სულ ახლახან მეტამ AI მოდელების ახალი კოლექცია Llama 4 გამოუშვა, რომელიც მოიცავს Llama 4 Scout-ს, Llama 4 Maverick-სა და Llama 4 Behemoth-ს. თითოეული დიდი რაოდენობით ტექსტურ, სურათებისა თუ ვიდეოების მონაცემებზეა გაწვრთნილი, სწორედ ამიტომ უფრო დიდი თვალსაწიერი აქვს და ნაცნობ პრობლემებსაც გვარიდებს თავიდან.
„ეს Llama 4 მოდელები Llama-ს ეკოსისტემის ახალი ეპოქის დასაწყისია“, — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
თუ მეტას შიდა ტესტირებას დავეყრდნობით, Maverick საუკეთესო ზოგადი ასისტენტია, რომელიც შემოქმედებითი წერისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ. თანაც, GPT-4o-სა და Gemini 2.0-საც კი სჯობნის კოდირებაში, დასაბუთებაში, გრძელ კონტექსტში და სურათებშიო… თუმცა, უფრო ახალ მოდელებს, როგორებიცაა Gemini 2.5 Pro, Claude 3.7 Sonnet ან GPT-4.5, არ ედრება… ალბათ, იმიტომ, რომ ამისთვის Behemoth შექმნა, რომელიც STEM უნარებით გამოირჩევა. შესაბამისად, მათემატიკური თავსატეხების ამოხსნაც კარგად გამოსდის.
ახალი კოლექციის ბოლო წევრი Scout-ია, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის დოკუმენტების შეჯამება და კოდების დიდ ბაზებში დასაბუთება. 10 მილიონი ტოკენი აქვს, ანუ საკმაოდ დიდი კონტექსტური ფანჯარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან გრძელ დოკუმენტებზე მუშაობა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. ცალკეულ Nvidia H100 GPU-ზე მუშაობს, როცა Maverick Nvidia H100 DGX-ის სისტემას მოითხოვს.
Maverick-ს მთლიანობაში 400 მილიარდი პარამეტრი აქვს, რასაც ემატება 17 მილიარდი აქტიური პარამეტრი, 128 ე. წ. ექსპერტთან ერთად. ეს პარამეტრები კი, უხეშად რომ ვთქვათ, მოდელის პრობლემის გადაჭრის უნარზე მიუთითებს. რაც შეეხება Scout-ს, 17 მილიარდი აქტიური პარამეტრით, 16 ექსპერტითა და 109 მილიარდი პარამეტრით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ მეტამ Llama 4-ის ყველა მოდელი ისე შექმნა, რომ საკამათო კითხვებს ნაკლებად უპასუხოს, იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური თემები. ამგვარად, „დრამატულად დაბალანსებულ“ მოდელს გვთავაზობენ.
„თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Llama 4 ფაქტობრივი, პრაქტიკული პასუხების მისაღებად, განსჯის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ Llama მეტად პასუხისმგებლობიან მოდელად ვაქციოთ, რათა უფრო მეტ კითხვას უპასუხოს, სხვადასხვა პერსპექტივიდან გაგვაცნოს თემა და არ მიანიჭოს ერთ ხედვას პრიორიტეტი“, — განმარტავენ მეტაში.
მათივე თქმით, კომპანიის აპლიკაციებში არსებული AI ასისტენტები Llama 4-ის მოდელს 40 ქვეყანაში გამოიყენებს, იქნება ეს WhatsApp, Instagram თუ Messenger. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, Scout და Maverick Llama.com-სა და Hugging Face-ზე შეგიძლიათ იპოვოთ, ხოლო Behemoth ჯერ კიდევ საცდელ ფაზაშია.