Edits-ის აპლიკაცია გლობალურად ჩაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრეატორებს საშუალება აქვთ, თვალი ადევნონ ვიდეოების იდეებს, მიიღონ ინსპირაცია ახალი კონტენტისთვის და გამოიყენონ დამატებითი ეფექტები თუ AI ხელსაწყოები. აპლიკაცია, როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ Edits-ის ჩაშვებისას ყველა ფუნქციაზე წვდომას მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ, თუმცა, მომდევნო ვერსიებში ფასიან ფუნქციებსაც შეხვდებით.
ეს ამბავი კი მაშინ დაიწყო, როცა ამერიკაში ტიკტოკის აკრძალვას CapCut-იც მიაყოლეს… მეტამ კი დრო იხელთა და აპლიკაციის ჩაშვებით კრეატორებს მოკლე ფორმატის კონტენტის შექმნის ახალი ხელსაწყო შესთავაზა. მხოლოდ ინსტაგრამისა და Facebook-ისთვის კი არა, ნებისმიერი პლატფორმისთვის. შესაძლოა, აქ მეტა TikTok-სა და Youtube Shorts-აც მოიაზრებდეს…
CapCut-ის კონკურენტ აპლიკაციას მისგან ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი განასხვავებს — Edits სიმბოლოების გარეშე გადმოტვირთვის საშუალებას უფასოდ გაძლევთ, როცა ამისთვის CapCut Pro-ს უნდა გადაუხადოთ.
რაც შეეხება თავად ფუნქციებს, Ideas ახალი ვიდეოებისთვის შემოგთავაზებთ იდეებს, როცა Projects ერთ სივრცეში განსხვავებული ნამუშევრების დაორგანიზებაში დაგეხმარებათ. Inspirations კი ტრენდული მუსიკით მოგამარაგებთ. აქვე შეგხვდებათ Green screen, რომლითაც ვიდეოს ფონს ჩაანაცვლებთ. ამას ემატება Timeline-იც, რაც უკვე ვიდეოების დაორგანიზებაში დაგეხმარებათ.
Animate კი ხელოვნური ინტელექტით სტატიკურ სურათებს ვიდეოებად გარდაქმნის, როცა Cutouts კონკრეტულ ობიექტებს განაცალკევებს. ხოლო მას შემდეგ, რაც სასურველ ვიდეოს შექმნით, შეგიძლიათ, პირდაპირ Instagram-სა და Facebook-ზე განათავსოთ, ან ჩვეულებრივ გადმოწეროთ და შემდეგ სხვა პლატფორმებზე ატვირთოთ.
რამდენად მუშაობს თქვენი კონტენტსტრატეგია, Edits-ით ამასაც გაიგებთ, რადგან აპლიკაცია ინსაითებით მოგამარაგებთ. ამჯერად კიდევ ბევრი ფუნქცია აქვს სატესტო რეჟიმში და მომავალში მათთან ერთად ახალი შრიფტების, ტექსტების ანიმაციების, გადასვლების, ხმოვანი ეფექტების, ფილტრებისა და მუსიკის დამატებას გეგმავს…