in

როგორ შეიქმნა METI Protein Bar-ის ვიზუალური ბრენდინგი

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

რამდენიმე თვის წინ, ქართულ ბაზარზე პროტეინის ბარი METI გამოჩნდა. ნოყიერი და გემრიელი ბატონი ფერად, მინიმალისტურ შეფუთვაშია მოთავსებული. ამჯერად, ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მოგიყვებით. შემოქმედებითი გუნდის ამოცანა იყო, შეექმნათ გულწრფელი და ადვილად დამახსოვრებადი ვიზუალური ბრენდინგი. საბოლოოდ, შეიქმნა დიზაინი თამამი ფერებით, მინიმალისტური ფორმებითა და „მსუყე“ ტიპოგრაფიით, ხოლო თავად სახელწოდება ბრენდის მთავარ ვიზუალურ საყრდენად იქცა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ლოგოს ქართულენოვანი ვერსიის შექმნა აღმოჩნდა, ქართული წარწერისთვის ზუსტად ისეთივე ენერგია და საერთაშორისო ესთეტიკა შეენარჩუნებინათ, როგორიც ლათინურს აქვს. როგორ შეიქმნა ვიზუალური კონცეფცია და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს? დეტალებზე პროექტის არტ-დირექტორი სოფიო ჩხენკელი და METI-ის დამფუძნებელი, თათული ოქრიაშვილი გვესაუბრნენ.

BOG
BOG

M: სოფიო, როცა პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე, როგორ წარმოგედგინა METI-ის ვიზუალური ბრენდინგი?

სოფიო ჩხენკელი: METI თავიდანვე იმაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი პროტეინის ბარი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ორგანულია და პროტეინით მდიდარი, ჩემთვის ის, პირველ რიგში, თანამედროვე ცხოვრების მეგობარია. დღეს, როცა სულ სადღაც გვეჩქარება, ყოველთვის არ გვაქვს დრო, გემრიელად და ჯანსაღად ვიკვებოთ, ამიტომ ეს იდეა ჩემთვისაც ძალიან ახლობელი და საინტერესო აღმოჩნდა.

მინდოდა, სპორტული კატეგორიის ვიზუალური კლიშეებისთვის გაგვესწრო. ვფიქრობდი, რომ METI უნდა ყოფილიყო ყურადღების მიმქცევი, თუმცა არა აგრესიული – პირიქით, მინიმალისტური, ძლიერი, სხვებისგან გამორჩეული და ძალიან მეგობრული. თავად სახელწოდება “METI” მთელი ბრენდის საფუძველი გახდა. ჩემი მიზანი იყო, ვორდმარკი ყოფილიყო მსუყე, სავსე და ფერადი, ეს ხასიათი კი მთელ ვიზუალურ იდენტობას ორგანულად გაჰყოლოდა.

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

M: რა ინსაითებზე დაყრდნობით მიხვედი  ვიზუალური ბრენდინგის ამ კონცეფციამდე?

სოფიო ჩხენკელი: დღეს, მომხმარებელს არჩევანის გასაკეთებლად ძალიან ცოტა დრო აქვს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არა მხოლოდ შემადგენლობით, არამედ ვიზუალითაც გადმოსცემდეს თავის ნამდვილ ღირებულებას. ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელიც და ვიზუალიც ერთიან, განუყოფელ იდეაზე ყოფილიყო აგებული.

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

დღეს, პროდუქტის მხოლოდ ფუნქციურობა აღარ არის საკმარისი. გადამწყვეტია, რას გამოხატავს ბრენდი და რა ემოცია მოაქვს მას. ამიტომაც გვინდოდა, METI ყოფილიყო მიმზიდველი არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც აქტიურად ცხოვრობს – იქნება ეს ფრილანსერი, ყავის მოყვარული თუ მოგზაური. ეს ყველაფერი მკაფიო ტიპოგრაფიაში, თამამ ფერებსა და მარტივ ფორმებში გადავთარგმნე. თითოეული გემო დამოუკიდებლად მარტივად უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა ერთად ერთიან, დასამახსოვრებელ სისტემას უნდა ქმნიდეს.

მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული ვორდმარკი იყო. ლათინურისგან განსხვავებით, ქართული ასოები უფრო მრგვალი და ფართოა, ამიტომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორივე ენაში ერთი და იგივე ხასიათი და ენერგია შეგვენარჩუნებინა.

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

M: თათული, როგორც ბრენდის დამფუძნებელს, როგორ წარმოგედგინა METI-ის ვიზუალური იდენტობა?

თათული ოქროაშვილი: თავიდანვე მინდოდა, METI ყოფილიყო ფერადი, ცოცხალი და ისეთი ბრენდი, რომელსაც მარტივად, ერთი ნახვით გამოარჩევ. მიხარია, რომ დღეს ის სწორედ ასეთია – ვიზუალურად თამამი, დასამახსოვრებელი და ძალიან ენერგიული.

თუმცა, ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ის, თუ რას წარმოადგენს METI, როგორც ბრენდი. გვინდა ვიყოთ უშუალოები და გულწრფელები – ზედმეტი დაპირებებისა და გადამეტებული მარკეტინგული ტექსტების გარეშე. გვინდა ვიზუალური იდენტობითაც შევახსენოთ ადამიანებს, რომ შეძლებისდაგვარად უპირატესობა მიანიჭონ ნამდვილ საკვებს და მეტი იმოძრაონ.

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

M: როგორია ვიზუალური კონცეფციის სიმბოლური დატვირთვა?

სოფიო ჩხენკელი: METI-ის იდეა ძალიან მარტივია – „მეტი პროტეინი, რომ შეძლო მეტი“. ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ენერგიასა და საკუთარ თავზე ზრუნვას. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ხედვა თათულის ბრიფშიც თავიდანვე ძალიან მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული, რამაც საერთო ენის გამონახვა ბევრად გაგვიმარტივა.

ვიზუალურადაც ზუსტად ამ პრინციპს მივყევი – გამოვიყენე მკაფიო ფერები, მსუყე ტიპოგრაფია და სუფთა ფორმები. მინდოდა, ბრენდი ყოფილიყო მარტივი, გულწრფელი და ადვილად დასამახსოვრებელი, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე.

ფოტო: დეა გაგნიძე

M: სოფიო, შენთვის, როგორც არტ-დირექტორისთვის, როგორია, იმუშაო სეგმენტური კატეგორიის ქართულ ბრენდზე?

სოფიო ჩხენკელი: სამუშაო პროცესი თავიდან ბოლომდე ძალიან ცოცხალი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული იყო. ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ისეთ დამკვეთთან მუშაობა, როგორიც თათულია – პროცესში აქტიურად და კონსტრუქციულად ჩართული. როცა ორივე მხარეს საერთო ხედვა აქვს და ერთმანეთის კარგად ესმის, შედეგიც ყოველთვის ბევრად უკეთესი და ორგანული გამოდის.

მიუხედავად იმისა, რომ METI ქართული ბრენდია, თავიდანვე მიზნად ვისახავდით, მას საერთაშორისო ხასიათი ჰქონოდა – ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ნებისმიერი ქვეყნის მომხმარებელი ბუნებრივად გაიგებდა. პროექტი მასშტაბური კვლევით დავიწყეთ, რაც ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს გულისხმობდა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ბრენდის ხასიათი, ვიზუალური სისტემა და შეფუთვა. ჩემთვის ბრენდინგი მხოლოდ ლოგოს ან შეფუთვის დიზაინი არასდროსაა, ეს არის ცოცხალი სისტემა, რომელიც ბრენდის ხასიათს ქმნის და მომხმარებელს პირველივე შეხედვისთანავე უყვება, თუ ვინ არის ის.

Coca-Cola-ს ბრენდის ახალი იდენტობა მსოფლიო მარკეტინგული სამყაროს განხილვის თემად იქცა

Roamingo – ერთადერთი პლატფორმა საქართველოში, სადაც ინტერნეტპაკეტს სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება