საქართველოში მუსიკის მსმენელები და მიმდევრები სხვადასხვა კატეგორიად ვიყოფით და დღევანდელი სტატიისთვის გამოვყოფ სამს: ისინი, ვინც თანამედროვე არტისტებს ტელეევიზიებიდან და მუსიკალური შოუებიდან ეცნობიან; ისინი, ვინც ონლაინ ეძებენ ახალ-ახალ სახეებს და ისინი, ვინც ქართველი შემსრულებლების ლაივებს ესწრებიან. აქედან რომელ კატეგორიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეთ, მერცია ქუთათელაძის სახელი თქვენთვის ნაცნობი იქნება, რადგან ის საზოგადოების ნაწილმა ერთ-ერთი სატელევეზიო მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, მეორე ნაწილმა სხვადასხვა არტისტთან ერთად კონცერტებიდან, ხოლო მესამემ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან.
მერცია საკმაოდ საინტერესო მუსიკოსია, როგორც შემოქმედებითად, ისე როგორც პერსონა. ის თავადაც წერს საავტორო სიმღერებს, უკრავს ბასგიტარაზე და, ასევე, მღერის. რა თქმა უნდა, ინტერვიუს დროს ვკითხე, თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფერს ერთად, რადგან საკმაოდ დიდი დრო და შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. პასუხზე არ დაგასპოილერებთ, ინტერვიუს ნაწილში წაიკითხავთ.
მერცია ქუთათელაძე:
მუსიკა ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, რასაც ჰქვია, ინტერესის გამოვლენა ამ სფეროს მიმართ, 13 წლის ასაკში დამეწყო. ამ დროს მოვითხოვე პირველად მუსიკის სწავლა და შევედი კიდეც ერთ-ერთ სტუდიაში, სადაც დაახლოებით სამი წელი დავყავი, შემდეგ კი დამოუკიდებლად გავაგრძელე განვითარება.
როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარების დრო დადგა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯაზის ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე და პროფესიონალურად გავაგრძელე მუსიკის სწავლა.
M: თქვენი მუსიკალური პროექტების შესახებ რომ ვისაუბროთ – სხვადასხვა დროს სად იყავით და რა პროექტებს აკეთებდით?
მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა ისეთ მუსიკალურ შოუში, როგორიც იყო „X ფაქტორი”, ეს იყო 2017 წელს, რომელზეც მინდა ვთქვა, რომ კონკურსი და მისი შედეგები არ უნდა იყოს არცერთი მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის რამე სახის განაჩენი, არ აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებ თუ რაღაც ეტაპზე გამოეთიშები.
უნივერსიტეტში სწავლის დროს კი გავიცანი ძალიან ბევრი პროფესიონალი, რომლებთანაც გავაკეთე სხვადასხვა კოლაბორაცია. გარდა ამისა, არაერთი ბენდის წევრი ვიყავი, მათ შორის, გარკვეული პერიოდი საკუთარი ბენდიც მქონდა.
გამორჩევით, ალბათ, მაინც დავასახელებდი მუშაობას ზვიად ბოლქვაძესთან, რადგან როდესაც ასეთი რანგის მუსიკოსი გთავაზობს მასთან ერთად სცენის გაზიარებას, ძალიან სასიამოვნოცაა და საპასუხისმგებლოც.
დავასახელებდი ასევე თანამშრომლობას ანი კეკუას ბენდში, რომელთანაც დღემდე ვმუშაობ ხოლმე, როდესაც ლაივები იგეგმება. აგრეთვე ვარ ნატალია ნაყოფიას ბენდის წევრი, ბასისტი.
ხშირად ვთანამშრომლობ ჯაზბენდებთან და ჯემსესიებშიც ვმონაწილეობ ხოლმე არა მარტო საქართველოში, არამედ გერმანიაშიც.
ეს რაც შეეხება კოლაბორაციებს, მაგრამ აგრეთვე ვაკეთებ საავტორო მუსიკას. დაახლოებით 1 თვის წინ გამოვიდა ჩემი სინგლი, რომლის ჩაწერაშიც დამეხმარნენ მუსიკოსები ლუკა თოფურია კლავიშზე და საბა ქასრაშვილით გიტარაზე, ხოლო ნატალია ნაყოფია იყო ბექვოკალზე და პროდიუსერობაც გამიწია.
M: მერცია, როგორია თქვენი, როგორც მუსიკოსის შემოქმედებითი პროცესი, რა გაძლევთ ინსპირაციას, რამ შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ მუშაობისას და სხვა?
როცა სიმღერას ან მუსიკას ვწერ, ერთიანად იწერება ხოლმე თავისით. შემჩნეული მაქვს, რომ თუ წინააღმდეგობა დავიწყე ჩემს თავთან, რომ ძალით მინდა რაღაცის გამოყვანა, ის არ გამოდის. რაც აქამდე დაწერილი მაქვს, ყველაფერი ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი.
ინსპირაცია შეიძლება მომცეს ნებისმიერმა რაღაცამ: ქუჩაში დანახულმა კადრმა, შინაგანმა განწყობამ თუ სხვა. ტექსტები ზოგჯერ ჩემია, ზოგჯერ კი სხვა ავტორის დაწერილი ამიღია და ცოტა გადამიკეთებია, რა თქმა უნდა, მისივე ნებართვით.
ზოგადად, მიყვარს სიჩუმე, ბევრსაც არ ვსაუბრობ, ამიტომ დისკომფორტი შეიძლება შემიქმნას მხოლოდ ხმაურმა. ძალიან მიჭირს ნებისმიერი ტიპის ხმაურში მუშაობა, კონცენტრაციაში მეშლება ხელი.
M: როგორია, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებ, ბასისტი ხართ, ვოკალისტი, მუსიკოსი – როგორ აბალანსებთ ამ ყველაფერს?
ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და ადვილი არ არის. სულ უნდა მოსთხოვო შენს თავს მაქსიმალური და ბალანსში გქონდეს სიმღერაც, დაკვრაც. თანაც, გაითვალისწინეთ, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ მსმენელამდე სწორად მიწოდებაც უნდა შეძლო ამ ყველაფრის. დღეს, როცა ინტერნეტის ეპოქაში ვართ, ძალიან რთულია, ადამიანი, რომელიც სქროლავს, გააჩერო შენს ვიდეოზე და აყურებინო.
ამ თვალსაზრისით, ყველაფერ ამას დიდი შრომა სჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე, მოახერხებ და გააკეთებ.
M: რა არის ის გზავნილი ან ჩანაფიქრი, რაც გინდათ, რომ მსმენელამდე მიიტანოთ ხოლმე?
ჩემთვის მთავარია, ვიყო მართალი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რამდენად გულწრფელი ვიქნები იმ ადამიანთან, რომელიც ჩემს სიმღერას ჩართავს. თუ ეს „სიმართლე” მივიტანე მსმენელამდე, მგონია, რომ ჩემი საქმე გაკეთებული მაქვს.
მუშაობის დროს, სულ რომ მარტო ვიყო და არავინ მიყურებდეს, ხშირად წარმოვიდგენ თავს, თითქოს სცენაზე ვარ, რადგან ეს მიდგომა წარმატების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მე ასე მჯერა.
M: რა არის თქვენს საქმიანობაში ყველაზე საინტერესო, ის, რის გამოც არასოდეს გენდომებათ მუსიკის გარეშე ყოფნა?
მუსიკა არის ძალიან მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი. არასოდეს იცი წინასწარ, საბოლოოდ რას მიიღებ. მახსოვს, უნივერსიტეტში სწავლის დროს საკურსოსთვის დასამუშავებლად მომცეს SHAKATAK-ის სიმღერა Shadow, რომელიც იმ მომენტში ძალიან მარტივად მომეჩვენა ჩემთვის, მაგრამ, როდესაც მუშაობა დავიწყე, უშუალოდ პროცესში მივხვდი, რომ საერთოდ არ ყოფილა ისეთი ადვილი, რაც, ერთი შეხედვით მარტივი გვგონია, შეიძლება საკმაოდ რთულიც გამოდგეს. მუსიკაში გჭირდება სხვადასხვა მიდგომა და ამ მიდგომების გამოცნობა ძალიან საინტერესო პროცესია.
მეორე მიზეზი, რატომაც არასოდეს მენდომება მუსიკის გარეშე ცხოვრება, არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გკარნახობს, რომ ამის გარეშე არ შეგიძლია.
M: მერცია, თქვენ, როგორც საკმაოდ გამოცდილი მუსიკოსი, როგორ შეაფასებდით ამ ინდუსტრიას დღეს საქართველოში?
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველ მუსიკოსებს. პატარა ქვეყანაა და წრეც მჭიდრო გვაქვს, თითქმის ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს და ვთვლი, რომ ერთმანეთს ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ.
ერთადერთი, რაც შეიძლება აბრკოლებდეს აქაურობას, არის ის, რომ ბაზარი საკმაოდ პატარაა და მოთხოვნაც შესაბამისია, ანაზღაურებებიც არაა სათანადო. ამის გამო ზოგიერთ მუსიკოსს მოტივაცია აქვს დაკარგული, რადგან მუსიკა საკმაოდ ძვირიანი სფეროა. ერთ არტისტს უამრავი დეტალი სჭირდება თავისი თავის განვითარებისთვის, იქნება ეს ინსტრუმენტი თუ სხვა. ერთ-ერთ თვალსაჩინო პრობლემას ამას ვხედავ.
აგრეთვე, დავასახელებდი ტექნიკურ მიმართულებას. მაგალითად, როდესაც ბენდით გვაქვს კონცერტი და ვაგზავნით რაიდერს, თუ რა გვჭირდება, რომ ადგილზე დაგვხვდეს, ხშირად მეორე მხარემ არ იცის, რისთვისაა ეს ატრიბუტები საჭირო, იქნება ეს ყურის მონიტორები თითოეული მუსიკოსისთვის თუ სხვა აღჭურვილობა. მაგალითად, როცა დამიკრავს გერმანელ ან ჰოლანდიელ მუსიკოსებთან ვუკრავდი, იქ მსგავსი პრობლემა არ შემიმჩნევია და ხელოვნებას მეტი დაფასება აქვს როგორც თავად ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე მსმენელისგან. ვისარგებლებ შემთხვევით და ქართველ მსმენელს ვთხოვ, რომ არ დაიშუროს ტაშის დაკვრა არტისტებისთვის, რომლებიც მათთვის უკრავენ, იმის მიუხედავად, თუ როგორ ხასიათზე არიან.
საერთო ჯამში, ვფიქრობ, ცოტა გამოცდილება გვაკლია ყველას ერთად ამ ინდუსტრიაში, ვგულისხმობ ტექნიკურ დონეზე, თორემ მუსიკალურად ძალიან ძლიერი და ხარისხიანი მიმართულება გვაქვს.
M: მერცია, სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…
ამჟამად ვმუშაობ ჩემს სიმღერებზე და პრიორიტეტია, რომ დროულად გამოვუშვა ისინი, რადგან რასაც ვწერ და ვფიქრობ, მინდა, რომ საზოგადოებამდეც მივიტანო.
აგრეთვე, ახლო გეგმებში მაქვს ისევ გერმანიაში დაკვრა და იქაურ მუსიკოსებთან თანამშრომლობა.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
მოდი, ცოტა ეგოისტურად მოვიქცევი და თქვენს მკითხველს დავუტოვებ ჩემს სიმღერას, რომელსაც ჰქვია „სიჩუმე”. მოუსმინეთ და შემიფასეთ.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი