in

Meta: 2022 წლის შეჯამება

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს Meta-ს განვლილ თვეებს შევაჯამებთ. მისი აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კოკოლიშვილი, მიმდინარე წლის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმებს გვიზიარებს.

„წელს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება მოხდა მეტაში, აქამდე სააგენტოს მართვა თანადამფუძნებლების მიერ ხდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის მე-2 კვარტლიდან სააგენტოში CEO იქნა დანიშნული. ამას კი თავისთავად განახლებული პროცესები მოჰყვა სააგენტოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო თვეები დიდწილად დაეთმო არსებული პოზიციის ანალიზსა და სტრატეგიულ დაგეგმარებას, სერვისების მოდიფიკაციას; დასრულდა მეტას ვიზუალური ბრენდინგი და დეკემბრის ბოლოს განახლებული ვებგვერდიც ეშვება.

ასევე, დამკვეთების კუთხით სააგენტოს არაერთი წარმატებული პერფორმანს ქეისი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულების კლიენტებისთვის — მათ შორის, სვის კაპიტალი, ბილაინი, Onoff.ge, ლიბერთი ბანკი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იგრძნობოდა 2022-ში პოსტპანდემიური რთული პერიოდი, რაც თავისთავად გამოწვევას ქმნიდა კლიენტების კუთხით, განახლებული სტრატეგიითა და სერვისებში შეტანილი ცვლილებებით, სააგენტომ მაინც მოახერხა, მიეღწია მიმდინარე წლისთვის დასახული გეგმებისთვის, რაც ცალსახად პოზიტიური ზრდით გამოიხატა წინა წელთან შედარებით.

მიმდინარე წელს ერთ-ერთი გამოწევა იყო დისტანციურ რეჟიმში გუნდის წარმატებული მუშაობა, რაც თითოეული მენეჯერისა და ერთგული თანამშრომლის დამსახურებით ნამდვილად მოხერხდა. უბრალოდ, გადაფასდა არსებული სამუშაო რეჟიმიც, ორგანიზაციული კულტურისა და მოტივაციის კუთხით. 2023-ის სამუშაო გარემო კი დიდწილად ოფისური ცხოვრებით იქნება შემოფარგლული.

2022-მა კიდევ ერთხელ გვანახა რამდენად საჭიროა ცვლილებებისა და სიახლეებისთვის მზად ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ციფრული სააგენტო ხარ. ის, რაც კლიენტებს ყოველთვის სჭირდებათ, სტაბილურად მზარდი ტრენდია, ამ ტემპს კი სწრაფი ადაპტაციის უნარის გარეშე კომპანია ვერ გაჰყვება… ყოველდღიურად იცვლება და იხვეწება სარეკლამო პლატფორმები, იზრდება კონკურენცია, სააგენტო კი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს კლიენტებისთვის განახლებული სტრატეგიის შეთავაზებისა და არსებულ სერვისებში ცვლილებების შეტანისთვის.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა ბაზარზე 2021-ის ბოლოს გამოჩენილმა ტენდენციებმა — NFT-ისა და Crypto-ს ბუმმა, Metaverse-ის იდეამ. შესაბამისად, უამრავ კომპანიას დასჭირდა ამ მიმართულებით რეკლამირება, სტრატეგიული დაგეგმვა, სააგენტოებს კი ამ ინდუსტრიების სიღრმისეულად კარგად შესწავლა მოუწიათ. უნდა ითქვას, რომ გაზრდილი მოთხოვნის პერიოდში მეტა სააგენტოს ამ ინდუსტრიებში დაგროვილმა გამოცდილებამ საკმაოდ დიდი უპირატესობა მისცა.

მნიშვნელოვანი იყო Google Ads Search-ში Expanded Text Ad-ების გაუქმება, რაც ქართული კომპანიებისთვის ნიშნავდა იმას, რომ ახალ რეკლამებს მხოლოდ ინგლისურ ენაზე შექმნიდნენ.

მიმდინარე წელს კიდევ უფრო ნათლად აისახა Apple iOS-ის კონფიდენციალურობის ცვლილებები Meta-ს პლატფორმაზე რეკლამირებისას, რასაც დინამიკური ცვლილებები მოჰყვა პლატფორმაზევე. ამან კი კომპანიებისა და სააგენტოებისთვის თავისთავად წარმოშვა თარგეთირების ახალ მეთოდებზე ფიქრისა და ტესტირების საჭიროება.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია (საშუალოდ 18%-ით) მოთხოვნაც ჩეთბოტების ინდუსტრიაში, ახლა უკვე მცირე და საშუალო ბიზნესებშიც აქტუალური ხდება ჩეთბოტებისა და CRM-ების ავტომატიზაცია. მაგალითად, ამ წელს უკვე არაერთ კომპანიასთან მოგვიწია ამ მიმართულებით კოლაბორაციაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ცვლილებები თითქმის ყოველდღიურია, მთავარია რამდენად სწრაფად და სტრატეგიულად სწორად ადაპტირდება სააგენტო.

2023-ში სააგენტოში აქტიურად დაიწყება მიმდინარე წელს დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება: განახლებული სამუშაო გარემო, ცვლილებები ორგანიზაციულ კულტურაში. სიახლე იქნება უშუალოდ სააგენტოს პოზიციონირებაშიც, უკვე წლებია, აქტიურად ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს თარგეთირებული ლიდების დაგროვებაში, საქართველოში მოცემულ მომენტამდე არც ისე პოპულარულია ლიდების სტრუქტურული გენერირების მიმართულება და ბევრმა კომპანიამ დღემდე არ იცის რამდენად დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს რესურსების ამ მიმართულებით გამოყენება. ლიდების გენერაციის კუთხით გვსურს, რომ ძალიან მალე ნიშური პრეცედენტიც შევქმნათ, რისთვისაც უკვე მზად ვართ. ამასთან, მოხდება გარკვეული პროდუქტების დახვეწა სხვადასხვა პლატფორმასთან კოლაბორაციით და ახალი სერვისების ინტეგრაცია. ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რასაც გუნდთან ერთად ეტაპობრივად ვახორციელებთ და, ვფიქრობ, 2023-ში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ სააგენტოს წინსვლისთვის“.

ჰაიდაუთში ახალ წელს Robag Wruhme დაუკრავს!

2022 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 43 მილიონი ლარი აუნაზღაურა