თუ მეტას დავუჯერებთ, სულ მალე Meta AI განახლდება ჩეტბოტით, რომელსაც თქვენი საუბრებიდან რაღაც დეტალების დამახსოვრება შეეძლება. და თუ რა იქნება ეს, თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და Meta AI-ის უთხრათ, დაიმახსოვროს, მაგალითად ის, რომ მოგზაურობა გიყვართ ან ახალ ენებს შეისწავლით…
ე. წ. მეხსიერების ფუნქცია, რომელიც ძალიან ჰგავს OpenAI-ის ChatGPT-სა და Google-ის Gemini-ს, Meta AI-ის საშუალებას აძლევს, კონტექსტზე დაფუძნებით, მნიშვნელოვანი დეტალები დაიმახსოვროს. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი მას წინა ჩატიდან დაამახსოვრებინებს, რომ ვეგანია და შემდეგ MetaAI-ის საუზმის იდეებს ჰკითხავს, ჩეტბოტი აუცილებლად გაითვალისწინებს აღნიშნულს პასუხების შედგენისას:
თუმცა, როგორც ამბობენ, MetaAI არ დაიმახსოვრებს ჯგუფური ჩატიდან მიღებულ მონაცემებს და მომხმარებლებს უკვე დამახსოვრებული ინფორმაციების ამოშლაც მარტივად შეეძლებათ.
განახლებები ამით არ მთავრდება, თუმცა უფრო ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ ჩეტბოტი ექაუნთის ინფორმაციას პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად გამოიყენებს — ეს ინფორმაცია, შესაძლოა, თქვენი სახლის მისამართსაც მოიცავდეს, რომელიც Facebook-ზე გაქვთ მითითებული ან ვიდეოებს, რომლებსაც ინსტაგრამზე უყურებთ.
„MetaAI პასუხებს იმ პრეფერენციებსა და ინფორმაციებზე დაფუძნებით მოგაწვდით, რომლებსაც გაუზიარებთ. მაგალითად, ის დამეხმარა შემოქმედებითი ზღაპრების მოფიქრებაში, რათა ჩემი გოგონებისთვის მომეყოლა, და თუ კიდევ ვთხოვ ერთი ზღაპრის მოფიქრებას, ემახსოვრება, რომ მათ ქალთევზები უყვართ“, — განმარტავს მარკ ცუკერბერგი, Meta-ს CEO.
თავდაპირველად პერსონალიზებული რეკომენდაციები მხოლოდ ამერიკასა და კანადაში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მომხმარებლებისთვის მისი გამოყენება ნებაყოფლობითი არ გახლავთ, მათ მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვთ: თუ სურთ მეტას პლატფორმები გამოიყენონ, მას უფლება უნდა მისცენ, დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი დეტალები მათივე ცხოვრებიდან.
იმასაც შეგვახსენებენ, რომ მეტას, უფრო ზუსტად კი Facebook-ს, ცოტა ადამიანი ენდობა, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მომხმარებლები ამ სიახლეს უარყოფითად მიიღებენ…