ტექსტისა და გამოსახულების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, Meta ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აგრძელებს განვითარებას და AudioCraft-ს წარმოგვიდგენს. ამ ახლად გაშვებულ AI ხელსაწყოს მაღალი ხარისხის, რეალისტური აუდიო და მუსიკალური ფაილების შექმნა შეუძლია, რასაც მარტივი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე აკეთებს.
პროგრამა სამ ძლიერ მოდელზეა დაფუძნებული: MusicGen, AudioGen და EnCodec. პირველი მათგანი მეტას საკუთრებაში არსებული და ლიცენზირებული მუსიკითაა გაწვრთნილი; ხოლო AudioGen — საჯარო ხმის ეფექტებით, რათა სხვადასხვა აუდიო ხმის გენერირება შეძლოს. რაც შეეხება EnCodec-ს, მას მაღალი ხარისხის მუსიკის შექმნა შეუძლია.
ინდუსტრიაში მეტი ღიაობისა და თანამშრომლობის მიზნით, მეტა ამ მოდელებს ღია წყაროების სახით უშვებს, რათა მკვლევრებმა და პრაქტიკოსებმა საკუთარი ვარიანტების შექმნა მარტივად შეძლონ, თავიანთი მონაცემთა ნაკრების გამოყენებით. ამასთან, AudioCraft-ის მიზანია, მუსიკის შექმნის რთული პროცესი მეტად გაამარტივოს ნებისმიერი მსურველისთვის, რაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის.
როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს AI მოდელი მრავალმხრივი ინსტრუმენტი იქნება მუსიკოსებისა და ხმის დიზაინერებისთვის — შეძლებენ, ახალი კომპოზიციები დააგენერირონ, მიიღონ შთაგონება, მთელი პროცესი კი მაქსიმალურად დააჩქარონ. მთლიანობაში, მეტაში სჯერათ, რომ AudioCraft ახალი ტიპის თანამედროვე ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება…