in

Meta-მ LIama 3 გამოუშვა და მას აპლიკაციებში ამატებს

veon
veon

Meta კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს დგამს, რათა თავისივე AI სერვისები პლატფორმაზე პოპულარული გახადოს. კომპანიამ სულ ახლახან გააახლა AI ჩეტბოტი და LIama 3-ის დიდი ენობრივი მოდელი შემოგვთავაზა. ახლა კი მომხმარებლები LIama 3-ით გაძლიერებულ AI ჩეტბოტს მეტას ოთხი მთავარი აპლიკაციის Facebook-ის, Messenger-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის საძიებო ველებში შეხვდებიან. ამასთან ერთად, კომპანიამ ისეთი ახალი ფუნქციებიც ჩაუშვა, როგორებიცაა სურათების სწრაფად გენერირებისა და ვების საძიებო შედეგებზე წვდომის ფუნქციები. 

სიახლეები არც ამით მთავრდება, ახალ meta.ai ვებგვერდსაც უშვებენ… მარკ ცუკერბერგი კი ამბობს, რომ Meta AI, სავარაუდოდ, ყველაზე ჭკვიანი AI ასისტენტია, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

რაც შეეხება LIama 3-ს, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, კომპანიამ ამ ოჯახის ორი მოდელის დებიუტი შემოგვთავაზა — Llama 3 8B, რომელიც 8 მილიარდ პარამეტრს მოიცავს და Llama 3 70B 70 მილიარდი პარამეტრით. ეს პარამეტრები კი AI მოდელების უნარებს განსაზღვრავს, იქნება ეს ანალიზისა თუ ტექსტის გენერირების შესაძლებლობები. ამიტომ, გვეუბნებიან, რომ მათი შედეგები ბევრად გაუმჯობესებული იქნება. თანაც ორივე 24 000 GPU-ს კლასტერზეა გაწვრთნილი…

რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფუნქციებს, მომხმარებლებს თუ ადრე Meta AI-ისთვის შეეძლოთ, რაღაცის დაწერა ან, თუნდაც, რეცეპტი ეთხოვათ, ახლა, მათ ვებთან დაკავშირებული შედეგებიც შეუძლიათ, მოითხოვონ, რომლებსაც Google და Bing უჭერს მხარს. როგორც ამბობენ, სურათების გენერირებაც უფრო სწრაფი გახდება, Meta AI-ს სურათების ანიმაციებად და GIF-ებად ქცევაც შეეძლება. მომხმარებლები იმასაც ნახავენ, თუ როგორ გარდაქმნის AI ხელსაწყო სურათს რეალურ დროში, თანაც AI-ის მიერ გენერირებული ფოტოებიც უკეთესი ხარისხის იქნება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ Meta ახალ მიდგომას ითვისებს და ხელოვნურ ინტელექტს რაც შეიძლება მეტ ადგილზე ხდის ხელმისაწვდომს — საძიებო ველებში, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ჩატებში და მთავარ გვერდზე. როგორც კომპანიაში ამბობენ, პოსტთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ, აი, მაგალითად ჩრდილოეთის ციალის ფოტო რომ ნახოთ, შეგიძლიათ, Meta AI-ის ჰკითხოთ, რომელია საუკეთესო დრო ისლანდიაში სტუმრობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ Meta AI უკვე მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, რამდენიმე ქვეყანაში კი კვლავ ტესტირების ეტაპზეა მანამ, სანამ გლობალურად ჩაეშვება.

ვაგრძელებთ ჩვენი ინდოელი მომხმარებლების ტესტირებებიდან სწავლას. როგორც ჩვენი მრავალი AI პროდუქტისა თუ ფუნქციის შემთხვევაში გავაკეთეთ, მათ საჯაროდ მრავალ ფაზაში და შეზღუდული რაოდენობით ვცდით, — აცხადებენ კომპანიაში.

საინტერესოა ისიც, რომ Meta AI უკვე ხელმისაწვდომია Ray-Ban-ის ჭკვიან სათვალეებზე და, როგორც კომპანიაში ამბობენ, მალე Meta Quest-ზეც დაემატება. თუმცა ჰალუცინაციების საკითხი კვლავ მრავალ კითხვას აჩენს, რასაც მეტაში შემდეგნაირად პასუხობენ:

ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციებს ფუნქციების შესახებ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გაიაზრონ, რომ, შესაძლოა, AI-მ არაზუსტი შედეგები მიაწოდოს მათ. მუდმივად ვუშვებთ განახლებებს და ვაუმჯობესებთ ჩვენს მოდელებს, კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა იგი კიდევ უკეთესად ვაქციოთ.

როგორ იზრდება ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტი 2024 წელს

#AItool – როგორ დავაგენერიროთ ვიზუალები სწრაფად, Prodia-ს დახმარებით