Meta დამატებით ზომებს მიიღებს იმ ექაუნთებისთვის, რომლებიც Facebook-ზე არაორიგინალ კონტენტს ათავსებენ, ანუ მათთვის, რომლებიც სხვის ტექსტს, ფოტოებსა და ვიდეოებს გამუდმებით იყენებენ. თუმცა ეს უბრალო დაპირება არ გეგონოთ, წელს მეტამ უკვე 10 მილიონი პროფილი წაშალა, რომლებიც მსხვილ კონტენტკრეატორებს ჰბაძავდნენ. მეტიც, გარკვეული ზომები მიიღო 500 000 ანგარიშისთვის, რომლებიც “სპამებსა და ყალბ ჩართულობაში” იყვნენ დადანაშაულებულნი.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ YouTube-ის განცხადების შემდეგ გავიგეთ, რომელიც, ასევე, პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა არაორიგინალი კონტენტის მიმართ, იქნება ეს მასობრივად წარმოებული თუ განმეორებითი ვიდეოები. თუმცა YouTube-ის მსგავსად, მეტა არ შეეხება მომხმარებლებს, რომლებიც სხვების კონტენტთან ინტერაქციას გამოხატავენ, მათ შორის ვიდეოებზე პასუხი, ტრენდში ჩართვა თუ საკუთარი ვერსიების დამატებაც მოიაზრება. სანაცვლოდ, კომპანია ყურადღებას ამახვილებს სხვა ადამიანების კონტენტის გადაზიარებაზე, მათ შორის სპამ ანგარიშებზე, რომლებიც თავს ორიგინალ კრეატორად ასაღებენ.

ამგვარად, ანგარიშები, რომლებიც სხვის კონტენტს გამუდმებით იყენებენ, დაკარგავენ წვდომას Facebook-ის მონეტიზაციის პროგრამაზე გარკვეული დროით და მათი პოსტებიც შეზღუდულად გამოჩნდება. როცა Facebook დუბლირებულ ვიდეოებს აღმოაჩენს, ასლების განაწილებასაც შეამცირებს, რათა უზრუნველყოს, რომ თავდაპირველმა კრეატორმა უფრო მეტი ნახვა მიიღოს.

ამასთან, კომპანია ტესტავს სისტემას, რომელიც დუბლირებულ ვიდეოებს ლინკებს დაამატებს და მომხმარებლებს ორიგინალი კონტენტისკენ მიანიშნებს. მართალია, ახლა სიახლეები მხოლოდ ხელახლა გამოყენებულ კონტენტზე ვრცელდება, მაგრამ მომავალში მსგავს ზომებს ხელოვნური ინტელექტის მიმართაც მიიღებენ…
Meta-ს თქმით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დროთა განმავლობაში შევა, მანამდე კი კრეატორებს ადაპტაციისთვის დრო მიეცემათ — თუ ფიქრობენ, რომ მათი კონტენტი კარგად არ ნაწილდება, შეუძლიათ, Facebook-ის Professional Dashboard-ის გვერდზე ნახონ, რატომ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიგონ, არის თუ არა კონტენტის რეკომენდაცია ან მონეტიზაცია საფრთხის ქვეშ, ამას კი Support-იდან მოახერხებენ.













