პირველი დიდი დანაკარგია შენს ცხოვრებაში, საკუთარი სიკვდილის გარდაუვალობაზეც იწყებ ფიქრს. აქამდეც კი იცოდი, რომ მოკვდები ერთ დღეს, მაგრამ სიკვდილთან ასეთი სიახლოვე სხვანაირი სიმძაფრით გაგრძნობინებს გამოყოფილი დროის ლიმიტირებულობას, მისი “სწორად დახარჯვის” მნიშვნელობას. ბოლომდე არც კი იცი, ეს  “სწორად დახარჯვა” რას ნიშნავს, მაგრამ მაინც ძალიან მძაფრად გრძნობ, რომ ფუჭად ცხოვრება არ/აღარ გინდა.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? რისი მოსწრებაა საჭირო სიკვდილამდე? არსებობს ამ შეკითხვაზე ერთი სწორი პასუხი ყველას რომ მოერგება, თუ თითოეულმა საკუთარი განმარტება უნდა ვიპოვოთ? ჯერ არ ვიცი. ჯერ ისევ ვფიქრობ…

დაკვირვებულხართ, როდესაც ადამიანი კვდება მასთან დაკავშირებულ ისტორიებს ვიგონებთ ხოლმე. პანაშვიდზევე და მერეც ბევრმა გამიზიარა მამასთან დაკავშირებული მოგონებები. აქამდე არც კი წარმომედგინა, რომ ამდენ, მათ შორის უცნობ ადამიანთან “ვაზიარებდი” მამას და, რომ მისი წასვლა მარტო ჩვენი ისტორიის დასასრული არ იყო. ამან დამაფიქრა იმაზე, რომ ისტორიების რაოდენობა შეიძლება იყოს ცხოვრების “სწორად დახარჯვის” ერთ-ერთი საზომი: ბევრი ისტორიის დაგროვება მოასწარი ბევრ ადამიანთან – ესეიგი სწორად გიცხოვრია.

მაგრამ მარტო რაოდენობა საკმარისია? მგონია, რომ არა. ზოგიერთი დღის ისტორია ისეთი უფერულია, რომ ნეტავ ბევრი იყოს თქო ასეთი ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად არ ინატრებ ადამიანი. ამიტომ მივედი ხარისხის განზომილებამდე. ისტორიის ხარისხი კი, ჩემთვის, “ვააა!!!” ერთეულებში იზომება. ეს “ვაა!!! შეიძლება იყოს სიხარულის, აღტაცების, შთაგონების, გაკვირვების, ინტერესის, ესთეტიური ტკბობის, თუნდაც სევდის “ვაა!!!” იყოს – მთავარია რაიმე ემოციას აღძრავდეს ადამიანში. თუ არანაირი ემოცია არ გამოიწვია (მობეზრების გარდა), ხარისხიანი ისტორია ვერ არის, ალბათ. ისეთი ისტორიაა, მოყოლადაც რომ არ ღირს, არამცთუ გამრავლებად ცხოვრებაში.

რაოდენობის და ხარისხის პარალელურად “იმპაკტზეც” მეფიქრება, ანუ იმ ეფექტზე, რომელსაც ისტორია ახდენს ხანგრძლივ პერსპექტივაში. ხომ მნიშვნელოვანია იმწუთიერ, ემოციურ “ვაა!!!”-სთან გვაქვს საქმე, თუ უფრო ღრმა გავლენასთან, რომელიც რაღაცას ცვლის ჩვენში. მოკლევადიანი “ვაა!!!” ღირებულია, ცხადია, თუმცა ტრანსფორმაციული ისტორიები სულ სხვა დონის ამბავია, ჩემი აზრით. მათი გავლენა სცდება დროით ჩარჩოს; ისინი ერთგვარად აყალიბებენ შენს მე-ს, შენს ხასიათს; ორიენტირებს გაძლევენ ცხოვრებაში. ხშირად, ასეთი ისტორიები ყოფით, უბრალო ვითარებაში იჩენენ თავს; უცებ რაღაც მოხდება, ვიღაცა რაღაცას გეტყვის ან გააკეთებს და ეგაა –  ისეთი ვეღარ ხარ, როგორიც იყავი აქამდე; რაღაც იცვლება შენში თვისობრივად. მამასთან ბევრი ასეთი ისტორია მაკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, არამარტო მე.

მოკლედ, მართალია ჯერ ისევ ვფიქრობ ცხოვრების “სწორად დახარჯვის” საკუთარ განმარტებაზე და ჯერ ისევ არ მაქვს განცდა იმისა, რომ ამომწურავი პასუხი ვიპოვე კითხვაზე თუ რისი მოსწრება მინდა სიკვდილამდე, ისტორიების თემა რომ აუცილებლად იქნება ამ განმარტების ნაწილი ჩემთვის უკვე ნათელია. კერძოდ, ბევრი, ხარისხიანი და ტრანსფორმაციული ისტორია მინდა მქონდეს მე და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. თუმცა, ასეთი ისტორიები, როგორც ვხვდები, იშვიათად ხდება თავისით, საჭიროა ავდგე და მიზანმიმართულად შევქმნა ისინი საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის. აღტაცებით ვუყურებ იმათ, ვისაც ეს კარგად გამოსდის; ვისაც რუტინული წუთების ლამაზ, ინსპირაციულ ისტორიად გადაგცევა შეუძლია. მეც ეგეთი მინდა ვიყო; ამისკენ ვისწრაფვი; ხოდა სიკვდილამდე, სულ ცოტა, ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება მინდა მოვასწრო.

განხილვა