Meta-მ ახალი AI-სათვალე Ray-Ban Meta Audio წარადგინა, რომელსაც კამერა არ აქვს. მისი ფასი $349-დან დაიწყება.
ახალი სათვალის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი AI-სათვალეების გარშემო არსებული კრიტიკაც გახდა, რომელიც ძირითადად კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ეხებოდა. Meta-ს კამერიანი სათვალეების მომხმარებლები არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ მოწყობილობას სხვა ადამიანების თანხმობის გარეშე ვიდეოს გადასაღებად იყენებდნენ. კამერის გარეშე მოდელს ეს პრობლემა აღარ აქვს და მხოლოდ აუდიოფუნქციებზეა ორიენტირებული.
Ray-Ban Meta Audio-ს საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ მუსიკისა და პოდკასტების მოსმენა, ზარებზე პასუხი, საუბრის თარგმნა და Meta-ს AI-ასისტენტ Muse-სთან კომუნიკაცია.
სათვალე Meta-ს ტექნოლოგიური პარტნიორის, EssilorLuxottica-ს მიერ არის შექმნილი. კამერების არქონის გამო ის კომპანიის სხვა მოდელებზე უფრო თხელი და მსუბუქია, მისი წონა სულ 43 გრამია.
ერთ დატენვაზე მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობა 12 საათამდეა, დამტენ ქეისთან ერთად კი ეს მაჩვენებელი 48 საათამდე იზრდება. სათვალეს ასევე აქვს რეგულირებადი ბოლოები, ცხვირის ბალიშები და სპეციალური სახსრები, რომლებიც ჩარჩოს ზედმეტი გაშლისგან იცავს.
Ray-Ban Meta Audio 23 განსხვავებული ფერისა და ლინზის კომბინაციით იქნება ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს ორი ახალი დიზაინის არჩევაც შეეძლებათ: რეტროსტილის Clubmaster და უფრო კლასიკური, მართკუთხა ფორმის Burbank. სხვა Meta-სათვალეების მსგავსად, ახალი მოდელის შეკვეთა შესაბამისი ოპტიკური რეცეპტითაც იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Meta კამერიანი AI-სათვალეების ახალი თაობასაც გეგმავს.მის Gen 3-ს 12-მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელიც 3K Ultra HD ვიდეოს გადაღებას უჭერს მხარს. მოწყობილობას ასევე აქვს ექვსი მიკროფონი და ერთ დატენვაზე 9 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა.
Meta-ს ყველა AI-სათვალე კომპანიის ახალი პერსონალური AI-ასისტენტის, Muse-ის მხარდაჭერას მიიღებს.
კომპანიამ სხვა ახალი ფუნქციებიც დააანონსა, მათ შორის Dolby Atmos Capture, რამდენიმე კადრიდან საუკეთესო ფოტოს ავტომატურად შერჩევა, პორტრეტის ან ლანდშაფტის რეჟიმის არჩევა, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის აუდიოს გაუმჯობესება, უფრო დეტალური პასუხების მიღების სისტემა, სხვადასხვა აუდიორეჟიმი და მართვის ფუნქციების პერსონალიზაცია.
ის ასევე ამატებს “Private Processing-ს”, ფუნქციას, რომლის მიხედვითაც, კომპანიის განცხადებით, მომხმარებლის მონაცემებზე თავად Meta-ს წვდომა არ ექნება.












