Meta ცდილობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენტებს დაეწიოს და ამ მიზნით, ახალი AI-ინსტრუმენტი Muse Code წარადგინა. ეს არის აგენტი, რომელიც დეველოპერებს დიდი და კომპლექსური პროგრამული პროექტების მართვასა და განვითარებაში დაეხმარება.
ამჟამად Muse Code ბეტავერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ინსტრუმენტს შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის სრული საინჟინრო ამოცანების შესრულება დიდი კოდის ბაზების ფარგლებში: ცვლილებების დაგეგმვა, კოდის დაწერა და მიღებული შედეგების შემოწმება.
Muse Code ერთი ბრძანებით ინსტალირდება და მუშაობს Meta-ს მიერ ადრე წარმოდგენილ კოდირების მოდელ Muse Spark-ზე.
დიდ პროექტებზე მუშაობისას სისტემა რამდენიმე დამოუკიდებელ AI-აგენტს ქმნის, რომლებიც სხვადასხვა ამოცანას პარალელურად ასრულებენ. თითოეული აგენტი იზოლირებულ სამუშაო გარემოში მუშაობს, რის გამოც პროგრამისტის ძირითადი კოდის ასლი ხელუხლებელი რჩება. Meta-ს თქმით, შიდა ტესტირებისას სისტემამ ერთდროულად ვიდეოთამაშისთვის ექვსი სხვადასხვა ფუნქცია შექმნა ისე, რომ მათ შორის კონფლიქტი არ წარმოქმნილა.
ახალი პროდუქტის საშუალებით Meta ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს AI-კოდირების ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა OpenAI-ს Codex და Anthropic-ის Claude Code.
კომპანია ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ივნისში Meta-მ ასევე წარადგინა ბიზნესებისთვის განკუთვნილი AI-აგენტიც, რომელიც მომხმარებელთა მომსახურებისა და მხარდაჭერის პროცესების ავტომატიზაციას ემსახურება.












