Messenger-ის ლოგოს ფერი რომ შეეცვალა, ალბათ, უკვე თქვენც შეამჩნიეთ. ლურჯიდან ვარდისფერში გარდამავალი ლოგო Facebook-ის ლურჯს მიამსგავსეს. თუ მეტას დავუჯერებთ, ლოგოს დახვეწილი ვიზუალის მისაღებად მცირე შესწორებებიც შეიტანეს, უფრო ზუსტად ეს ელვის სიმბოლოს შეეხებოდა…
ლოგოს სხვა ვერსიებს კი შავ-თეთრ ფერებში ვნახავთ — „ჩვენ ხშირად ვაუმჯობესებთ დიზაინებს ჩვენივე პროდუქტების ვიზუალისა და შეგრძნების დასახვეწად. სწორედ ამიტომ ხედავთ ახლა მესინჯერის განახლებულ ფერთა პალიტრას“.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამ ამბავს მეტას CEO მარკ ცუკერბერგის კომენტარს უკავშირებს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას მეტად მასკულინური ენერგია სჭირდებოდა…
საინტერესოა, რომ ადრე Messenger Facebook Chat-ის სახელით იყო ცნობილი და მხოლოდ 2014 წელს მოგვევლინა ცალკე აპლიკაციად. მესინჯერის ლოგოს გრადიენტული ფერები ჩაშვებისას ზუსტად შეეფერებოდა Facebook-ის იმდროინდელი ლოგოს ფერებს. 2020 წელს კი მესინჯერის რებრენდინგი შემოგვთავაზეს, მეტი ფერი დაემატეს და სწორედ ასე ვხედავდით მას მანამ, სანამ მეტა არ გაალურჯებდა…
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფერებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს — მესინჯერის აპლიკაციის ფერთა გადასვლები ლურჯიდან იასამნისფერში და სტაფილოსფრიდან ვარდისფერში, Facebook-სა და Instagram-ს შორის კავშირზე მიგვითითებდა. მიუხედავად ამისა, მეტამ არ მოგვცა საშუალება მესინჯერი ცალკე აპლიკაციად გამოგვეყენებინა და მკაცრად მიგვანიშნა, რომ ეს Facebook-ის ნაწილი იყო. ფერის ცვლილების ამბავიც ამ იდეას უკავშირდება.
„Messenger Facebook-ის შეტყობინებების აპლიკაციაა და ეს კავშირი ახლა ამ ფერით კრისტალივით მკაფიო გახდა“, — ვკითხულობთ Messenger-ის ბრენდბუქში.