in

ინსტაგრამის მიმოწერები აღარ დაიშიფრება – End-To-End-Encryption ფუნქციას Meta აუქმებს

Meta-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინსტაგრამის პირად შეტყობინებებში დაშიფვრის End-to-end-encryption ფუნქციას სამუდამოდ აუქმებს. სიახლე ძალაში 2026 წლის 8 მაისის შემდეგ შევა, რის შემდეგაც ეს შესაძლებლობა საბოლოოდ გაითიშება.

აქამდე Meta მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ მათი პლატფორმები მომხმარებელთა პრივატულობაზე იყო ორიენტირებული. თავად ინსტაგრამზე E2EE ფუნქცია ფართოდ არასდროს დანერგილა. მისი ტესტირება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როგორც მარკ ცუკერბერგის ხედვის ნაწილი სოციალური ქსელების უსაფრთხოების შესახებ. 2023 წლის ბოლოს კი ის ოფიციალურად ჩაეშვა, თუმცა მხოლოდ სურვილისამებრ ჩართვის ფუნქციით და ისიც შერჩეულ რეგიონებში – ის არასდროს ყოფილა პლატფორმის სტანდარტული, ნაგულისხმევი პარამეტრი. კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ფუნქციისადმი დაბალ ინტერესს ასახელებენ და განმარტავენ, რომ მომხმარებელთა ძალიან მცირე ნაწილი ირჩევდა მიმოწერების დაშიფვრას, რის გამოც, მომდევნო თვეებში ფუნქცია სრულად ამოიღება.

აქამდე, თუ ეს ოფცია ჩართული გქონდათ, მიმოწერის წაკითხვა ან ზარების მოსმენა მხოლოდ საუბრის ორ მონაწილეს შეეძლო. ეს შინაარსს საიმედოდ იცავდა როგორც სამთავრობო უწყებებისა და სამართალდამცავებისგან, ისე თავად Meta-სგანაც კი. 8 მაისის შემდეგ, ინსტაგრამის შეტყობინებები სტანდარტულ ფორმატს დაუბრუნდება. ტექნიკურად, Meta-ს კვლავ ექნება წვდომა მიმოწერებზე შინაარსის მოდერაციისა თუ სხვა შიდა მიზნებისთვის.

რაც შეეხება უკვე არსებულ დაშიფრულ ჩატებს, მომხმარებლები უშუალოდ აპლიკაციაში მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ 8 მაისამდე ინფორმაციისა და გაზიარებული ფაილების ჩამოტვირთვისკენ მოუწოდებს. Meta-ს ჯერჯერობით საჯაროდ არ განუმარტავს, სამუდამოდ წაიშლება თუ არა ეს დაშიფრული ჩატები დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც გაურკვევლობაში ტოვებს მათ, ვინც ამ ფუნქციას სენსიტიური კომუნიკაციისთვის იყენებდა. ძველი ვერსიის მომხმარებლებს შესაძლოა აპლიკაციის განახლებაც დასჭირდეთ, რათა დაშიფრული ჩატების ექსპორტი მათ წაშლამდე შეძლონ.

ალტერნატივის სახით, Meta პრივატულობაზე ორიენტირებულ მომხმარებლებს WhatsApp-ისკენ ამისამართებს, სადაც ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა ყველა შეტყობინებისა და ზარისთვის ნაგულისხმევად არის ჩართული. ინსტაგრამისგან განსხვავებით, WhatsApp-ის დაშიფვრის არქიტექტურა ხელუხლებელი რჩება და მასზე მიმდინარე პოლიტიკის ცვლილება არ ვრცელდება. გარდა ამისა, პირად, ინდივიდუალურ ჩატებში E2EE ფუნქციას ინარჩუნებს Facebook Messenger-იც, თუმცა ის კვლავ გამორთულია ჯგუფური და ბიზნეს კომუნიკაციებისთვის.

წყარო: cybersecuritynews

27 მარტს სასტუმრო „ტელეგრაფში“ თბილისის მარკეტინგული ფორუმი 2026 გაიმართება

როგორ შევქმნათ ციფრული კალენდრის ფერადი პერსონალიზებული ვერსია NeatoCal-ით