პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ხელოვნური ინტელექტი ექსპერიმენტებიდან გლობალური დანერგვის ფაზაში ძალიან სწრაფად გადავიდა. კოდირების ასისტენტები, ავტომატიზებული დოკუმენტაცია თუ ტესტირების ჭკვიანი ხელსაწყოები საინჟინრო გუნდების ყოველდღიურობად იქცა. ამავდროულად, ორგანიზაციები ამ ტექნოლოგიებს ტრადიციული საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების მიღმაც აფართოებენ, ბიზნესის ლიდერების მოლოდინები კი სულ უფრო იზრდება – მათ უფრო სწრაფი შედეგები, მეტი ავტომატიზაცია და ხელშესახები კომერციული სარგებელი სურთ. ფინანსური დირექტორებისთვის მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, შემოვიდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი კომპანიაში, არამედ ის, თუ რამდენად მოაქვს ამ მზარდ ინვესტიციებს რეალური ბიზნეს უკუგება.
ეს ტენდენცია დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს დეველოპერულ გუნდებს, რადგან მათგან რამდენიმე ბიზნეს მიმართულების ერთდროულად მხარდაჭერა მოითხოვება. ტექნოლოგიას შეუძლია საგრძნობლად გაზარდოს მუშაობის ტემპი, თუმცა მეტი კოდი ან მეტი ავტომატიზებული პროექტი თავისთავად უკეთეს ფინანსურ შედეგს არ ნიშნავს. იმისათვის, რომ მენეჯერებმა რეალური პროგრესი უბრალო აქტივობისგან განასხვავონ, სამ ძირითად კითხვას უნდა გასცენ პასუხი: მიეწოდება თუ არა მომხმარებელს გაუმჯობესებული სერვისი უფრო სწრაფად, ინარჩუნებს თუ არა გუნდი ხარისხს და ათავისუფლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი რესურსს უფრო მაღალი ღირებულების საქმისთვის.
სიჩქარე, ხარისხი და ახალი შესაძლებლობები
გაზომვას, რომელიც კონკრეტულ ბიზნეს შედეგს არ უკავშირდება, აზრი არ აქვს, ამიტომ შერჩეული კრიტერიუმები უშუალოდ მმართველობის დონეზე უნდა კონტროლდებოდეს. მიუხედავად ინდუსტრიის სპეციფიკისა, წარმატების შეფასება სამ ძირითად კატეგორიაზე გადის.
პირველი უმნიშვნელოვანესი მეტრიკა სისწრაფეა, რაც გულისხმობს იდეის ჩასახვიდან მის საბოლოო დანერგვამდე გზის მაქსიმალურად შემოკლებას მომხმარებლის სასარგებლოდ. როდესაც ინჟინრებს იდეების პროდუქტად ქცევის ეფექტური ბერკეტი აქვთ, ეს უზრუნველყოფს სწრაფ უკუკავშირს და ინვესტიციიდან მიზნამდე მისასვლელ პირდაპირ გზას.
თუმცა, სწრაფი ტემპი მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც ხარისხი მაღალ სტანდარტზე რჩება. ლიდერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მომხმარებლამდე მიღწეული ხარვეზების შემცირება, სისტემური შეფერხებების პრევენცია და კოდის ხელახალი გადაწერის საჭიროების კლება. თუ სისწრაფე შემდგომ პრობლემებს აჩენს, მიღებულ სარგებელს ძვირადღირებული შეცდომების გამოსწორება სწრაფად გადაწონის.
მესამე და ხშირად ყველაზე ფასეული კომპონენტი გამოთავისუფლებული სამუშაო მოცულობაა. ტექნოლოგია წარმატებით ითავსებს ისეთ რუტინულ საქმეებს, როგორიცაა ტექსტების მომზადება, შეჯამება და პირველადი ხარისხის შემოწმება, რაც კვალიფიციურ გუნდებს ინოვაციებზე ორიენტირებისა და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სივრცეს უქმნის.
უსაფრთხოება და მართვის პრინციპები
ტექნოლოგიის მასშტაბირებისთვის ნდობა უმნიშვნელოვანესია, რაც მონაცემების გამოყენებისა და ვალიდაციის მკაფიო ჩარჩოების არსებობას მოითხოვს. შესაბამისი პოლიტიკა ინციდენტებამდე და არა მათ შემდეგ უნდა შეიქმნას, რათა მართვის სისტემა ბარიერად კი არა, განვითარების საფუძვლად იქცეს.
ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები უნდა მოქმედებდნენ მკაფიოდ განსაზღვრულ საზღვრებში, სადაც დაცულია წვდომის კონტროლი და დაშვებული მოქმედებების ლიმიტები. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის აქტივობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, რათა დეველოპერს ნებისმიერ დროს ჰქონდეს მისი კორექტირების ან შეცვლის შესაძლებლობა.
ყოველ კრიტიკულ ეტაპზე ადამიანური ფაქტორი და ინტუიციური შეფასება რჩება მთავარ ფილტრად – კოდს რობოტი წერს, მაგრამ მის საბოლოო ინტეგრაციას ადამიანი ამტკიცებს. ყოველივე ეს კი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული თავდაპირველ ბიზნეს ამოცანებთან, რადგან აუდიტის პროცესს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება.
მენეჯმენტისთვის ხელოვნური ინტელექტის გავლენის შეფასება არის იმის დანახვა, ხდება თუ არა ორგანიზაციული სტრუქტურა უფრო ეფექტური, საიმედო და განვითარებაზე ორიენტირებული.
უდიდეს უპირატესობას მოიპოვებენ არა ის კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად და არგუმენტირებულად დაასაბუთონ, თუ სად მოაქვს ტექნოლოგიას რეალური შედეგი. თუ ზუსტად იცით, რომ ხელოვნური ინტელექტი გუნდს უფრო სწრაფს, ხარისხს უფრო მყარს, ხოლო საოპერაციო მოცულობას უფრო დიდს ხდის, უკვე ბევრად უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააფართოოთ, რა გამოასწოროთ და რა შეაჩეროთ საერთოდ.
წყარო: Fastcompany














