Meta ვიდეორედაქტირების აპლიკაცია Edits-ს ახალ ფუნქციებს ამატებს. ლოს-ანჯელესში გამართულ დახურულ ღონისძიებაზე კომპანიამ წარადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი და აპლიკაციის დესკტოპვერსია, რომელიც აქამდე მხოლოდ მობილურ მოწყობილობებზე იყო ხელმისაწვდომი.
Edits პირველად გასულ წელს გამოჩნდა და ByteDance-ის პოპულარული აპლიკაციის, CapCut-ის პირდაპირ კონკურენტად პოზიციონირდა. ახალი ფუნქციების დამატებით Meta ცდილობს როგორც არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას, ისე ახალი აუდიტორიის მოზიდვას.
Edits-ში ინტეგრირებული AI-ასისტენტი კონტენტკრეატორებს ვიდეოების ანალიზსა და ახალი იდეების გენერირებაში დაეხმარება. იმის დასადგენად, თუ რომელი ტიპის კონტენტი მუშაობს უკეთ და რატომ, ინსტრუმენტი Instagram-ის მონაცემებს გამოიყენებს, მათ შორის, ნახვების რაოდენობასა და აუდიტორიის ჩართულობის მაჩვენებლებს.
ასისტენტი შემქმნელებს შესთავაზებს ვიდეოების ახალ იდეებს, პოპულარულ მუსიკალურ ტრენდებსა და კონტენტის მიმართულებებს, რაც მათ უფრო ხშირად და ეფექტიანად გამოქვეყნებაში დაეხმარება.
Meta ასევე ამზადებს Edits-ის დესკტოპვერსიას, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოების უფრო ზუსტად დამუშავებისა და დიდ ეკრანზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს შეეძლებათ შეუფერხებლად გადაერთონ მობილურსა და კომპიუტერს შორის და ერთი პროექტი სხვადასხვა მოწყობილობაზე გააგრძელონ. ეს ნაბიჯი Edits-ს კიდევ უფრო დააახლოებს CapCut-თან, რომელსაც დესკტოპ-ვერსია უკვე დიდი ხანია აქვს.
ახალი ანალიტიკა და სატესტო ფუნქციები
დღეიდან აპლიკაციაში ჩნდება Beta-განყოფილებაც, სადაც მომხმარებლები განვითარების პროცესში მყოფ ექსპერიმენტულ ფუნქციებს პირველები გამოცდიან და Meta-ს უკუკავშირს გაუზიარებენ.
ამასთან, კრეატორები უფრო დეტალურ სტატისტიკაზეც მიიღებენ წვდომას. მათ შეეძლებათ ნახონ:
- აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემები;
- დღის რომელი მონაკვეთშია მათი აუდიტორია ყველაზე აქტიური;
- რამდენ ხანს უყურებენ მომხმარებლები ვიდეოს;
- რომელ ეტაპზე წყვეტენ ყურებას;
- რამდენი ახალი გამომწერი მოიტანა კონკრეტულმა ვიდეომ.
ტრენდების ძიება და A/B ტესტირება
Edits-ის Inspiration განყოფილებაში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კონკრეტული თემების ძიება, რათა ნახონ, რა ტიპის Reels-ებსა და შაბლონებს ქმნიან სხვა ავტორები პოპულარული ტრენდების გარშემო.
ასევე შესაძლებელი ხდება ერთი და იმავე კონტენტის რამდენიმე ვერსიის შექმნა და შედარება, რათა გამოქვეყნებამდე გაირკვეს, რომელი მათგანი აჩვენებს უკეთეს შედეგს.
Meta-ს ინფორმაციით, Edits-ით შექმნილი კონტენტი საშუალოდ 10%-ით უფრო ხშირად ინახება მომხმარებლების მიერ და 2%-ით უფრო ხშირად ზიარდება, ვიდრე სხვა ინსტრუმენტებით შექმნილი ვიდეოები. კომპანიის მონაცემებით, Instagram-ზე Reels-ის მაყურებელთა ნახევარზე მეტი ყოველდღიურად ეცნობა Edits-ით დამუშავებულ კონტენტს.
Edits უფასოდ არის ხელმისაწვდომი iOS-სა და Android-ზე, ხოლო AI-ასისტენტი და დესკტოპვერსია ეტაპობრივად დაემატება უახლოეს პერიოდში.














