Meta-მ გუშინდელ პრეზენტაციაზე მთელი რიგი ახალი პროდუქტების შესახებ ისაუბრა, თითოეული მათგანი კი ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. როგორც წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელი ეს ძალისხმევა მომხმარებლებს შორის კავშირებისა და ზოგადად კრეატიულობის გაძლიერებას უკავშირდება — ეს არის გარდაქმნის გზა, თუ როგორ იურთიერთებენ ადამიანები როგორც ტექნოლოგიებთან, ისე ერთმანეთთან.
AI ასისტენტი
უპირველეს ყოვლისა, Meta AI სასაუბრო ასისტენტის სახით წარმოგვიდგება, რომელიც ისეთ პლატფორმებში ჩაინტეგრირდება, როგორებიცაა WhatsApp, Messenger და Instagram. ამასთანავე, უახლოეს მომავალში Ray-Ban Meta Smart Glasses-ზე და Quest 3-ზეც ვიხილავთ ამ ასისტენტს. Llama 2-ზე დაფუძნებული მორგებული მოდელის გამოყენებით, ეს პროგრამა რეალურ დროში მიაწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას — თანაც შესაძლებელია როგორც ტექსტური, ისე გამოსახულებითი მოთხოვნის გაგზავნა.
თან ამ AI ასისტენტს ის გამოარჩევს, რომ შემოქმედებით ნაწილშიც შეუძლია დახმარება — კერძოდ, მარტივი მოთხოვნების საფუძველზე, ციფრულ სურათებს დააგენერირებს.
AI გამოსახულების ედიტორი
Emu ტექნოლოგიით აღჭურვილი Restyle მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ფოტოები მარტივად დაამუშაონ. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ ტექსტურად დაწერონ, რისი შეცვლა უნდათ, აღწერონ ვიზუალური სტილი… მაგალითად, შესაძლებელია ფონის გარდაქმნა — თუნდაც ხეები ლეკვებად რომ აქციოთ…
მნიშვნელოვანია, რომ მეტამ გამჭვირვალობის იდეაც გაითვალისწინა — ამ ფუნქციით შეცვლილ ფოტოებზე მითითებული იქნება AI-ის როლიც.
AI ჩეტბოტები
გარდა ამისა, კომპანია უფრო მიმზიდველ და ადამიანურ AI ინტერაქციას იკვლევს. Meta AI-ის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ, 28 სხვადასხვა იდენტობის AI ჩეტბოტთან იურთიერთონ WhatsApp-ზე, Messenger-სა და Instagram-ზე.
ინიციატივა მეტად ცოცხალი გამოცდილების შექმნას უკავშირდება, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ „რეალურ არსებას“ ეკონტაქტებიან. თითოეული იდენტობა კი კულტურული ხატებისა და ინფლუენსერების მეშვეობით იქმნება. საერთო ჯამში, AI პერსონაჟების მრავალფეროვანი კასტი მიზნად ისახავს უნიკალური და სახალისო ინტერაქციის უზრუნველყოფას.
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სტიკერები
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეტამ მოიფიქრა, როგორ გახადოს თავისი სასაუბრო აპლიკაციები უფრო მიმზიდველი სტიკერების მეშვეობით. მათი გენერირება ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე ხდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უკეთესად გადმოსცენ თავიანი გრძნობები, ემოციები თუ განცდები.