Meta საოცარ სიახლეს გვიზიარებს და CICERO-ს გაშვების შესახებ განცხადებას ავრცელებს, საუბარია პირველ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც სტრატეგიული სამაგიდო თამაშის Diplomacy-ს მოგება შეუძლია. თუ გავიხსენებთ, რომ კონკრეტული თამაში ურთიერთნდობას, კომპრომისსა და გუნდურ მუშაობას მოითხოვს, ეს AI-ს ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოვა.
„ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გზა განვლო და აჩვენა, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს ჭადრაკის ოსტატებს, Alpha Go-სა და პოკერს. CICERO-ს დახმარებით კი განსხვავებული ამოცანების შესრულებაც შესაძლებელი ხდება, მას AI სათამაშო მაგიდიდან რეალური სამყაროს აპლიკაციებში გადმოჰყავს“, — აცხადებენ მეტაში.
რა არის CICERO?
ის რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც იყენებს სტრატეგიული ფიქრისა და დახვეწილი დიალოგის მოდელებს, რათა შემოგვთავაზოს საუბრები, რომლებიც ბუნებრივად ჟღერს. იმ მომენტიდან, როცა თამაში დაიწყება, CICERO გარემოს აანალიზებს და ქმედებების პოტენციურ კურსს განსაზღვრავს. ამ ყველაფერს კი სხვა მოთამაშეებთან რეალური ინტერაქციის დროს აკეთებს იმ მიზნით, რომ მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს.
ციცეროს კონტროლირებადი დიალოგის მოდელი საშუალებას აძლევს მას, ისაუბროს ისე ბუნებრივად და გამართულად, როგორც ამას ჩვეულებრივ ადამიანები აკეთებენ. ამის მისაღწევად კი მეტას გუნდმა მოწყობილობა 2.7 მილიარდ პარამეტრზე გაწვრთნა, რომელიც ინტერნეტიდან არის აღებული და შემდგომში იგი webDiplomacy.net-იდან 40 000-ზე მეტ ადამიანურ ინტერაქციასაც შეუსაბამა.
უამრავი რაუნდის თამაშის შემდგომ, ციცერომ თავისი სტრატეგიული გამოთვლებით ადამიან კონკურენტებსაც აჯობა. მან თამაშისას 2-ჯერ მეტი საშუალო ქულაც კი მოიპოვა. გამოდის, ძლიერი სტრატეგიული ფიქრის უნარის მქონე AI მოდელებისა და ბუნებრივი ენის გაერთიანებით, მეტას CICERO-ს შეუძლია, ნებისმიერ ვირტუალურ თუ ადამიან მოთამაშეს აჯობოს.
რას გეგმავს Meta CICERO-სთან დაკავშირებით?
ახლა მეტას ციცეროს განვითარება აქვს მიზნად დასახული, ანუ კომპიუტერული აგენტის, რომელსაც შესანიშნავი მოლაპარაკებების უნარი აქვს. მეტა ადამიანებსა და AI-ის შორის კომუნიკაციის გამარტივებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამ ტექნოლოგიას უნდა შეეძლოს ადამიანების დახმარება ახალი უნარის შესწავლაში ან ვიდეო თამაშებში ჩართვა, სადაც AI მოთამაშეები ადამიანებივით საუბრობენ. ამასთან, მათ უნდა გაიაზრონ, რა უნარები აქვს მოთამაშეს, რა მოტივი ამოძრავებს მას და შესაბამისადაც იმოქმედოს.
მართალია, ეს შესანიშნავი ინოვაციაა, მაგრამ სხვების მსგავსად, მასაც გარკვეული რისკები ახლავს თან. შესაძლოა, იგი მანიპულირებისთვის ან ადამიანთა შეცდომაში შეყვანისთვის გამოიყენონ, რაც კონტექსტის მიხედვით, საშიშიც კი შეიძლება გამოდგეს… თუმცა კარგი ის არის, რომ მეტა ამ კუთხით უკვე მუშაობს და ტოქსიკურ შეტყობინებებსაც ბლოკავს.