ამბავი ასეთია: მეტა Facebook-ისა და Instagram-ის ყველა მომხმარებლისთვის AI თარგმნის ფუნქციას უშვებს და კრეატორებს კონტენტის სხვა ენებზე თარგმნის შესაძლებლობას სთავაზობს, რათა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიაღწიონ.
პირველად ამ ფუნქციის შესახებ გასული წლის მეტას დეველოპერთა კონფერენციაზე განაცხადეს და თქვეს, რომ სატესტო რეჟიმში ამუშავებდნენ კრეატორების ხმის ავტომატური თარგმნის ფუნქციას რილსებში, როგორც Facebook-ში, ისე ინსტაგრამზე.

როგორც ამბობენ, AI თარგმნის ფუნქცია ხმასა და კრეატორის ტონს გამოიყენებს ავთენტური ხმოვანი ასლის შესაქმნელად. ხოლო თარგმანი მეტად ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს და ტუჩის მოძრაობას ემთხვეოდეს, მომხმარებლებს ამისთვის სპეციალური Lip-sync ფუნქციის გააქტიურება შეეძლებათ.
თავდაპირველად ინგლისურიდან ესპანურზე და ესპანურიდან ინგლისურ ენაზე თარგმნას გვთავაზობენ, თუმცა ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტ ენაზე მივიღებთ წვდომას. არსებული კი იმ Facebook კრეატორებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც 1000 ან მეტი მიმდევარი ჰყავთ, ასევე, აქვთ საჯარო ინსტაგრამის ექაუნთი.

ფუნქციაზე წვდომისთვის კრეატორებმა უნდა დააკლიკონ Translate your voice with Meta AI-ს მანამ, სანამ რილსის გამოქვეყნებას გადაწყვეტენ. შემდგომ გააქტიურონ თარგმნის ფუნქცია და აირჩიონ, სურთ თუ არა Lip-sync. სწორედ ამ ეტაპების გავლის შემდეგ შეეძლებათ რილსის გამოქვეყნება, რომელსაც თარგმანი ავტომატურად დაემატება. თუმცა სანამ საჯაროდ ჩაუშვებენ, გადახედვაც შეეძლებათ. მაყურებლები კი ამგვარ კონტენტზე ნახავენ ნიშანს, რომელიც Meta AI-ის მიერ ნათარგმნ ვიდეოზე მიუთითებს მათ.
აღნიშნულ ცვლილებას ინსაითების პანელში ახალი საზომიც მოჰყვა, რომელიც ნახვებს ენების მიხედვით აჩვენებს — ეს მათ დაეხმარება, უკეთ გაიგონ, რამდენად აღწევს კონტენტი ახალ აუდიტორიამდე თარგმნის გზით.

მეტა რეკომენდაციასაც გვაძლევს, რათა ფუნქცია მეტად ეფექტური იყოს — მკაფიოდ უნდა ისაუბროთ და პროცესში ეცადოთ, პირი არ დაიფაროთ ხელით ან რაიმე ნივთით. ფონური ხმაური და მუსიკაც მინიმალურად უნდა ისმოდეს, რათა თარგმნა მაღალი ხარისხით მოხდეს.
ამასთან, Facebook კრეატორებს ვიდეოზე 20-მდე საკუთარი გახმოვანებული აუდიო ჩანაწერის ატვირთვა შეეძლებათ, რათა თავიანთი აუდიტორია ინგლისურენოვანი და ესპანურენოვანი ბაზრების მიღმა გააფართოონ. აღნიშნულზე წვდომას Meta Business Suite-ის Closed captions and translations-ის სექციაში მიიღებენ.











