in

Meta-ს ახალი AI აგენტი შენს ციფრულ საქმეებს თავად გააკეთებს

Lenovo
Lenovo

Meta-მ ახალი პერსონალური AI აგენტი, Muse, წარადგინა, რომელსაც მომხმარებლის სახელით დამოუკიდებლად შეუძლია სხვადასხვა ციფრული საქმის შესრულება; მათ შორის ელფოსტის გაგზავნა, მოგზაურობის დაჯავშნა, ვებფორმების შევსება, ონლაინ ანგარიშებთან მუშაობა და გარკვეულ შემთხვევებში მომხმარებლის სახელით მოლაპარაკებაც კი.

Muse აშშ-ში ცალკე iOS და Android აპის სახით გამოდის, ასევე ხელმისაწვდომია ვებვერსიაში და WhatsApp-შიც მუშაობს. Meta-ს გეგმაში მისი AI სათვალეებთან ინტეგრაციაც შედის. ძირითადი ფუნქციები უფასოა, ხოლო უფრო ხანგრძლივი და რთული დავალებებისთვის ფასიანი გეგმებიც იქნება.

აგენტი მომხმარებლის თანხმობით უკავშირდება ელფოსტას, ონლაინ ანგარიშებს, გადახდის საშუალებებსა და სხვა სერვისებს. მაგალითად, Instagram-ზე შენახული რეცეპტის მიხედვით შეუძლია პროდუქტების სიის მომზადება, ვახშმის მენიუს შეთავაზება, სტუმრების კვებითი შეზღუდვების გახსენება და მოსაწვევების გაგზავნაც.

უფრო რთულ დავალებებზე Muse მუშაობას აპლიკაციის დახურვის შემდეგაც აგრძელებს. Meta-ს მაგალითებს შორისაა ავტომობილის გაყიდვისას უკეთეს ფასზე მოლაპარაკება ან ანგარიშის შემცირების მცდელობა. ასეთ პროცესში აგენტი მომხმარებელს მხოლოდ მაშინ უბრუნდება, როცა ახალი ინფორმაცია ჩნდება ან კონკრეტული მოქმედებისთვის თანხმობა სჭირდება.

შესყიდვებისას Muse-ს შეუძლია Stripe-ის მიერ შექმნილი Link საფულე გამოიყენოს. სისტემა ერთჯერად ბარათს აგენერირებს, რათა რეალური საბანკო ბარათის მონაცემები დამალული დარჩეს.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რამდენად მზად არიან ადამიანები, Meta-ს მსგავსი დონის წვდომა მისცენ?

კომპანიას მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ისტორია აქვს და AI აგენტის შემთხვევაში რისკიც უფრო დიდია, რადგან სისტემა მხოლოდ ინფორმაციას კი არ კითხულობს, არამედ რეალურ მოქმედებებსაც ასრულებს. შეცდომამ შეიძლება გავლენა იქონიოს ელფოსტაზე, ანგარიშებზე, რეპუტაციაზე ან ფინანსურ ტრანზაქციებზე.

Meta ამბობს, რომ Muse-ის საუბრები და ვირტუალური გარემოს მონაცემები სარეკლამო სისტემებს არ გადაეცემა. მომხმარებელს ასევე შეუძლია თავად განსაზღვროს, რომელ აპებთან ექნება Muse-ს წვდომა და რა დონეზე. მაგალითად, ელფოსტის შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ წერილების წაკითხვის უფლება მისცეს ან გაგზავნის შესაძლებლობაც დაუმატოს.

წვდომის შეცვლა და კონკრეტული სერვისის გათიშვა ნებისმიერ დროს შეიძლება. Meta ასევე ამბობს, რომ მომხმარებელს შეუძლია Muse-ს კონკრეტული ინფორმაცია დაავიწყოს და სურვილის შემთხვევაში საკუთარი მონაცემების AI მოდელების გასაწვრთნელად გამოყენებაზეც უარი თქვას.

უსაფრთხოებისთვის თითოეულ მომხმარებელს ცალკე Muse Secure VM, ანუ ვირტუალური მანქანა აქვს საკუთარი ბრაუზერით, სადაც აგენტი მუშაობს და საჭირო მონაცემებს ინახავს. მოგვიანებით Meta გეგმავს ამ გარემოს სრულ დაშიფვრასაც, ისე რომ გაშიფვრის გასაღები თავად მომხმარებელს ჰქონდეს.

Muse-ის პარალელურად კიდევ ერთი AI აგენტი, Sentinel, აკონტროლებს მის მოქმედებებს. მისი მიზანია, ინტერნეტში არაფერი გავიდეს შესაბამისი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე და საჭირო მომენტში მომხმარებლის ნებართვა მოითხოვოს.

Meta-ს თქმით, Muse უშუალოდ ვერ ხედავს პაროლებსა და გადახდის მონაცემებს. ისინი დაცულ საცავში ინახება და აგენტი მათ გამოყენებას ისე ახერხებს, რომ თავად ინფორმაცია არ გამოაჩინოს. მგრძნობიარე მოქმედებებამდე, მაგალითად ელფოსტის გაგზავნამდე ან შესყიდვამდე, მომხმარებლის დამატებითი თანხმობაც საჭიროა. ასევე ხელმისაწვდომია მოქმედებების სრული ისტორია, სადაც ჩანს, რა გააკეთა აგენტმა და რას აპირებს შემდეგ.

Muse Meta-ს უფრო ფართო AI სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ ბოლო პერიოდში დიდი თანხები დახარჯა ძლიერი AI მოდელების, გამოთვლითი ინფრასტრუქტურისა და მკვლევრების მოსაზიდად. პერსონალური AI აგენტები კი ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეტას უკვე ჰყავს მილიარდობით მომხმარებელი Facebook-ში, Instagram-სა და WhatsApp-ში.

Muse-ის წარმატება საბოლოოდ მხოლოდ მის შესაძლებლობებზე არ იქნება დამოკიდებული. მთავარი გამოცდა ნდობაა: რამდენ ადამიანს ექნება სურვილი, AI-ს მისცეს ელფოსტაზე, ანგარიშებზე, გადახდებსა და ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაზე ისეთი წვდომა, რომელიც აქამდე ძირითადად თავად მომხმარებლის ხელში რჩებოდა.

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს