„მინდა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემ ნაცვლად დარეცხოს ტანსაცმელი და ჭურჭელი, რათა მე ხელოვნება შევქმნა და ვწერო; და არა AI-მ შექმნას ჩემი ხელოვნება და წეროს, რათა მე ტანსაცმლისა და ჭურჭლის რეცხვა შევძლო“, — ამბობს მწერალი ჯოანა მაციეევსკა.
სწორედ ამას ეხმიანება იმ მკვლევართა ძალისხმევაც, რომლებიც ნაცვლად ადამიანის ჩანაცვლებისა ინტელექტუალურ საქმიანობებში, სპეციალურ ტექნოლოგიებს ავითარებენ. ასეთია დანი კლოდის მიერ შემუშავებული „მესამე ცერი“ — რობოტული მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ხელის დატვირთვის შემსუბუქებისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა სიმძიმის ჩანთები/პარკები ატარონ; ასევე, ექიმებს დაეხმარება, ქირურგიული ინსტრუმენტები არნახული სიზუსტით გამოიყენონ.
მთლიანობაში, მოქნილი, 3D პრინტერით შემუშავებული ცერა თითის მიზანი მოხერხებულობის, დაჭერისა და ტარების უნარის გაუმჯობესებაა. მისი მოძრაობა პროპორციულია ზეწოლის მიმართ და უბრუნდება თავდაპირველ პოზიციას, როდესაც წნევა თავისუფლდება. კონტროლის ეს ინოვაციური მექანიზმი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისეთ ამოცანებს გაუმკლავდნენ, რომელთა შესრულებაც სხვაგვარად რთულია.
პროთეზი 2022 წელს სამეფო საზოგადოების საზაფხულო სამეცნიერო გამოფენაზე 600-მა მონაწილემ გამოცადა და მაშინვე პერსპექტიული შედეგები აჩვენა. 98%-მა პირველივე ცდაზე წარმატებით გამოიყენა ცერა თითი და სხვადასხვა ობიექტიც აამოძრავა. ეს არა მხოლოდ დამატებითი სარგებლისთვისაა საინტერესო, არამედ ხელის ტრავმის შემდგომ საჭიროებასაც უზრუნველყოფს.
„ტექნოლოგია ცვლის ჩვენს განმარტებას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. მანქანები სულ უფრო მეტად ხდებიან ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ეს მხოლოდ გარემოს კი არა, ჩვენს გონებასა და სხეულსაც კი ეხება“, — აღნიშნავს თამარ მაკინი, სამედიცინო კვლევის საბჭოს მეცნიერი კემბრიჯის უნივერსიტეტში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მომხმარებელთა წარმატებული შედეგები და პოტენციური გამოყენების ფართო სპექტრი პერსპექტიულ მომავალს გვთავაზობს.