12
ივლ
2018

მერიკო გაბაშვილი – #პირველისამსახური

12 ივლ 2018

2004 წლის გაზაფხული იყო. მე კი საბაკალავრო გამოცდების და სადიპლომო ნაშრომის ჩაბარების ციებ – ცხელებაში ვიყავი. ჩემმა ლექტორმა მთხოვა შევხვედროდი მის ნაცნობს საკადრო საკითხებზე კონსულტაციისთვის. უზნაძის #52-ში მისულმა აღმოვაჩინე, რომ  შეხვედრა განათლების რეფორმის სულის ჩამდგმელ გიგი თევზაძესა და კახა ლომაიასთან მქონია. ჯერ ბატონ გიგის გავესაუბრე. მან გამიზიარა სამინისტროს ძირითადი გამოწვევები და მკითხა აზრი მათი დაძლევის სტრატეგიებზე. ამ ეტაპზე კიდევ არ მქონდა გააზრებული, რომ გასაუბრებაზე ვიყავი, ამიტომ ძალიან თავდაჯერებულად და ლაღად გამოვხატავდი ჩემს აზრებს. მახსოვს, ვიხუმრე კიდეც, როდესაც ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით მკითხა, ამას როგორ გააკეთებდიო, ვუპასუხე  – კარგად მეთქი. მაშინ წამომყევიო მითხრა და ამავე შენობის მეორე სართულზე ავედით. ხელმარჯვნივ თეთრი კარები იყო და ოქროსფერ დაფაზე ეწერა “მინისტრი”. ამ, საკმაოდ მკაფიო ნიშნის მიუხედავად არ მეგონა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შევდიოდი. ჩვენი პირველი შეხვედრისას, ბატონმა კახამ მითხრა – ეს სამსახური არც კარგი ანაზღაურების და არც კომფორტის მომცემი იქნებაო, მაგრამ აქედან პროფესიულად ძალიან გაზრდილი და ამაყი წახვალ  იმ წვლილით, რომელიც შენი ქვეყნის განვითარებაში  გექნება შეტანილიო. საჯარო სექტორში მუშაობაზე მანამდე არც კი მიფიქრია, მაგრამ ამ ერთმა შეხვედრამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი პროფესიული ორიენტირი.

BOG xelfasi

 

ჩემი პირველი დავალება სამინისტროს რეორგანიზაცია იყო. რამდენიმე თვეში შევცვალეთ სამინისტროს სტრუქტურა, საკადრო გადანაწილება და ბიუჯეტი. გამოვაცხადეთ კონკურსი ყველა პოზიციაზე და ავიყვანეთ ახალი გუნდი. გუნდი, რომელმაც შემდგომში წარმართა განათლების რეფორმა. ენთუზიაზმით დავიწყე უნივერსიტეტში ნასწავლის დანერგვა, მაგრამ “სამინისტროს სპეციფიკის” ჯადო აქტიურად აჭრიდა ფრთებს ჩემს (ხუთოსან) თავდაჯერებულობას. ამას ემატებოდა ყოფილი თანამშრომლების და განათლების რეფორმის მოწინააღმდეგეების მიერ შექმნილი ნეგატიური ემოციური ფონიც. ხან სოროსის ნაშიერობას, ხან გოკა გაბაშვილის ნათესაობას, ხან ვიღაცეების საყვარლობას მაბრალებდნენ. ჩემი ასაკი, ჩაცმულობა, დიპლომი, მიღებული ნიშნები, საუბრის მანერა, სიარულის მანერა –  ყველაფერი განხილვის საგანი ხდებოდა. ამას წინათ იმდროინდელ ფოტოს წავაწყდი. საშინლად გამოვიყურები მასზე. აშკარაა, რომ მძიმე პერიოდი მქონდა გადაღების მომენტში, მაგრამ ამ ისტორიას კარგი ბოლო აქვს.

რეორგანიზაცია წარმატებით განხორციელდა და საფუძველი ჩაუყარა ცვლილებათა მთელ წყებას როგორც სამინისტროს სისტემაში ისე უფრო ფართოდ, განათლების სფეროში. პრეზიდენტიც კი გვესტუმრა და საჯაროდ მადლობა გადაგვიხადა გაწეული სამუშაოსთვის. ერთ-ერთი მოწინავე სამინისტრო ვიყავით ინოვაციების და თანამედროვე მმართველობის პრინციპების დანერგვის კუთხით. ჩემმა თვითკმაყოფილებამ მწვერვალს მიაღწია, როდესაც გავიგე, რომ მინისტრმა ჩემს ლექტორს დიდი მადლობა გადაუხადა “ასეთი ყოჩაღი გოგოს რეკომენდებისთვის”.

მერიკო გაბაშვილი, NATO – საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი, არაკომერციული ორგანიზაცია TEDxTbilisi დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

განხილვა