1
დეკ
2017

Metro Production-ის ახალი პოზიციონირება – სრული პროდაქშენ სერვისი ქართული და უცხოური სააგენტოებისთვის

1 დეკ 2017

Metro Production სარეკლამო სააგენტო JWT Metro-სთან ასოცირდებოდა და ფუნქციონირების 10 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზეა მრავალი  სარეკლამო რგოლი, ფილმი თუ მუსიკალური კლიპი. დღეისათვის, ის უკვე დამოუკიდებელ სერვის პროდაქშენ კომპანიად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო სტანდარტებით დაკომპლექტებული საპროდიუსერო გუნდისგან შედგება. კომპანიას აქვს გადაღებისთვის საჭირო ტექნიკა და პარტნიორობს გრაფიკულ სტუდია Metrograph-თან, რაც ნიშნავს, რომ იგი უზრუნველყოს სერვის პროდაქშენის სრულ მომსახურებას. რა მნიშვნელოვან პროექტებზე უმუშავია Metro Production-ის გუნდს, რატომ გამოეყო ის JWT Metro-ს და როგორია მისი პერსპექტივა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე – ამ საკითხებზე მარკეტერი კომპანიის აღმასრულებელ პროდიუსერს – სანდრო გაბილაიას ესაუბრა:

M: რატომ გამოეყო JWT Metro-ს Metro Production და რა საჭიროება იყო ამ მხრივ ბაზარზე? 
ზოგადად, სარეკლამო სააგენტო თვითონ არ უნდა აკეთებდეს თავისივე პროდუქტის წარმოებას, ანუ ფროდაქშენს. მსოფლიოში, ყველა სააგენტო ან აცხადებს ტენდერს წარმოებაზე, ან უკვეთავს თავის პარტნიორ კომპანიას და არცერთ შემთხვევაში, შიგნით სააგენტოში არ აწარმოებს ფროდაქშენს. ასე ხდებოდა ოთხმოცდაათიანებში და ორიათასიანებში იმ ქვეყნებში, სადაც ნელ-ნელა ვითარდებოდა ეს სფერო (უკრაინა, პრიბალტიკური ქვეყნები). ახლა, ამ ქვეყნებშიც კი, ყველა კომპანია დასავლური მეთოდებით მუშაობს, რაც ძალზედ ეფექტური ფორმაა. ეს ძალიან დიდი კომფორტია და ვფიქრობ აუცილებლობაა ყველა სააგენტოსთვის. მათ უნდა მიიღონ უმაღლესი სერვისი, სადაც ყველა პროცესს წესების დაცვით გაივლიან. ეს იქნება პრეზენტაციები ქასთიგზე, ლოკაციებზე, ჯგუფის შეთავაზებაზე თუ სხვა უამრავ რამეზე. ისინი გვერდიდან შეხედავენ ყველაფერს და უფრო უკეთესად დაინახავენ თავის პროდუქტს საწყისი ეტაპიდან. სააგენტოს არ უნდა უწევდეს, თავისივე ოფისში, მთელი წარმოების ქაოსს ესწრებოდეს და ყველა ტექნიკურ გადაწყვეტილებასა თუ პრობლემას უსმენდეს. ამით ისინი უფრო ერკვევიან და ასე ვთქვათ, ყველა პრობლემას ხედავენ, რითაც ხშირად მიდიან კომპრომისზე და დათმობებზე, რაც ჩემი აზრით, არ უნდა ხდებოდეს. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც რეკლამაზე დიდი თანხები არ გამოიყოფოდა, რთული იყო ასეთი სერვისის შეთავაზება ვინმესთვის და სააგენტოებსაც უწევდათ თვითონვე ეკეთებინათ წარმოება. ვფიქრობ, რეკლამა საქართველოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა და უკვე მზად არის საერთაშორისო სტანდარტით მუშაობის დასაწყებად.

M: რა მდგომარეობაა პროდაქშენ კომპანიების მიმართულებით საქართველოში და როგორია თქვენი როლი ამ ბაზრის განვითარებაში?
საქართველოს ბაზარზე განყენებული, ძლიერი პროდაქშენ კომპანია არ არსებობს, გადაღებაზე მოთხოვნა კი დიდია. ამ 10 წლის განმავლობაში, გვქონდა უამრავი შეკვეთა, გვიკავშირდებოდნენ უცხოური პროდაქშენებიც და გვიკვეთავდნენ პროექტებს, უამრავი პროექტი გაკეთდა ერთად. გვინდა, მოვემსახუროთ როგორც უცხოურ კომპანიებს, ასევე, საქართველოში ყველა სააგენტოს. გვქონდეს სრულყოფილი პროდაქშენ კომპანია, რომელიც არის დაკომპლექტებული დიდი ჯგუფით. ამისათვის, ერთად შევკარით გამოცდილი სპეციალისტები.

M: რა მნიშვნელოვან პროექტებზე უმუშავია Metro Production-ის გუნდს და ამ ეტაპზე, ვინ არიან თქვენი პარტნიორები?
კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე გლობალურ ბაზარზე მოღვაწე პროდაქშენ კომპანიასთან, რაც აძლევს მას წვდომას საერთაშორისო მასშტაბის პროდიუსერებთან, Line Poroducer-ებთან, რეჟისორებთან, ოპერატორებთან, First AD-ებთან, ეს კი ნიშავს, რომ ნებისმიერი მასშტაბის პროდაქშენ სერვისის უზრუნველყოფა შეუძლია. პარტნიორ პროდაქშენ კომპანიებთან გაკეთებულ პროექტთა სიაში არიან ისეთი ბრენდები, როგორიცაა: S7, Toyota, Megafon, KFC, Ingostrakkh, Bonaqua, Baltika, Bonpar და სხვა. Metro Production-ის საწყის ეტაპზე შესრულებული ყველაზე მასშტაბური პროექტია Seazone (2010).  
საერთაშორისო პროექტების გარდა, კომპანიის ფოკუსს არ სცდება ლოკალური ბრენდები და სააგენტოები, ამას მოწმობს Socar-ის ბოლო კლიპიც, რომელიც Metro Production-ისა და Elliot Webber-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროექტი იყო არასტანდარტული და შეიცავდა როგორც გადაღებისთვის, ასევე Post-Production-ისთვის რთულ ელემენტებს. ვიდეორგოლის პოსტპროდაქშენზე იზრუნეს სტუდია Metrograph-მაა და Post Red Audio-მ.

გთავაზობთ Metro Production-ისა და Elliot Webber-ის თანამშრომლობით შექმნილ Socar-ის ვიდეორგოლსა და Making of-ს:


M: როგორია Metro Production-ის პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე?
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ უცხოურ პროდაქშენებთან მუშაობით. უცხოური კომპანია როცა ჩამოდის საქართველოში, აქ სჭირდება სერვის პროდაქშენ კომპანია, რომელიც სერვისიან ტექნიკიანად მოუგვარებს ყველაფერს. ჩვენ ჩვენი ტექნიკა გვაქვს, ასევე, მათთან მუშაობის გამოცდილება და თვითონ წარმოებაში ისეთი დეტალები ვიცით, რაც სჭირდება უცხოელ მომხმარებელს.

განხილვა