„მეტა სააგენტოს“ ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს. საერთაშორისო მასშტაბებზე გაფართოებაში გუნდს თიკო მაღრაძე დაეხმარება. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის პარალელურად, სააგენტოს სტრატეგიულ განვითარებაზე, პორტფოლიოს დივერსიფიცირებასა და კომპანიის გლობალურ ბაზარზე ოპერირებაზე იზრუნებს.
ამ კუთხით კი თიკო მაღრაძემ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. განათლებით NYU Stern ბიზნესსკოლის მაგისტრია, ინოვაციების, მეწარმეობისა და სტარტაპ-განვითარების კუთხით. არის PhD კანდიდატი ბიზნესფსიქოლოგიის მიმართულებით. ასევე, სტენფორდის უნივერსიტეტის ინოვაციური პროექტის სტრატეგიული და საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნეს სტრატეგიული და რისკების მართვის /კომუნიკაციის კონსულტანტი, სტარტაპ-მენტორი, კომერციული ორგანიზაციების ტოპ-მენეჯმენტში 15-წლიანი გამოცდილებით. მისი შეფასებით, „მეტა სააგენტოს“ დიდი პერსპექტივა აქვს, რომ გლობალური დამკვეთები შეიძინოს. როგორია განვითარების სამომავლო ხედვა, თიკო მაღრაძემ გაგვიზიარა.
M: პირველ რიგში, გვიამბეთ, რით იყო თქვენთვის საინტერესო მეტა სააგენტოს მმართველი პარტნიორობა და როგორ შედგა თანამშრომლობა?
აშშ-ში ორწლიანი ცხოვრებისა და სწავლის პარალელურად, მომიწია რამდენიმე კომპანიისა და პროექტის სტრატეგიული განვითარების და კომერციალიზაციის მიმართულებით კონსულტირება/მენტორობა. ამასთან ნიუ-იორკში დავაარსეთ ქართულ-ამერიკული ბიზნეს-კლუბი, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქართული ბიზნესის გლობალურ ბაზარზე ეფექტურად წარდგენის კუთხით. ამ პროცესში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ბიზნესის გლობალიზაციის, მისი წარმატებული განვითარების და ზოგადად ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს – არის ციფრული მარკეტინგი. ამიტომაც, როდესაც ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, პრიორიტეტულ ინდუსტრიად – სწორედ ციფრული მარკეტინგი ავირჩიე, სადაც მეტა სააგენტო საკმაოდ საინტერესო ისტორიით, გამოცდილი პროფესიონალებით და რაც მთავარია სწორი მენეჯერული ხედვით გამოირჩევა. ჩვენი თანამშრომლობა დისტანციურად დაიწყო და საბოლოოდ შევჯერდით იმ ძირითად პრიორიტეტებზე და სტრატეგიაზე, რაც ჩემთვისაც და მეტასთვისაც ორმხრივად მისაღები აღმოჩნდა.
M: საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, როგორია თქვენი შეფასება – რა პერსპექტივა აქვს და რა სჭირდება სააგენტოს გლობალურ მასშტაბზე გასასვლელად?
ზოგადად ინდუსტრია საერთაშორისო ბაზარზე ცალსახად მზარდი ტრენდით გამოირჩევა. ციფრული მარკეტინგი აქტუალობას არ კარგავს, რადგან ბრენდები სულ უფრო მეტად ცდილობენ გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავებას, ამის ყველაზე ეფექტური გზა კი – როგორც ხარჯის, ასევე შედეგის კუთხით – სწორად დაგეგმილი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიაა. აქედან გამომდინარე, საქართველოში ოპერირებადი ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელსაც ექნება წვდომა გლობალურ ბაზარზე პარტნიორობის, სერვისის გაყიდვის და სხვადასხვა სახის კოლაბორაციის კუთხით – საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი კომპანიის სახით შეძლებს პოზიციონირებას. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, ცოდნა, გუნდი და კავშირები საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც ამ ეტაპზე სააგენტოსაც და მეც, როგორც მის მმართველ პარტნიორს – საკმაოდ კარგი რესურსის სახით გვაქვს წარმოდგენილი.
M: როგორია თქვენი ხედვა და გეგმები, ამ სტრატეგიის მისაღწევად?
ამ ეტაპზე, განვითარების გეგმის დამუშავება რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ. ადგილობრივი ბაზრის ანალიზის საფუძველზე აღმოვაჩინეთ ქართულ რეალობაში არსებული საჭიროებები და გეფები და ვმუშაობთ კონკრეტული ინდუსტრიების, ბიზნესის ზომის, ბაზარზე პოზიციონირების კუთხით კლასტერული სერვისის შექმნაზე, ასევე განვიხილავთ რამოდენიმე პროექტს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერების და მათი მასშტაბირების მიმართულებით და პარალელურად ვცდილობთ სოციალური პროექტების მიმართულებით ციფრული მარკეტინგის როლის უფრო ეფექტურად პოზიციონირების გეგმაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბით სააგენტოს წარდგენას, აქ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან სერვისის გაყიდვის შესაძლებლობებზე, ხოლო გლობალურ პარტნიორებთან კოლაბორაციით, იგეგმება ინოვაციური პლატფორმებისა და სერვისების, ასევე AI ინტეგრაციის კუთხით პროცესების გამარტივების მიმართულებებზე აქტიური მუშაობა.
ჩვენი მიზანია, რომ მეტა სააგენტო პოზიციონირდეს, როგორც მარტივად ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება ნებისმიერი სახის ბიზნესის სწორად და შედეგიანად პოზიციონირებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ამისათვის ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ შიდა თუ გარე რესურსს, მოწინავე გამოცდილებას ციფრული პლატფორმების მართვის მიმართულებით და გლობალურ კონტაქტებს, რომელიც სააგენტოს და მის ამჟამინდელ თუ მომავალ პარტნიორებს გაგვაჩნია.
[R]