Meta ახალ ფუნქციებს იმ მომხმარებლებისთვის ქმნის, რომლებიც Google Drive-ს ან ელ.ფოსტას იყენებენ საერთო ალბომების შესაქმნელად და სურათების მაღალ ხარისხში გასაგზავნად. ახლა კი სურს, რომ ისინი Messenger-ში გადმოერთონ, სწორედ ამიტომ საშუალებას აძლევს მათ, ჩატებში საერთო ალბომები შექმნან, გააგზავნონ ფოტოები მაღალ ხარისხში და გააზიარონ 100 მეგაბაიტზე მეტი ტევადობის მქონე ფაილები.
აქამდე მომხმარებლებს იმ ფოტოების ჩამონათვალი შეეძლოთ ენახათ, რომლებიც კონკრეტულ Messenger-ის ჩატში გააზიარეს, შესაბამისად, არც მათი დაჯგუფების და არც დაორგანიზების საშუალება ჰქონდათ. ახლა კი შეუძლიათ, ჯგუფის ჩატებში ფოტოებისა და ვიდეოების ალბომები შექმნან, იქნება ეს დაბადების დღის ფოტოები თუ სხვა რაღაც მნიშვნელოვანი თარიღის.
ჯგუფურ ჩატში ალბომის შექმნა საკმაოდ ადვილია — უბრალოდ ჩატიდან რამდენიმე ფოტო უნდა არჩიოთ და შემდგომ Create Album-ს დააკლიკოთ ან თუ გინდათ, უბრალოდ ჩატში არსებულ ფოტოს თითით დიდხანს დააჭირეთ და ალბომის შექმნას ასეც მოახერხებთ. ხოლო, თუ არსებულ ალბომში გსურთ ფოტოების დამატება, უბრალოდ Add to Album-ს შეგიძლიათ დააკლიკოთ. ჩატში კი ყველას შეეძლება ალბომში არსებული სურათებისა თუ ვიდეოების ნახვა, დამატება, წაშლა და გადმოწერა.
რაც შეეხება HD ფოტოების გაზიარებას, მომხმარებლებმა ჩატში სურათის შერჩევის შემდგომ, HD ვარიანტი უნდა აირჩიონ. შეუძლიათ შემდგომ ფოტოებიც დაამატონ, რომლებიც კვლავ HD ხარისხში გაიგზავნება.
ამას გარდა, Messenger მომხმარებლებს ელ.ფოსტის ალტერნატივასაც სთავაზობს, მათ საშუალებას აძლევს პირდაპირ ჩატებში გაგზავნონ დიდი ფაილები Word, PDF, Excel და zip ფორმატებში. უბრალოდ + ღილაკს უნდა დააკლიკოთ და შემდგომ სასურველი ფაილები აირჩიოთ.
უკვე სხვებთან QR კოდის სკანირებით დაკავშირების ფუნქციაც ჩაეშვა, რაც სხვისი სახელისა თუ ნორმის ჩაწერას გვარიდებს თავიდან, როცა აპლიკაციაში კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერა გვსურს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ აღნიშნული ფუნქციები Messenger-ის ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ მობილურ ვერსიაზე.