პირდაპირ გეტყვით, UC Davis Health-ში განვითარებული ახალი BCI (Brain-Computer Interface) ტვინის სიგნალებს მეტყველებად 97%-იანი სიზუსტით გარდაქმნის. ახლახან გავიგეთ, რომ მკვლევრებმა იგი ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ALS) მქონე მამაკაცს გადაუნერგეს, რომელსაც მეტყველება მძიმედ დაქვეითებული ჰქონდა — სასურველი სიტყვების სათქმელად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა!
ამგვარად, მარტივი მისახვედრია, რომ ახალი ტექნოლოგია კომუნიკაციის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც არ შეუძლიათ საუბარი პარალიზების ან ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ნევროლოგიური დარღვევების გამო. იგი ტვინის სიგნალების ინტერპრეტაციას გვთავაზობს ზუსტად მაშინ, როცა მომხმარებელი ცდილობს საუბარს, ტექსტად გარდაქმნის კომპიუტერის ეკრანზე, შემდგომ კი კომპიუტერი კითხულობს და ადამიანს ლაპარაკის საშუალებას აძლევს.
„ჩვენი BCI ტექნოლოგია პარალიზებულ კაცს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და მომვლელებთან კომუნიკაციაში დაეხმარა. ეს ნაშრომი ყველაზე ზუსტ მეტყველების ნეიროპროთეზირების მოწყობილობას გვთავაზობს, რომელიც ოდესმე შექმნილა“, — ამბობს დევიდ ბრენდმენი, ნეიროქირურგი.
სისტემის განვითარებაში გუნდს ქეისი ჰერალი დაეხმარა, 45 წლის კაცი, ALS-ის დიაგნოზით. BrainGate-ის კლინიკურ კვლევაში ჩართვისას ჰერალს, ხელებისა და ფეხების სისუსტე ჰქონდა, სამედიცინო ტერმინით რომ გითხრათ, ტეტრაპარეზი. მისი მეტყველება კი დიზართრიით ხასიათდებოდა, რთული იყო გასაგებად და მოითხოვდა ადამიანს, რომელიც ინტერპრეტაციას შეძლებდა.
„პირველად, როცა სისტემა გამოვცადეთ, იგი სიხარულისგან ტიროდა, რადგან სიტყვები, რომლის თქმაც სურდა, სწორად გამოჩნდა ეკრანზე“, — აცხადებენ მკვლევრები.
2023 წლის ივლისში BCI მოწყობილობა გადაუნერგეს, რაც 4 მიკროელექტროდის მოთავსებას გულისხმობს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც მეტყველების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. თითოეული კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ტვინის აქტივობა 256 ელექტროდიდან ჩაიწეროს… პირველი ცდისას სისტემას 30 წუთი დასჭირდა სიტყვების 99.6%-იანი სიზუსტით გადმოსაცემად, თანაც 50-სიტყვიანი ლექსიკონით.
მეორე სესიაში კი ლექსიკონის სიტყვები 125 000-მდე გაიზარდა და 1.4-საათიანი მონაცემებით BCI-მ 90.2%-იან სიზუსტეს მიაღწია. ხოლო, რაც უფრო აგრძელებდა მონაცემების შეგროვებას, ეს მაჩვენებელიც მით უფრო უმჯობესდებოდა და ამასობაში 97.5%-მდეც მიაღწია!
„ახლა ჩვენ შეგვიძლია რეალურ დროში 97%-იანი სიზუსტით შემოგთავაზოთ იმის დეკოდირება, რის თქმასაც ქეისი ცდილობს. ეს კი ბევრად უკეთესია მრავალ კომერციულად ხელმისაწვდომ სმარტფონის აპლიკაციაზე, რომელიც ცდილობს, ადამიანის ხმის ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს. ტექნოლოგია რევოლუციურია, რადგან აჩენს იმედს ადამიანებში, რომელთაც საუბარი არ შეუძლიათ“, — ამბობს ბრენდმენი.
კლინიკური ცდები კვლავ მიმდინარეობს, მასში მონაწილეების მსურველები კი Braingate-ის ვებგვერდს უნდა ესტუმრონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის Neuralink-მა პარალიზებულ ადამიანს ტვინში ჩიპი წარმატებით გადაუნერგა! და ერთ კვირაზე ცოტა მეტია გასული მას შემდეგ, რაც მეორე წარმატებული ექსპერიმენტი ჩატარდა…