ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ Meta Connect 2024 კომპანიის ორ დიდ ამბიციას ეხმიანება, ესენია ხელოვნური ინტელექტი და მეტავერსი. შესაბამისად, მარკ ცუკერბერგი Quest-ის ახალ ყურსასმენებზე, Llama AI-ის განახლებაზე, ახალ AR სათვალეზე და მრავალ სხვა სიახლეზე გვესაუბრა, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ:
Orion — „ყველაზე განვითარებული სათვალე მათ შორის, რაც მსოფლიოს აქამდე უნახავს“
მარკ ცუკერბერგის თქმით, ეს კომპანიის „პირველი სამომხმარებლო ჰოლოგრაფიული AR სათვალე“ იქნება. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ მსუბუქია, თვალისა და ხელის მონიტორინგსაც მოიცავს, თუმცა ჩაშვება მალევე არ იგეგმება.
Meta Quest 3S 299 დოლარად გამოდის
როგორც ხედავთ, ეს მოდელი Quest 3-ის ძვირიანი ვარიანტის ალტერნატივად გამოდგება — 128-გიგაბაიტიანი სათვალის ფასი 299$ იქნება, ხოლო 256-იანის 399$. უკაბელო მოწყობილობა თავსებადია Quest-ის აპლიკაციებსა და თამაშებთან. აქვე გვხვდება შერეული რეალობის ფუნქციებიც.
ღონისძიებიდან ისიც გავიგეთ, რომ Quest 3-ის ფასი 649$-დან 499$-მდე შემცირდება. ხოლო Quest 2-ისა და Quest Pro-ს არსებული მოდელები წლის ბოლომდე გაიყიდება, შემდეგ კი ახალი აღარ გამოვა.
Meta AI-ის ხმა დაემატა
ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, დასვან კითხვა ან გაესაუბრონ Meta AI-ს ხმამაღლა Messenger-ის, Facebook-ის, WhatsApp-ის ან Instagram-ის საშუალებით და, სანაცვლოდ, სიმულირებული ხმოვანი პასუხები მიიღონ. თავად ციფრული ხმოვანი ასისტენტი კი რამდენიმე ვარიანტით გამოვა, მათ შორის ცნობადი სახეების ხმებსაც მოისმენთ (Dame Judi Dench, John Cena, Awkwafina, Kristen Bell, Keegan-Michael Key).
Meta-ს Llama 3.2 AI მოდელი ჩაეშვა
ჩათვალეთ, რომ მულტიმოდალური გახდა, მას ახლა სქემებისა და გრაფიკების ინტერპრეტაცია, სურათებისთვის სახელის დარქმევა და მარტივი აღწერილობის საფუძველზე სურათზე ობიექტების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. Llama 3.2 11B და 90B ვერსიებით რუკასაც ჩახედავს და გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება კონკრეტულ ადგილამდე მისვლას, კომპანიის შემოსავლებსაც დაგითვლით და თუ გსურთ, იმასაც გეტყვით, რომელი იყო ყველაზე წარმატებული თვე.
თუმცა EU-ს შეზღუდვების გამო, მასზე წვდომა ევროპაში შეზღუდული იქნება…
Ray-Ban-ის Meta სათვალეს AI ვიდეო და Reminder ემატება
უფრო კონკრეტულად, რეალურ დროში AI ვიდეოს დამუშავება იმას ნიშნავს, რომ Ray-Ban-ის Meta სათვალეს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რას ხედავს თქვენ წინ. აქვე გვხვდება სმარტფონის მსგავსი Reminder-ის ფუნქციაც. ინგლისურისა და ფრანგულის, იტალიურისა და ესპანურის Live თარგმანი. ამასთან, მუსიკალური აპლიკაციების სრულ ინტეგრაციასაც გვპირდებიან, იქნება ეს Amazon Music, Audible თუ iHeart Radio.
Meta AI ვიზუალით ძიებას იწყებს
AI უკვე ჩვენს მოთხოვნებს სურათებზე დაფუძნებითაც უპასუხებს, დაარედაქტირებს კიდეც ფოტოებს AI უკუკავშირით, რომელსაც მას მომხმარებელი მიაწვდის. მეტიც, მათი გაზიარება Instagram Stories-შიც შეეძლება.
Facebook Feed-ზე მეტ AI-ს შეხვდებით
შესაძლოა, აქამდეც ბევრ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტს ნახულობდით, ახლა კი თავად Facebook შემოგთავაზებთ მას: სპეციალურად შექმნის ისეთ კონტენტს თქვენთვის, რომელზეც ჩათვლის, რომ, შესაძლოა, დაგაინტერესოთ…
კრეატორების კონტენტის თარგმნის ტესტირებები იწყება
აქ მეტა AI თარგმნის ხელსაწყოებს გამოიყენებს და კრეატორის კონტენტის თარგმნილ ვერსიას შექმნის ისე, რომ ვიდეოში საუბრის მანერას შეესაბამებოდეს. ამ ეტაპისთვის ცდები ამერიკაში ტარდება, რაც ინგლისურიდან ესპანურ ენაზე თარგმნას მოიცავს.
Meta Connect 2024-ს სრულად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ, უყუროთ: