Meta Connect-ის ღონისძიების დროს Meta Quest Pro ოფიციალურად წარადგინეს. Meta-ს უახლესი VR ყურსასმენი უფრო იმერსიულ VR გამოცდილებას გვპირდება — მომხმარებლებს მეტად ავთენტური გზით მუშაობის საშუალებას აძლევს.
თუმცა აქ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, Meta Quest Pro Meta Quest 2-ის მემკვიდრე არ არის. მართალია, მასთან ბევრი საერთო აქვს, მაგრამ სრულიად განსხვავებულ მომხმარებელთა ბაზას მიმართავს. თუ თქვენ ხართ დიზაინერი, ინჟინერი, მეცნიერი ან უბრალოდ ხშირად გიწევთ კოლეგებთან თანამშრომლობა ონლაინ მაშინ, Meta Quest Pro-ს თქვენი დახმარება შეუძლია.
მთავარი კი აქ ის არის, რომ Meta Quest Pro შერეულ რეალობაში გადასვლას გთავაზობთ, რომელიც აერთიანებს ვირტუალური რეალობის სრულ იმერსიასა და გაფართოებული რეალობის დამატებით გამოცდილებას, რომელიც, თავის მხრივ, პიონერულია ისეთი მოწყობილობებისთვის, როგორიცაა Google Glass. ამას კი „სრული ფერის შერეული რეალობის“ მეშვეობით ახერხებს, რომელიც Quest Pro დისპლეისთან ერთად გარე კამერებს იყენებს, რათა ხელახლა შექმნას თქვენი გარემო.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ვირტუალურ მაგიდასთან მრავალი ეკრანით მუშაობთ მაშინ, როცა ხედავთ თქვენს რეალურ სამუშაო მაგიდას ისე ნათლად, რომ შეგიძლიათ კალამი აიღოთ და ყურსასმენის მოხსნის გარეშე ჩანაწერები გააკეთოთ ან მისაღებ ოთახში თქვენს ვირტუალურ მწვრთნელთან ერთად ივარჯიშოთ“, — ამბობს მარკ ცუკერბერგი.

Meta Quest Pro-ს ფასი 1499 დოლარია და ყიდვას 25 ოქტომბრიდან შეძლებთ. იგი მოიცავს ყურსასმენს, Meta Quest Touch Pro კონტროლერებს, სტილუსს, ნაწილობრივი განათების ბლოკებსა და დამტენს. მოწყობილობა 2GB RAM, 256GB მეხსიერებითა და 10 მაღალი რეზოლუციის სენსორით არის აღჭურვილი. ხოლო Meta Quest 2-თან შედარებით, თითო ინჩზე 37%-ით მეტი პიქსელი აქვს. სავარაუდოდ, მსგავსი შესაძლებლობებით იგი კონკურენციას Apple-ის შერეული რეალობის ყურსასმენებს, Apple Glasses-ისა და Google-ის Google AR ყურსასმენებსაც კი გაუწევს.
მართალია, იგი არ არის საშუალო მომხმარებლისთვის გათვლილი, თუმცა Meta-ს სურს, VR სიცოცხლისუნარიანი, თამაშების გარდა, სხვა სფეროებშიც გახადოს. ალბათ, ეს იმასაც გაგრძნობინებთ, თუ რამდენად მიიწევს კომპანია მეტავერსისკენ…














