ციფრულ სამყაროში მომხმარებელთა უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა სულ უფრო მგრძნობიარე თემა ხდება. ამის კარგი მაგალითია ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ინსტაგრამიდან სხვა მომხმარებლების პოსტების ხელოვნური ინტელექტით ტრანსფორმაციის ფუნქცია გააუქმა. ეს ნაბიჯი ბაზარზე გამოწვეულმა მძაფრმა პროტესტმა განაპირობა, რადგან ახალი ხელსაწყო, წინასწარი პარამეტრებით, ყველა მომხმარებლისთვის ავტომატურად იყო გააქტიურებული.
სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ თავისი ყველაზე მოწინავე იმიჯ-მოდელი, Muse წარადგინა, რომელიც ფოტო და ვიდეო კონტენტის გენერირებისთვის შეიქმნა. ამ ინოვაციის ფარგლებში დაანონსებული იყო ფუნქციაც, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, სხვისი საჯარო პოსტები ხელოვნური ინტელექტის ვიზუალურ კოლაჟებში ჩაეშენებინათ უბრალო მონიშვნის საშუალებით.
ბუნებრივია, ამ მიდგომამ ინსტაგრამის აუდიტორიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან პლატფორმაზე ამ ხელსაწყოს ბოროტად გამოყენების რისკი ბევრად აღემაებოდა მის პოტენციურ კრეატიულ სარგებელს. წამყვანმა სააგენტოებმაც მყისიერად გამოხატეს შეშფოთება იდენტობის ქურდობისა და უნებართვო გამოყენების საფრთხეებზე და თავის კლიენტებს ამ ფუნქციის სასწრაფოდ გათიშვა ურჩიეს. კომპანიამ საზოგადოების გზავნილი სწორად მიიღო და სულ რაღაც ორ დღეში ფუნქციის გაუქმების შესახებ განაცხადა.
Meta-ს მიზანი სასარგებლო შემოქმედებითი ხელსაწყოს შექმნა და საჯარო კონტნტის მართვაზე კონტროლის მიცემა იყო. თუმცა, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კომპანიამ აღიარა შეცდომა და ფუნქცია საჯარო სივრციდან სრულად ამოიღო.
რთულია იმის მტკიცება, რომ სოციალურმა ქსელებმა საზოგადოებას მხოლოდ პოზიტიური შედეგები მოუტანა. ნეგატიური გავლენის დიდი ნაწილის თავიდან აცილება ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი, პლატფორმებს თავიდანვე უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა რომ აერჩიათ. თუმცა, ვინაიდან საწყის ეტაპზე საფრთხეების მასშტაბი სრულად გააზრებული არ იყო, კომპანიები ძირითადად მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა და სარეკლამო შემოსავლების მოზიდვაზე იყვნენ ფოკუსირებულნი.
სოციალური მედიის ეპოქის დაწყებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, ამ პლატფორმების პოტენციური ზიანი უკვე კარგად არის ნაცნობი. შესაბამისად, მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს უნარი, ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას, მათ შორის ვირტუალურ რეალობასა და ხელოვნურ ინტელექტს, უსაფრთხოების მყარი მექანიზმები მასშტაბურ გაშვებამდე დაუწესოს.
Meta აქტიურად ცდილობს მყარი პოლიტიკური კავშირების დამყარებას ამერიკის ადმინისტრაციასთან, რათა სამთავრობო დონეზე მოიპოვოს მხარდაჭერა იმ სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ, რომლებიც მომავალში ბიზნესის თავისუფალ მოქმედებასა და ახალი ხელსაწყოების დანერგვას შეზღუდავს.
წყარო: Socialmediatoday












