in

რებრენდინგი, ახალი შოურუმი და მსხვილი B2B პროექტები – ავეჯის საწარმო „მერქანი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

ალბათ ყველას გამოგვიცდია ის ნაცნობი თავის ტკივილი, რაც სახლში ავეჯის შეკვეთას ახლავე – გაუთავებელი ნერვიულობა დიზაინზე, ზუსტ ფერებზე, ვადებსა თუ სხვა წვრილმანებზე, რომლებიც საბოლოოდ სიმშვიდეს გვაკარგვინებს. არადა, სახლის მოწყობა წესით ყველაზე სასიამოვნო ემოციებთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამ მარტივ პრინციპზე დააშენა თავისი საქმე ქართულმა ბრენდმა „მერქანი“, რომელიც ავეჯს აწარმოებს საცალო და კორპორაციული სეგმენტისთვის.

ყველაფერი 26 წლის წინ, მცირე მასშტაბით დაიწყო. დღეს, მათ ნამუშევრებს შორის, ათასობით კერძო შეკვეთასთან ერთად, ისეთი მასშტაბური პროექტებია, როგორიცაა „ლისი დეველოპმენტის“ Buknari Resort-ის სრული ეკიპირება, „ვილა მოსავალი“, სასტუმრო „ციტრუსი“ თუ ბათუმის პიაცას კოლორიტული სივრცეები. აქ ნებისმიერი დეტალი ინდივიდუალური ესკიზით, უმაღლესი ხარისხის მასალებით იქმნება. ცოტა ხნის წინ, „მერქანი“ ბრენდის განვითარების ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, გააფართოვა გუნდი და თბილისში ახალი კონცეპტუალური შოურუმის გახსნისთვის ემზადება. დეტალებზე კომპანიის თანადამფუძნებლები, დათა დარსალია და ედიშერ გულავრიშვილი გვიყვებიან.

M: როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პარტნიორობა?

დათა: ბიზნესს საფუძველი 26 წლის წინ ჩაუყარა სიმონ გახარიამ, რომელიც ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი იყო. ჩვენი გუნდი მას დაახლოებით 12 წლის წინ შეუერთდა. ამ წლების განმავლობაში ეტაპობრივად გავიზარდეთ პროფესიულად, გადავლახეთ კრიზისული პერიოდები, ავაშენეთ ახალი საწარმოო სივრცე და ჩამოვყალიბდით თანაბარუფლებიან პარტნიორებად. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სიმონი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მისი დაწყებული საქმე დღეს ახალი ენერგიით ვითარდება.

M: რა მთავარი გამოცდილება დააგროვეთ ამ წლების განმავლობაში და როგორ განვითარდა ბრენდის ხედვა დაფუძნებიდან დღემდე?

დათა: უმთავრესი გამოცდილება დამკვეთის ხედვასა და საწარმოო პროცესს შორის ზუსტი ხიდის შექმნაა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ავეჯის წარმოება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის – ეს უპირველესად ემოცია და დამკვეთის სიმშვიდეა. ადგილობრივ ბაზარზე ავეჯის დამზადება ხშირად დიდ ენერგიასა და სტრესთან ასოცირდება, ამიტომ სერვისი ისე ავაგეთ, რომ მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო. ჩვენ, დიზაინერები და ხელოსნები მუდმივ, უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ დამკვეთთან, რათა არცერთი დეტალი არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ედიშერი: ჩვენ თავად გვაქვს გავლილი საწარმოო ჯაჭვის ყველა ეტაპი, თითოეულ დეტალს პრაქტიკულ დონეზე ვფლობთ და ბიზნესის განვითარების მთავარ საყრდენად სწორედ გამართული, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ვაქციეთ.

M: რამ განაპირობა „მერქანის“ რებრენდინგის საჭიროება და რას გულისხმობს კომპანიის განვითარების ეს ახალი ეტაპი?

ედიშერი: რებრენდინგი არ გულისხმობს სამუშაო პოლიტიკის ან მიდგომების ცვლილებას. შეიქმნა ერთიანი, სრულყოფილი Brand Book-ი, რამაც კომპანიის ვიზუალური იდენტობა და მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაამყარა.

დათა: მარკეტინგულმა ანალიზმაც და ჩვენმა შიდა განვითარებამაც გვიჩვენა, რომ მხოლოდ ლოგოს არსებობა აღარ პასუხობდა ჩვენს მასშტაბს. „მერქანი“ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ბრენდი. განახლებული იდენტობა მოიცავს ყველაფერს – ერთიანი კორპორაციული სტილით დაიბრენდა როგორც ავტოპარკი, ისე საკომუნიკაციო და საკანცელარიო მასალები.

M: რა არის ის მთავარი ემოცია და ღირებულება, რომელსაც განახლებული „მერქანი“ მომხმარებელს სთავაზობს?

დათა: ჩვენი მიზანია, „მერქანი“ მომხმარებლისთვის ასოცირდებოდეს ძლიერ, ინსტიტუციურ ბრენდთან, რომელიც პირველივე შეხებისას სანდოობის, პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის განცდას ქმნის. დამკვეთების ლოიალობა და მათი მხრიდან მუდმივად ჩვენთან დაბრუნება სწორედ ამ ღირებულებების შედეგია.

M: რა მიმართულებებს მოიცავს „მერქანის“ საწარმოო სპექტრი და რამდენად ინდივიდუალურია თქვენი მიდგომა?

დათა: რბილი ავეჯის გარდა, ჩვენი საწარმოო ხაზი სრულად ფარავს ინტერიერის ხის ელემენტებს – შიდა კარებს, სამზარეულოებს, საძინებლებს, სააბაზანოს ავეჯსა და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციებს. ჩვენ არ ვმუშაობთ შაბლონური სტანდარტებით – ამჟამად წარმოებაში 60-ზე მეტი პარალელური პროექტი გვაქვს და თითოეულ მათგანზე დიზაინი, ფურნიტურა და მასალები ინდივიდუალურად მუშავდება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.

M: როგორ ინარჩუნებთ პრემიუმ ხარისხს ადგილობრივი წარმოების პირობებში?

დათა: ჩვენი წარმოება სრულად პრემიუმ ხარისხის სტანდარტს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საწარმო ვართ, მასალებსა და ფურნიტურას ვარჩევთ იტალიური და თურქული წამყვანი მომწოდებლებისგან. ხარისხის სტაბილურობას განაპირობებს ტექნოლოგიური ხაზის მუდმივი განახლება და გუნდის პროფესიული კვალიფიკაციის სისტემატური ზრდა.

ავეჯის ინდუსტრია დინამიკურად იცვლება, ჩვენი სტრატეგია კი ბაზარზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნაა. არ ვერიდებით ურთულეს საინჟინრო და დიზაინერულ გამოწვევებს. აქტიურად ვესწრებით საერთაშორისო დარგობრივ გამოფენებს, შემოგვაქვს გლობალური სიახლეები და დამკვეთს ვთავაზობთ ინოვაციურ, ტრენდულ გადაწყვეტებს როგორც კარების, ისე ინტერიერის ავეჯის მიმართულებით.

M: როგორ ზრუნავთ გუნდის პროფესიულ განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე?

დათა: ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. მასალების იმპორტიორი წამყვანი კომპანიები სიახლეების პრეზენტაციასა და მასტერკლასებს პირველ რიგში ჩვენს საწარმოში მართავენ.

ედიშერი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პრაქტიკულ გადამზადებას – ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად გადიან ტრენინგებს თურქეთსა და იტალიაში, მათ შორის შეღებვისა და ზედაპირების დამუშავების უახლესი მეთოდების მიმართულებით.

M: როგორ იმართება სამუშაო პროცესი მასშტაბურ პროექტებსა და კერძო შეკვეთებზე ერთდროულად მუშაობისას?

დათა: პროცესი მკაფიო ეტაპებისგან შედგება. პირველ რიგში, ხდება ხარჯთაღრიცხვის შედგენა, მასალებისა და დეტალების სრული შეთანხმება და უშუალოდ წარმოებაში გაშვება. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პროფესიონალი გუნდი გვაძლევს რესურსს, რომ პარალელურად ვმართოთ როგორც მსხვილი კორპორაციული ობიექტები, ისე ინდივიდუალური შეკვეთები. წარმოებაში შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ჩვენი პრინციპია  ნებისმიერი ხარვეზის მაქსიმალურად ოპერატიული და უნაკლო აღმოფხვრა.

M: რა არის „მერქანის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?

დათა: ჩვენი მთავარი უპირატესობა პარტნიორობის კულტურა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა. ობიექტზე სხვა რგოლების მხრიდან შექმნილ შეფერხებებს არასდროს ვიყენებთ თავის გასამართლებლად – პირიქით, მაქსიმალურად ვეხმარებით პროცესს, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. ჩვენი მიზანი მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური შესრულება კი არა, პროექტის უნაკლო საბოლოო შედეგია, რასაც პარტნიორები და ხელოსნები ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ.

ახალი შოურუმის ლოკაციას მალე დავაანონსებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ერგონომიკული და ესთეტიკური სივრცე, სადაც მომხმარებელი მშვიდ, კომფორტულ გარემოში გაეცნობა პროდუქციის ასორტიმენტს და მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერიერისთვის.

M: როგორია კომპანიის უახლოესი გეგმები?

დათა: ჩვენი განვითარების გეგმა მოიცავს დანადგარების მოდერნიზაციას, გუნდის კიდევ უფრო გაფართოებას და კორპორაციულ მიმართულებაზე ფოკუსირებას. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ გარკვეული მოდელების სერიული წარმოების ბაზის შექმნაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარს კიდევ უფრო სწრაფი და მასშტაბური მიწოდება შევთავაზოთ.

[R]

HBO-მ ჰოგვორტსის განახლებული გერბები წარადგინა

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა