18
Jul
2019

“მესტუმრე” საქართველოში – More Studio-ს ბრენდინგი ტურისტული სტარტაპისთვის

18 Jul 2019

“მესტუმრე” ქართული ტურისტული პროექტია, რომელიც თბილისის სტუმრებს ქალაქის დაფარულ ღირსშესანიშნაობებს აცნობს. სტარტაპი თათა სამხარაძემ და ანა ბურდულმა შექმნეს და ტურისტებს განსხვავებული კონცეფციის ტურებით იზიდავენ. ცოტა ხნის წინ, დიზაინ სტუდიამ More Studio “მესტუმრეს” ბრენდინგი შექმნა. ბრენდინგის ფარგლებში, დამზადდა ლოგოტიპი და სხვადასხვა მიმართულებით გაიშალა. ლოგოს კონცეფცია ასო “M”-ია, რომელსაც აქვს ხელი, რაც სიმბოლურად ქართულ სტუმართმოყვარეობას გამოხატავს.

“მესტუმრეს” ბრენდინგზე More Studio-ს თანადამფუძნებელი და გრაფიკოსი დიზაინერი, რუსლან ბერიძე, გვესაუბრა.

“მართალია, ჩვენ მიჩვეულნი ვართ დიდ კლიენტებთან მუშაობას, ხშირად ეს უმსხვილესი კომპანიებია თავის სფეროში. თუმცა, მაინც ვაკეთებთ გამონაკლისებს. მიგვაჩნია, რომ პატარა ბიზნესს საქართველოში სჭირდება დახმარება. ვფიქრობთ, რომ მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს არის ხალხი, ვინც იღებს რისკებს, ხალხი, ვისაც სურს რაღაცის კეთება. ჩვენი სტუდიაც პატარა ბიზნესია. სამწუხაროდ, ყველას ვერ დაეხმარები, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ბიზნეს იდეა არის კარგი ან თვითონ ბრენდინგი შეიძლება გამოვიდეს საინტერესო, მაშინ ჩვენს პოტფოლიოსაც ემატება კიდევ ერთი კარგი პროექტი. როგორც წესი, ვიღებთ ასეთ პროექტებს. ასე მოხდა “მესტუმრეს” შემთხვევაშიც. მოგვეწონა სახელიც და ბიზნეს კონცეფციაც.”

M: ბრიფსა და შესრულებაზე უფრო ვრცლად გვიამბეთ…

სამუშაო პროცესი ძალიან მარტივი და სასიამოვნო აღმოჩნდა. კლიენტს თავიდან ჰქონდა იდეა, რომ ლოგოტიპი და საფირმო სტილი უნდა ყოფილიყო ძველებური, მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილში. ჩვენ ეს იდეა თითქოს ლოგიკური მოგვეჩვენა. თუმცა მუშაობის დაწყებისას მივხვდით, რომ ამოცანას უნდა მივუდგეთ სტრატეგიულად. უფრო სწორი იქნებოდა რომ ლოგოტიპი თანამედროვე და ემოციური ყოფილიყო. რადგან ნებისმიერი ტურისტი სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პოზიტიური ემოცების ძიებაშია. ცხადია, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ამით არის ცნობილი. ასე გაჩნდა ცოცხალი ასობგერა “მ”- ის იდეა რომელიც მიესალმება სტუმარს. დიზაინში რამე ტიპის ძველებურ ორნამენტებზე ვთქვით უარი. ამის ნაცვლად ავაწყეთ თანამედროვე სტილის წარწერა -“მესტუმრე”, ხოლო საფირმო სტილში შევაგროვეთ ბევრი ძველებური ფოტო სურათი. მერე კი მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები და როგორც ვიცით, ტურისტული სფეროსთვის დახმარება გახდა აქტუალური და აუცილებელი. ჩვენც ვთლით, რომ ასეთი ურთიერთდახმარება არის ძალიან სწორი და ასეც უნდა იყოს.

M: რას მოიცავს “მესტუმრეს” კონცეფცია?

“პროექტ „მესტუმრეს“ იდეა თბილისში არსებული დაფარული დეტალებისა და მითებისგან წამოვიდა. მთავარი მიზანი არის ამ ყველაფრის გაზიარება, სიღრმეების შესწავლა, იმ ადამიანებისა თუ ნაგებობების აღმოჩენა, რომლებიც დაგვეხმარებიან გავეცნოთ და ვეზიაროთ კულტურას და დავინახოთ ჩვენივე არსებული მდგომარეობა. თუ როგორ მოდის ქაოსიდან ის კულტურული დეტალები, რაც ახლა ჩვენ გვაქვს. მათ შორის, შეცდომებიდან წამოსული მნიშვნელობები, რაზეც თაობები აღიზარდნენ. „მესტუმრე“ გთავაზობთ განსხვავებულ ტურებს თბილისში. ხალხს აქაურობა სწორედ დამალული დეტალებით გვინდოდა გაეცნო და ალბათ ამიტომაც რაღაც ალტერნატივას მივადექით. თბილისი ბევრ დეტალს ინახავს, ჩვენ კი ისტორიებს ვაცოცხლებთ და გადმოგვაქვს ცხოვრებისელ მაგალითებზე. უსიტყვო ტურიც კი გვაქვს, მუსიკალური ტური, რომელიც მთლიანად ემოციებზეა აწყობილი. ტური, სადაც რამოდენიმე საათით შენი გიდი და მეგზური, ქართული მუსიკა ხდება. ასევე „ტერაკოტაში“ გვაქვს თბილისური საღამოები სხვადასხვა თემატიკით, სადაც ვთავაზობთ უცნაურ და ამავდროულად ძალიან ნაცნობ ქართულ გემოებს. კერძები, რომლის ინგრედიენტები დიდი გულმოდგინებით და სიყვარულით ირჩევა, იქამდე, სანამ თქვენამდე მოვა, – გვიამბობენ “მესტუმრეს” დამფუძნებლები.

განხილვა