თუ მეტას დავუჯერებთ, მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები Facebook-ისა და Messenger-ის ზარებზე ყოველდღიურად ჯამურად 7 მილიარდ წუთს ხარჯავენ. ამიტომ, მათთვის არსებული გამოცდილების გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სულ ახლახან კი გავიგეთ, რომ Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატება, ზოგიც ისეთი, რომელსაც მომხმარებლები თავად ითხოვდნენ მეტასგან…
ამიტომ, ქვემოთ დეტალურად გაგაცნობთ AI ფონების, HD ვიდეოზარების, ხმაურის ჩახშობის, ვიდეოშეტყობინების დატოვების, ხმის იზოლაციისა და ხელების გარეშე ტელეფონით სარგებლობის ფუნქციებს.
AI ფონი ვიდეო ზარის დროს
ჯერ კიდევ სექტემბერში გავიგეთ, რომ მესენჯერის ჩატის თემატიკების პერსონალიზება შეგვეძლო უნიკალური, AI-ის მიერ გენერირებული სურათებით, რომლებსაც, თავის მხრივ, Meta AI გვთავაზობდა. მალე კი AI ფონების გამოყენებას Messenger-ის ვიდეოზარებისთვისაც შეძლებთ.
პერსონალიზებული AI ფონის შესაქმნელად ეფექტების ნიშნულს დააკლიკეთ ვიდეოზარების გვერდით არსებულ ჩანართში, შემდგომ კი Backgrounds აირჩიეთ.
HD ვიდეოზარები და ხმაურის ჩახშობა
იმისათვის, რომ მომხმარებლებს მკაფიო, მაღალი ხარისხის ზარები პირდაპირ მესენჯერიდან შესთავაზონ, აპლიკაციას HD ვიდეოზარებს, ხმაურის ჩახშობასა და ხმის იზოლაციას ამატებენ. ამ ყველაფრით კი ციფრულად საუბარი ნამდვილს დაემსგავსება ისე, რომ გაგრძნობინოთ, თითქოს ყველა ერთ ოთახში ხართ შეკრებილნი…
HD ჩვეულებრივ ჩაირთვება, როცა ვიდეოზარებს WiFi-ით განახორციელებთ. პირადი ინტერნეტის მოხმარების შემთხვევაში კი ზარების პარამეტრებს უნდა ესტუმროთ და Mobile data for HD video გაააქტიუროთ. ხოლო ხმაურის ჩახშობისა და ხმის იზოლაციის ფუნქციებისთვის კვლავ პარამეტრებიდან მოგიწევთ წვდომის მიღება.
აუდიო და ვიდეოშეტყობინებები
მესენჯერში უკვე შეგეძლებათ მეგობარს, რომელიც ტელეფონს არ იღებს, აუდიო ან ვიდეო ხმოვანი შეტყობინება დაუტოვოთ.
უპასუხო ზარების შემთხვევაში უბრალოდ უნდა დააკლიკოთ Record message-ის ღილაკს და აუდიოშეტყობინება ჩაწეროთ.
დარეკვა და შეტყობინების გაგზავნა ხელების გარეშე
როცა ხელები სხვა საქმით გაქვთ დაკავებული ან ტელეფონი თქვენგან შორს დევს, შეგიძლიათ Siri-ს სთხოვოთ, ზარების განხორციელებასა თუ შეტყობინებების გაგზავნაში დაგეხმაროთ. რაღაც ასეთი უთხარით: Hey Siri, send a message to Cassandra on Messenger, შემდგომ კი თავად შეტყობინების შინაარსი უკარნახეთ.