AI-ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი სათვალეები სულ უფრო პოპულარული ხდება და ტექნოლოგიური კომპანიები მათ მომავალ პერსონალურ ასისტენტებად განიხილავენ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტი Ray-Ban Meta AI Glasses-ია, რომელიც Meta-მ და Ray-Ban-ის მფლობელმა კომპანია EssilorLuxottica-მ 2023 წლის ბოლოს წარადგინეს.
ბოლო მონაცემებით, Meta-ს ჭკვიანი სათვალეების 7 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა, ხოლო მსგავსი მოწყობილობების განვითარებაზე უკვე მუშაობენ Google, Samsung და Apple.
რა შეუძლია Meta-ს AI-სათვალეს?
სათვალე ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი Ray-Ban-ისგან, თუმცა მასში ინტეგრირებულია კამერები, მიკროფონები, დინამიკები და ხელოვნური ინტელექტი, რაც მომხმარებელს სხვადასხვა ფუნქციაზე ხმოვანი ბრძანებებით წვდომის საშუალებას აძლევს.
მოწყობილობას შეუძლია:
- ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება;
- სატელეფონო ზარების განხორციელება;
- მუსიკისა და პოდკასტების ჩართვა;
- ტექსტისა და საუბრის თარგმნა რეალურ დროში;
- კითხვებზე პასუხის გაცემა გარემოში არსებული ობიექტების შესახებ;
- მიმართულებებისა და ლოკაციების მოძიება;
- რეკომენდაციების შეთავაზება;
- შეხსენებების შექმნა.
განსხვავებით AR სათვალეებისგან, ინფორმაცია ლინზებზე არ გამოისახება. სისტემა მომხმარებელს ინფორმაციას აუდიოფორმატით აწვდის, რაც საშუალებას იძლევა, გარემოს დაკვირვება და ინფორმაციის მიღება ერთდროულად მოხდეს.
სასარგებლო ფუნქციები მოგზაურებისთვის
მოგზაურობის დროს AI სათვალე რამდენიმე მოწყობილობის ფუნქციას აერთიანებს: გზამკვლევის, თარჯიმნის, აუდიოგიდისა და სმარტფონის.
განსაკუთრებით ეფექტურია:
- ისტორიული და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიღება;
- უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა;
- რესტორნის მენიუს წაკითხვა და ახსნა;
- ვალუტების კონვერტაცია;
- ნავიგაცია ხმოვანი მითითებების საშუალებით.
ამ ფუნქციების წყალობით მომხმარებელს აღარ სჭირდება მუდმივად ტელეფონის ეკრანის ყურება, რაც ქალაქის გაცნობას უფრო ბუნებრივ პროცესად აქცევს.

რამდენად სანდოა AI?
მიუხედავად იმისა, რომ სათვალე ბევრ კითხვაზე სწორ პასუხს იძლევა, ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი შეცდომებიც გვხვდება.
პრობლემა არა იმდენად შეცდომაშია, რამდენადაც იმაში, რომ სისტემა პასუხებს სრული თავდაჯერებით გასცემს, მაშინაც კი, როცა ინფორმაცია ზუსტი არ არის. ამიტომ ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, მნიშვნელოვანი ფაქტები დამატებით გადაამოწმონ.
ეს გამოწვევა AI სისტემებისთვის ახალი არ არის და დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
კამერის შესაძლებლობები
სათვალის კამერა ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას იძლევა, თუმცა ფუნქციონალი სმარტფონების კამერებთან შედარებით შეზღუდულია. მომხმარებელს არ შეუძლია ხელით ფოკუსის ან ზუმის კონტროლი, ხოლო სათვალის მცირე გადახრაც კი კადრის არასწორად დაფიქსირებას იწვევს.
კონფიდენციალურობის საკითხი
Meta-ს AI სათვალეების ყველაზე სადავო მხარე კონფიდენციალურობაა.
რადგან კამერები ჩაშენებულია სათვალეში, ადამიანებისთვის ხშირად რთულია იმის განსაზღვრა, მიმდინარეობს თუ არა გადაღება. სწორედ ამ მიზეზით მოწყობილობა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.
მედიაში უკვე გავრცელდა შემთხვევები, როდესაც მსგავსი სათვალეები ადამიანების ცოდნისა და თანხმობის გარეშე ვიდეოების გადასაღებად გამოიყენეს. დამატებით, კითხვებს აჩენს ისიც, თუ როგორ მუშავდება და ინახება მოწყობილობის მიერ შეგროვებული მონაცემები.
მომავალი უკვე ახლოსაა
Ray-Ban Meta AI Glasses აჩვენებს, თუ როგორი შეიძლება გახდეს ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების მომავალი. მოწყობილობა ნამდვილად ამარტივებს მოგზაურობას, ინფორმაციის მოძიებასა და კომუნიკაციას, თუმცა, ამავე დროს, აჩენს კითხვებს ინფორმაციის სიზუსტისა და პირადი სივრცის დაცვის შესახებ.
სწორედ ამ ორ ფაქტორს შორის ბალანსის პოვნა განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა AI-სათვალე ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ჩვეულებრივ ატრიბუტად, როგორიც დღეს სმარტფონია.














