in

სააგენტო meta-ს დირექტორი ლევან კოკოლიშვილი გახდა

meta agency-ის ისტორია დაიწყო იმით, რომ ორი ქართული სააგენტო, Advertwise და Mr.Wolf, გაერთიანდა. მას შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობას სამი დამფუძნებელი – მერაბ გოცირიძე, ნიკა გაბუნია და დავით ხარიტონაშვილი ინაწილებდა. ისინი თანაბრად იყვნენ ჩართულები აღსრულების ნაწილშიც. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიამ CEO-ს პოზიციაზე გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი ლევან კოკოლიშვილზე შეაჩერა.

მერაბ გოცირიძე: „ლევან კოკოლიშვილი, დაახლოებით 2 წლის წინ შემოგვიერთდა და პირველივე დღიდან, სააგენტოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ის ჩართული იყო და არის, როგორც გუნდის ერთიანობის ჩამოყალიბებაში, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უზრუნველყოფაში. მისი კომპანიისადმი ერთგულება, იყო საწინდარი იმისა, რომ ექაუნთ მენეჯერობიდან მან ჯერ სენიორ ექაუნთ მენეჯერად გადაინაცვლა, შემდეგ – ექაუნთ დირექტორად”.

დავით ხარიტონაშვილი: ,,ლევანი უკვე აპრილის თვიდან, meta-ს დირექტორი იქნება. ვფიქრობ, ქართული სააგენტოების ისტორიაში იშვიათი პრეცედენტია, რამეთუ მოვიდა როგორც ექაუნთ მენეჯერი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა და ამავე კომპანიაში CEO გახდა.”

ნიკა გაბუნია: ,,დარწმუნებულები ვართ, რომ ლევანი კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აწევს ჩვენს ურთიერთობას და ახლა უკვე ლევანის CEO-ობასთან ერთად ვეცდებით მეტი მწვერვალი დავიპყროთ და მეტ შედეგებს მივაღწიოთ”

M: ლევან, როგორი იყო შენი კარიერული გზა meta-ს დირექტორობამდე?

„მეტა სააგენტომდე“ მრავალფეროვანი ძიების გზა გამოვიარე. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მდჯომს მეც ის ნაცნობი ფიქრი მჭამდა, სად მემუშავა, რა მეკეთებინა, რომელ ქვეყანაში მეცხოვრა. ვცადე ციფრული მარკეტინგი, ტურისტული კომპანიები, ქვეყანაც დავტოვე და სასტუმროს ინდუსტრიაში, დუბაიში გადავცხოვრდი რამდენიმე თვე. 

კითხვაზე – „რა მინდა ვაკეთო?“ ასეთი პასუხი ვიპოვე – მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ, რას გრძნობ. მივხვდი, გამოწვევების გადალახვითა და განვითარების შეგრძნებით ვიკვებებოდი. თუ არ გამოდის? ცნობილი პასუხია – არ დანებდე!

18 წლის ასაკში ამავე სააგენტოში გასაუბრებაზე ვიყავი და კონკურენციიდან გამომდინარე წარუმატებლად გავიარე. მას შემდეგ, სხვა ინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, არ ვწყვეტდი ციფრული მარკერტინგის მიმართულებით განვითარებას, 4 წლის შემდეგ კი სიამოვნებით დავთანხმდი პირველ შემოთავაზებას meta-სგან, ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

მივხვდი, რომ ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც გამოცდილების მისაღები წამზომი მინიმუმ ორჯერ უფრო სწრაფად ტრიალებდა, ვითარდებოდა საერთაშორისო დონის ინოვაციური მარკეტინგული მიდგომები, ჯანსაღი პრინციპი კი – „არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს, ვისწავლი და გამომივა“ წარმოუდგენლად ფასობდა.

ჯანსაღი გარემოსა და ამ მიდგომის გამო, შემდეგ იყო სენიორ ექაუნთ მენეჯერობა, ექაუნთ დირექტორობა, საინტერესო ლოკალური და საერთაშორისო პროექტები, გუნდების მართვის გამოცდილება, ბოლოს კი CEO-ს პოზიცია.

M: რას უკავშირდება შენი, როგორც დირექტორის, გეგმები?

პირველ რიგში, გეგმა ჯანსაღი პრინციპების შენარჩუნებაა, რითაც სააგენტო დღემდე წარმატებით მოვიდა. აქტიურად ვმუშაობთ გუნდების ახლებურ ფორმირებაზე, ინოვაციური პლატფორმების დანერგვაზე, რაც პერფორმანს მარკეტინგულ სერვისებს კიდევ უფრო დახვეწავს და მეტი წარმატებული ლოკალური თუ საერთაშორისო პროექტებისთვის მოამზადებს.

meta agency-ში ცვლილებაა ექაუნთ დირექტორის პოზიციზეც, რომელსაც ამიერიდან, მარიამ ობოლაშვილი დაიკავებს.

მერაბ გოცირიძე: „აღსანიშნავია მარიამის საქმისადმი თავდადება. ექაუნთ მენეჯერობიდან, ის ჯერ სენიორ ექაუნთ მენეჯერი გახდა. ახლა კი, ექაუნთ დირექტორობის პოზიციაზე გადაინაცვლა. გვჯერა, მისი ჩართულობით, ჩვენი სერვისის სისწრაფე და ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

WINDFOR’S-მა Google-ის ოფიციალური პარტნიორობა მოიპოვა – რას ნიშნავს ეს?

„მოედანი“ – ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი…