კრეატივის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea, სადაც ინდუსტრიის თითქმის ყველა წარმომადგენელი იყრის თავს, წელს ახალი და საინტერესო კონცეფციით ხვდება სტუმრებს: TELL ME SOMETHING I DON’T KNOW. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რათა კრეატიული სფეროს ყველაზე შემოქმედებითმა ინდივიდებმა რაღაც სრულიად განსხვავებული, აქამდე „შეუქმნელი შექმნან“.
Welcome to the edge of Europe! თეგლაინის მქონე ფესტივალის მხარდამჭერებს შორის კი ტრადიციულად Metro Production-იც არის. ვინაიდან „ედ ბლექ სი“ სარეკლამო სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც პირდაპირ უკავშირდება სააგენტოს საქმიანობას… სტატიაში კი მისი Head of Bidding, მაშო თევდორაშვილი გვიზიარებს, რატომ დგანან Ad Black Sea-ს გვერდით.
M: პირველ რიგში, ვისაუბროთ, რატომაა Metro Production-სთვის Ad Black Sea-ის პარტნიორობა მნიშვნელოვანი და რატომ გექცათ ეს ტრადიციად?
ჩვენთვის ედბლექსის ფესტივალი არის სიყვარულის, ურთიერთობებისა და ძალიან ბევრი დადებითი ენერგიის გაზიარების ადგილი. შესაბამისად, იყო ამ ფესტივალის პარტნიორი და მეგობარი, უმნიშვნელოვანესია. მეტრო ფროდაქშენი წლების მანძილზე ცდილობს ფროდაქშენის მიმართულების განვითარებას, ჩვენი კომპანიისთვის კი ფესტივალი კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადამიანის გაცნობისა და ახალი ურთიერთობების შესაძლებლობას იძლევა. ზოგადად, ჩვენს სფეროში ყოველი ფესტივალი შემდეგი განვითარების მომტანია როგორც მონაწილეებისთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პარტნიორულ ნაწილში.
გულწრფელად გითხრათ, ძალიან გვახარებს უკვე ტრადიციად ქცეული პარტნიორობა და ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საუკეთესო ამბებში.
M: საინტერესოა, წელს რას სთავაზობთ აუდიტორიას?
დავიწყებ ძალიან შორიდან და ვიტყვი, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტია, ჩვენი კომპანია დაუღალავად შრომობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს საკმაოდ რთულია, როცა ქვეყანაში არ არსებობს არც სასწავლებელი და არც რაიმე ორგანიზაცია, რომელიც სტაფის გაწვრთნას და მათთვის ამ დარგის განათლების მიცემას შეძლებდა. შესაბამისად, ყველაზე დიდი ნახტომები, როგორც წარმოების, ისე შემოქმედებით სფეროში, მაშინ ხდება, როდესაც საერთაშორისო ბაზარი შემოდის თამაშში.
მაგალითად, პირველი გასვლა კანში, კონტაქტების დამყარება და ფესტივალზე დასწრება სხვა ჰორიზონტებს გიხსნის შემოქმედებითი თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი მუდმივი ორიენტირია, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო კომპანია თუ გუნდი დავაინტერესოთ საქართველოში გადაღებით, რათა, ერთი მხრივ, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, მივიღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი კონტაქტი მსოფლიოს მასშტაბით. წლიდან წლამდე ასე ვიზრდებოდით და ვიზრდებით.
თემატურად, წლევანდელი პანელის დისკუსია საერთაშორისო ქეისების განხილვას მიეძღვნება, როგორც საქართველოს, ისე ევროპის კუთხით. მთავარი ფოკუსი იმ მნიშვნელოვან გამოცდილებებზე გაკეთდება, რომლებსაც შემოქმედებითი გუნდის ფიქრის პროცესის გამრავალფეროვნება შეუძლია. ხშირად ერთ პატარა კომენტარს მოუცია შთაგონება და განსხვავებული იდეები წამოუწევია წინ… ასე რომ, ეს ორი მხარე, რასაც ფროდაქშენი და კრეატივი ჰქვია, ერთმანეთს სხვადასახვა კუთხით ავსებს და აძლიერებს, თუმცა ფოკუსი მაინც ზრდაზე და განვითარებაზეა. ეს კი ერთ ქვეყანაში ჩაკეტვით ვერ ხერხდება.
M: სპიკერებზე რას იტყვით, ვის უნდა ელოდნენ სტუმრები?
სპიკერების როლზე განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლები შევარჩიეთ. თავის მხრივ, მათ დიდი გამოცდილება აქვთ როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე თავიანთ ქვეყნებში მუშაობის კუთხით. ევროპელ სტუმრებს გლობალური პერსპექტივიდან საუბარი შეუძლიათ, ხოლო ადგილობრივი პანელის წარმომადგენლები შეავსებენ ქართულ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ასე შეიკვრება სრული სურათი.
Jeannine Koch — Medianet Berlinbrandenburg-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. კრეატიული სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე უმუშავია, კარგად იცნობს შემოქმედებით ინდუსტრიას, ისევე, როგორც ფროდაქშენის სფეროებს.
Miguel Teixeira — Mr.Frank-ის დამფუძნებელი და გლობალური აღმასრულებელი პროდიუსერი, საქართველოში გადაღების გამოცდილებით.
სანდრო გაბილაია — მეტრო ფროდაქშენის აღმასრულებელი პროდიუსერი და თანადამფუძნებელი.
მარი სუხიშვილი — Windfor’s-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი
სპიკერები იმის მიხედვით შევარჩიეთ, რომ რაც შეიძლება ფართოდ და საინტერესოდ დავფაროთ საერთაშორისო ქეისები — უფრო დიდ ჭრილში დავანახოთ სტუმრებს კრეატივისა და ფროდაქშენის გადაკვეთა.