in

Meta იწყებს პრემიუმგამოწერების ტესტირებას Instagram-ზე, Facebook-სა და WhatsApp-ზე

Meta გეგმავს ახალი პრემიუმგამოწერების ტესტირებას, რომლებიც მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფუნქციებზე წვდომას მისცემს Instagram-ზე, Facebook-სა და WhatsApp-ზე. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ახალი გამოწერები მომხმარებლებს შესთავაზებს მეტ პროდუქტიულობასა და კრეატიულ შესაძლებლობებს, მათ შორის გაფართოებულ AI ფუნქციებს.

კომპანიის განცხადებით, უახლოეს თვეებში Meta თითოეულ აპლიკაციაში შესთავაზებს მომხმარებელს პრემიუმგამოცდილებას, რომელიც მეტ კონტროლს მისცემს კონტენტის გაზიარებასა და კომუნიკაციაზე, ამის პარალელურად, ძირითადი ფუნქციები კვლავ უფასო დარჩება. Meta აღნიშნავს, რომ ჯერ ერთ კონკრეტულ სტრატეგიაზე არ არის შეჯერებული და სხვადასხვა ტიპის გამოწერებსა და პაკეტებს გამოცდის. თითოეულ აპლიკაციას ექნება თავისი უნიკალური პრემიუმფუნქციები.

ამასთან, Meta გეგმავს Manus-ის მასშტაბირებას. ეს არის AI აგენტი, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად შეიძინა და მის ინტეგრაციასაც აპირებს ახალი გამოწერების ფარგლებში.

Meta Manus-ის მიმართ ორმაგ სტრატეგიას იყენებს: ერთი მხრივ, AI აგენტი ინტეგრირდება Meta-ს პროდუქტებში, ხოლო მეორე მხრივ, კომპანია გააგრძელებს Manus-ის დამოუკიდებელი გამოწერების გაყიდვას ბიზნესებისთვის. უკვე დაფიქსირდა, რომ Meta მუშაობს Instagram-ში Manus AI-ს სწრაფი წვდომის დამატებაზე.

გარდა ამისა, Meta გეგმავს AI ფუნქციებისთვის ცალკეული გამოწერების ტესტირებას, მათ შორის Vibes ვიდეოგენერაციისთვის. Vibes არის Meta-ს AI-ზე დაფუძნებული მოკლე ვიდეოების შექმნის ფუნქცია, რომელიც ინტეგრირებულია Meta AI აპში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან და გადაამუშაონ AI-გენერირებული ვიდეოები. მიუხედავად იმისა, რომ Vibes გასულ წელს გაშვების შემდეგ უფასო იყო, Meta ახლა გეგმავს პრემიუმმოდელზე გადასვლას. საბაზისო წვდომა უფასო იქნება, ხოლო დამატებითი ვიდეოების შესაქმნელად საჭირო იქნება გამოწერა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ფასიანი ფუნქციები დაემატება WhatsApp-სა და Facebook-ს, თუმცა Meta-ს ინჟინრების ინფორმაციით, Instagram-ის პრემიუმგამოწერა მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან შეუზღუდავი აუდიტორიის სიები, ნახონ იმ გამომწერების სია, რომლებიც მათ არ აფოლოვებენ და დაათვალიერონ Stories ისე, რომ ავტორმა ვერ დაინახოს.

აღსანიშნავია, რომ ახალი გამოწერები Meta Verified-ისგან დამოუკიდებელი იქნება. კომპანია აცხადებს, რომ Meta Verified-ის გამოცდილებას გამოიყენებს გამოწერების ბიზნესის გასაფართოებლად და ისეთი შეთავაზებების შესაქმნელად, რომლებიც ყოველდღიური მომხმარებლებისთვის, კრეატორებისა და ბიზნესებისთვის იქნება საინტერესო.

Meta Verified ძირითადად კონტენტკრეატორებსა და ბიზნესებზეა გათვლილი და მოიცავს ვერიფიკაციის ნიშანს, 24/7 მხარდაჭერას, საძიებო ოპტიმიზაციას, ექსკლუზიურ სტიკერებს და სხვა სერვისებს. ახალი გამოწერები კი უფრო ფართო აუდიტორიაზე იქნება ორიენტირებული.

სანამ Meta საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ვახსენოთ Snap-ის გამოცდილება. ის ადასტურებს სოციალური ქსელების გამოწერების ბაზრის არსებობას. მისი პროდუქტია Snapchat+, რომლის ფასი თვეში 3.99 დოლარიდან იწყება და უკვე 16 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც 2024 წლის დასაწყისთან შედარებით ორჯერ მეტია.

Meta აცხადებს, რომ გამოწერების ეტაპობრივი დანერგვისას აქტიურად მოუსმენს მომხმარებლების უკუკავშირს და მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

NASA ასტრონავტებს მთვარის გარშემო გაგზავნას ისევ აპირებს

ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს – გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60