in ,

Meta-ს რეკლამის საფასურის გადახდა უკვე კრიპტოვალუტით გახდა შესაძლებელი

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ სარეკლამო ანგარიშების შევსების სისტემაში ახალი შესაძლებლობა დანერგა. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეკლამის საფასური სტეიბლკოინ USDC-ის გამოყენებით გადაიხადონ. ამისთვის თავსებადია ნებისმიერი ციფრული საფულე, რომელიც ამ კრიპტოვალუტას მხარს უჭერს, მათ შორის ისეთი პოპულარული პლატფორმები, როგორებიცაა MetaMask, Coinbase, Binance და სხვა. პროცესი საკმაოდ მარტივია: გადახდისას მესამე მხარის პარტნიორი კომპანია სტეიბლკოინს ადგილობრივ ვალუტაში აკონვერტირებს, ფინანსურ ანგარიშსწორებას Meta-სთან ახდენს, ხოლო პლატფორმა შესაბამის თანხას ავტომატურად ასახავს სარეკლამო ანგარიშის ბალანსზე.

BOG
BOG

წარუმატებელი პროექტის, Libra-ს შემდეგ, კომპანია კრიპტობაზარზე ფრთხილად, თუმცა თანმიმდევრულად ბრუნდება. დღეს Meta კონტენტის ავტორებს სთავაზობს მონეტიზაციის თანხების კრიპტოვალუტაში მიღებას, ხოლო რეკლამის განთავსების მსურველებს – სარეკლამო ბიუჯეტის ამავე გზით შევსებას. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას ან კრიპტოაქტივების უშუალო მართვას არ გეგმავს. კომპანია არ ყიდის და არ ინახავს სტეიბლკოინებს, არამედ სრულად ეყრდნობა პარტნიორ გადახდის პროვაიდერებს.

როდესაც წლის დასაწყისში ავტორებისთვის კრიპტოგადხდები ამოქმედდა, გაჩნდა ვარაუდები, რომ Meta შესაძლოა ტრადიციული ფინანსური სისტემების გვერდის ავლით საკუთარი გადახდის მეთოდის ხელახლა შექმნას გეგმავდა. თუმცა, კომპანია ამ ეტაპზე აპლიკაციის შიგნით საკუთარი გადახდის სისტემის დანერგვას აღარ ცდილობს და გარე კრიპტოპროექტებთან თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას.

საინტერესოა ისიც, რომ კრიპტოვალუტამ საწყისი მასშტაბური მიმზიდველობა გარკვეულწილად დაკარგა. საბანკო საკომისიოების თავიდან აცილებისა და დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემის შექმნის პირველადი დაპირება უსაფრთხოების რისკებმა და სამართლებრივი მექანიზმების ნაკლებობამ შეცვალა. თუმცა, კონცეპტუალურად, ციფრულმა გადახდებმა შესაძლოა სოციალურ ქსელებში ჩაკეტილი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, სადაც პლატფორმები მომხმარებლებს შიდა გადახდებსა და საბანკო სერვისებსაც კი შესთავაზებენ.

სწორედ ამ მიმართულებით აქტიურობს პლატფორმა X საკუთარი პროექტით X Money, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ფასიანი მომხმარებლებისთვის. ამ ინსტრუმენტით X გეგმავს, იქცეს უნივერსალურ პლატფორმად, სადაც გაერთიანდება სოციალური ურთიერთობები, სიახლეები, შოპინგი და კომუნალური გადასახადების გადახდა. აზიურ ბაზარზე ამ მოდელმა, განსაკუთრებით WeChat-ის მაგალითზე, უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, სადაც აპლიკაცია ციფრული იდენტობის მთავარ ელემენტად იქცა. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებას ცდილობდნენ ამერიკული პლატფორმებიც. ეს გახლდათ მიზეზი, რის გამოც Meta საკუთარი გადახდის ქსელის შექმნას ცდილობდა, თუმცა რეგულაციებმა და მომხმარებელთა დაბალმა ინტერესმა პროექტის განვითარება შეაფერხა. ახლა კი, სხვადასხვა კრიპტოგადახდების დაშვებით, Meta შესაძლოა ალტერნატიულ გზას პოულობდეს იგივე საბოლოო მიზნის მისაღწევად.

წყარო: Socialmediatoday

ავტომობილის უსაფრთხოების ოქროს წესები: 5 დეტალი, რომლებიც მწყობრში უნდა გქონდეთ

თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია