ტექნოლოგიურ სამყაროში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც სოციალური მედიის პლატფორმები ახალ ფუნქციებს მომხმარებელთა რეალური სურვილების გამო კი არ ამატებენ, ამას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროექტების გასაძლიერებლად აკეთებენ. ამ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Meta-ს მიერ გამოშვებული ახალი აპლიკაცია – Forum-ია. მისი მთავარი მიზანი Facebook-ის პოპულარული ჯგუფების Reddit-ის მსგავს სივრცედ გარდაქმნაა.
Forum, ფაქტობრივად, ჯგუფური დისკუსიებისთვის შექმნილი ცალკეული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლის ყველა Facebook ჯგუფს ერთ სივრცეში აერთიანებს. კომპანიის განმარტებით, ეს არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ღრმა განხილვებისთვის, რეალური პასუხებისა და იმ კომუნებისთვის, რომლებიც ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აპლიკაციაში შესვლა Facebook-ის მონაცემებით ხდება, რის შემდეგაც თქვენს წინაშე თქვენივე ჯგუფები იშლება. აქ შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ დებატებში ან ინტერესების მიხედვით სრულიად ახალი თემები აღმოაჩინოთ. საინტერესოა, რომ ეს ჯგუფები ჩვეულებრივ აგრძელებენ არსებობას ძირითად პლატფორმაზეც – ახალ აპში გაზიარებული ნებისმიერი პოსტი თუ კომენტარი Facebook-ზეც ავტომატურად აისახება.
ამ სიახლის უმთავრესი ფოკუსი მაინც მომხმარებლების წახალისებაა, რომ ჯგუფებში რაც შეიძლება მეტი კითხვა დასვან და სხვებისგან მიიღონ პასუხები. სპეციალური ფუნქცია, სახელად Ask, სხვადასხვა ჯგუფიდან აგროვებს გამოხმაურებებს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული გამოცდილების მქონე წევრებისგან მყისიერი რეკომნდაციები და რჩევები მიიღონ.
რატომ გახდა კითხვა-პასუხის ფორმატი ასეთი მნიშვნელოვანი ახლა?
პასუხი მარტივია, Reddit-ის მთავარი ღირებულება სწორედ კონკრეტულ თემებში გამოცდილი, რეალური ადამიანების მიერ გაცემული პასუხებია. სწორედ ამის გამო გახდა ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი წყარო ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კომუნა თავადვე ფილტრავს და აფასებს ექსპერტულ მოსაზრებებს სპეციალური მოწონებებისა და დაწუნებების სისტემით. ვინაიდან AI ჩატბოტებს აზროვნება არ შეუძლიათ და მათ მიერ გენერირებული პასუხების შინაარსი თავად არ ესმით, ისინი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პასუხებს იმოწმებენ, როგორც მომხმარებლისთვის ყველაზე საიმედო ინფორმაციას.
Meta სწორედ ამ მოდელის გადატანას ცდილობს ახალ აპლიკაციაში, სადაც პასუხების მოწონების რეიტინგი ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს. რაც უფრო მეტად აიძულებს კომპანია მომხმარებლებს პირდაპირი კითხვების დასმას, მით უფრო გაიზრდება მისი AI ინსტრუმენტების ეფექტურობა. მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის პასუხები უმრავლესობისთვის მაინც არ არის განსაკუთრებით ღირებული. მართალია, ისინი ადამიანის მსგავს, გონივრულ პასუხებს აგენერირებენ, თუმცა AI რეალურად ინფორმაციის დამუშავების გარდა Google Search-ის მომავალ საფეხურს წარმოადგენს, რომელიც საკვანძო სიტყვების დახმარებით ეძებს საუკეთესო ვარიანტს.
იმისთვის, რომ ჩატბოტებმა საუკეთესო პასუხები გასცენ, მათ სწორი ორიენტირები სჭირდებათ. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგალითად, ილონ მასკის xAI-ის ჩატბოტ Grok-ისთვის, რომელიც ინფორმაციას პლატფორმა X-ის დისკუსიებიდან იღებს. დროთა განმვლობაში X-ზე მომხმარებელთა აქტივობა იკლებს, ხოლო სპამ-ბოტებისა და გარე გავლენის კამპანიების სიმრავლე საფრთხეს უქმნის მონაცემების სიზუსტეს. თუკი ინტერნეტ-ბოტების არმია პლატფორმას კონკრეტული ნარატივის მქონე კომენტარებით აავსებს, Grok-იც თავის პასუხებში ამ დამახინჯებულ რეალობას ასახავს, რადგან სისტემას არ აქვს მექანიზმი, სხვადასხვა მოსაზრებას განსხვავებული წონა მიანიჭოს. სწორედ ამიტომ, X ახლა დიდ ძალისხმევას ხარჯავს სპამისა და უსარგებლო კონტენტის ამოსაძირკვად, რათა მათ ჩატბოტის პასუხები არ მოწამლონ.
Meta-ც ზუსტად ამ გამოწვევის წინაშე დგას – მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც დასვამენ მეტ შეკითხვას, რათა ამ ბაზაზე დაყრდნობით ხელოვნურმა ინტელექტმა სწორი პასუხების ამოცნობა ისწავლოს. Forum აპლიკაცია ზუსტად ამ მიზნით აშენდა.
მთავარი კითხვა კი ისაა, რეალურად სურთ თუ არა მომხმარებლებს ეს სიახლე, თუ Meta უბრალოდ ხელოვნურად ცდილობს ამ აქტივობის სტიმულირებას საკუთარი მონაცემთა ბაზების შესავსებად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანებმა მასობრივად დაიწყონ ახალ აპლიკაციაში გადასვლა, როდესაც მათ Facebook-ზე ისედაც აქვთ წვდომა ჯგუფებზე, სადაც ქცევის მრავალწლიანი ჩვევები აქვთ ჩამოყალიბებული. თუმცა, თუკი მენეჯმენტი მიზნად მყარად დაისახავს AI მოდელების გაუმჯობესებას, მათ შესაძლოა მომხმარებლები აიძულონ კიდეც, რომ აქტივობები და კითხვა-პასუხის პროცესი ამ ახალ, ცალკეულ აპლიკაციაში გადაიტანონ. ეს სოციალურ აპლიკაციებში ახალი და საკმაოდ მასშტაბური ტენდენციის დასაწყისია – პლატფორმები ცდილობენ, მომხმარებელთა ქცევა მათ მოთხოვნებზე მეტად, საკუთარ ბიზნესსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს მოარგონ.
წყაარო: Socialmediatoday













