ავტოისტორიას მხოლოდ ლეგენდარული მანქანები არ ქმნიან. მათ უკან დგანან უზარმაზარი საწარმოები, კომპანიები, მმართველობითი სისტემები, რომლებსაც ადამიანები უდგანან სათავეში და ეს ადამიანები დიდ როლს ასრულებენ ამ ბრენდის განვითარებაში. მათი თითოეული ნაბიჯი თუ სწორ დროს მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს კომპანიაზე და, საბოლოოდ, მის მიერ წარმოებულ პროდუქტზეც.
ქალების ჩართულობა ავტოინდუსტრიაში განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ეს ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული პროფესიები კაცურ საქმიანობებად მიიჩნეოდა. ავტოისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა – მერი ბარა, General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი. ამ სტატიას სწორედ მერი ბარას მივუძღვნით.
ბავშვობიდან ავტოსფეროში
მერი ბარამ ავტომობილებისადმი სიყვარული და ინტერესი ბავშვობიდან გამოავლინა. საავტომობილო ინდუსტრიაში კარიერის გაგრძელების სურვილით, იგი შეუერთდა General Motors-ის ინსტიტუტს, რომელმაც შემდგომ სახელი შეიცვალა და კეტერინგის უნივერსიტეტი დაერქვა. იქ ის ელექტროინჟინერიის მიმართულებით სწავლობდა. ამავდროულად, მერიმ ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტობის დროს დაიწყო მუშაობა Pontiac Motors-ის განყოფილებაში. ადრეული ასაკიდანვე მერი საინჟინრო საზოგადოების წევრი გახდა, ბაკალავრიატის შემდეგ კი ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
როგორ გაიღო General Motors-ის კარი მერი ბარასთვის
მისი განათლებისა და პრაქტიკის წყალობით, მერი ბარას დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ ავტოსამყაროში კარიერული ნაბიჯები გადაედგა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო და General Motors-ის ინსტიტუტში სწავლობდა, როდესაც კომპანიას შეუერთდა. თავდაპირველად პასუხისმგებელი იყო მარტივ ინსპექტირებაზე, როგორიცაა გამწოვების შემოწმება და მისთანები, თუმცა ამაში ანაზღაურებას იღებდა და ახერხებდა, რომ ამ თანხით სწავლა გაეგრძელებინა.
დროთა განმავლობაში, როდესაც მისი გამოცდილება და ცოდნა ავტომობილების შესახებ გაიზარდა, მას დაევალა ახალი პასუხისმგებლობები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ინჟინერიასა და ადმინისტრაციაში, შემდეგ კი დეტროიტის ასამბლეის ქარხნის მენეჯერი გახდა.
2008 წლის თებერვალში ბარა გახდა ბრენდის Global Manufacturing Engineering-ის ვიცე პრეზიდენტი. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, იგი გახდა გლობალური ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტი და ეს თანამდებობა ორი წლის განმავლობაში ეკავა. შემდეგ გლობალური პროდუქტის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ის სულ უფრო და უფრო მეტად ხდებოდა წამყვანი რგოლი კომპანიაში. აქტიურად მონაწილეობდა გლობალური შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის ამოცანების გადაჭრაში. ბოლოს, 2014 წელს კი აღმასრულებელი დირექტორიც გახდა.
კარიერის მწვერვალი და გამოწვევები
კარიერულ მწვერვალზე ასვლა ერთი შეხედვით სასიხარულოა, თუმცა, მეორე მხრივ, ამას დიდი პასუხისმგებლობები ახლავს. დირექტორობის პირველივე წელს ბარა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამ დროს კომპანია უსაფრთხოების მიზნით ათობით მილიონი ავტომობილის გაწვევას ახორციელებდა და ახალი პოლიტიკის გატარება იყო საჭირო.
ბარა არ დაბნეულა და დაიწყო უსაფრთხოების ახალი ხედვისა და სისტემის შემუშავება, რომლის შექმნის მიზანიც კომპანიის კულტურის გაძლიერება და როგორც მუშაკებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გამოცდილების შექმნა იყო.
იგი ასევე დაეხმარა კომპანიას, ელექტრო მანქანებისკენ აეღო გეზი. ამისთვის მან შეიძინა სტარტაპი Strobe და გახდა პირველი მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც მომხმარებელს ელექტრო მანქანა 40000$-ზე ნაკლებ ფასად შესთავაზა Chevy Bolt EV-ის სახით.
საბჭოს წევრობა
გარდა წამყვანი როლისა GM-ში, მას იწვევენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიის საბჭოებში. მაგალითად, 2017 წლის აგვისტოში ის გახდა მეოთხე ქალი და მე-12 ადამიანი, რომელიც აირჩიეს დისნეის საბჭოში. ის ასევე მსახურობს დეტროიტის ეკონომიკური კლუბისა და დეტროიტის სკოლის საბჭოებში, ასევე სტენფორდის უნივერსიტეტისა და დიუკის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოში. წარსულში ის ასევე იყო General Dynamics-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.
როგორია ბარას მუშაობის სტილი
ბარას მისი წინდახედული ლიდერობის სტილის გამო აფასებენ. ასევე მისი უნარის, გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს და გადაჭრას პრობლემები სწრაფად. მაგალითად, როდესაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირველივე წელს მანქანების ფართო გაწვევის წინაშე აღმოჩნდა, მან შეძლო სწრაფად დაენერგა ახალი პოლიტიკა მთელ კომპანიაში, რათა შეემცირებინა განმეორებითი გაწვევის რისკი.
მერი ბარას მუშაობის სტილზე საუბრისას ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ ის მუდამ ეთიკურ და თანაბარ პოლიტიკას ატარებს, ინკლუზიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს სხვადასხვა სქესისა და წარმომავლობის ადამიანების მიმართ. მაგალითად, 2018 წელს, GM იყო ერთ-ერთი იმ ორი გლობალური კომპანიიდან, რომელსაც არ ჰქონდა გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში, რაც დიდი დოზით სწორედ ბარას დამსახურება იყო.
დღეს მერი ბარა მთავარ აქცენტს ელექტრომომავალზე, თვითმართვად ავტომობილებსა და მგზავრობის გაზიარების ახალი სერვისების დანერგვაზე აკეთებს. აღმასრულებელ პოზიციებზე მერი ბარას ყოფნა GM-ს დაეხმარა, ინდუსტრიის ლიდერად დარჩენილიყო ისეთ ეპოქაში, როცა საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვანი ცვლილებების მომსწრეა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი