in

Metro Production გერმანიაში ფრანჩაიზით შედის და პროდიუსერ კეი რიხტერთან იწყებს თანამშრომლობას

Metro Production საერთაშორისო მასშტაბების დასაპყრობად ემზადება. ფროდაქშენ კომპანიის ფრანჩაიზი ფუნქციონირებას იწყებს გერმანიაში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი კეი რიხტერი იქნება, რომელსაც ისეთ ბრენდებთან ერთად აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა Levi’s, Prada… კეი რიხტერის კომპანიის პორტფოლიოს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. გერმანელი პროდიუსერი ქართულ ფროდაქშენში დიდ პოტენციალს ხედავს და საქართველოს, როგორც გადასაღები ადგილმდებარეობის პოპულარიზაციას გეგმავს. გერმანიის შემდეგ, „მეტრო ფროდაქშენი“ პორტუგალიისა და ესპანეთის ბაზარზე შევა. გლობალურ ბაზარზე გასვლის პერსპექტივასა და თანამშრომლობაზე „მეტრო ფროდაქშენის“ აღმასრულებელი პროდიუსერი და დირექტორი სანდრო გაბილაია და კეი რიხტერი გვესაუბრნენ.

M: როგორ მიხვდით, რომ მზად ხართ ფრანჩაიზის განვითარებისთვის?

სანდრო გაბილაია: ვიდეო-ფროდაქშენის და განსაკუთრებით, სერვის-ფროდაქშენის უნმიშვნელოვანესი ნაწილი, პატარა და ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი დეტალებით არის დახუნძლული, რაც მხოლოდ პრაქტიკით, უძილო ღამეებით, უამრავი გადაღებით, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამოცანების გადაჭრით, საქმის სიყვარულითა და თავდადებით იქმნება. თითქმის ათი წელია მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალებთან, სააგენტოებთან და შემოქმედებით ჯგუფებთან მოგვიწია მუშაობა, რამაც ფასდაუდებელი გამოცდილება და თავდაჯერებულობა მოგვცა.

ამ სფეროს ნომერ პირველი პროეფესიონალები, ჩვენთან მუშაობას ირჩევენ ე.ი. მართლაც შეგვძლებია საქმის კეთება და ჩვენც მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო და კომფორტული გადასაღები ადგილმდებარეობა – საქართველო – ჯერ ევროპას და შემდეგ, მთელ მსოფლიოს უფრო აქტიურად გავაცნოთ, ჩამოვიტანოთ უფრო მეტი პროექტი და მეტად განვავითაროთ ბაზარი, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე, სხვა ფროდაქშენ კომპანიებისა თუ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

M: ახალ მასშტაბებზე გასასვლელად როგორ დაიწყეთ თანამშრომლობა კეი რიხტერთან?

პირველ რიგში, დავიწყეთ ქვეყნების ამორჩევა, მათი ბაზრის შესწავლა, დაჯგუფება და მათთან აქტიურ კომუნიკაციაში შესვლა. ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე მთავარ პროდუსერად კეი რიხტერი ჩამოვიდა. გავიცანით ერთმანეთი და იმწამსვე ვიპოვნეთ საერთო ენა. ის იცნობდა საქართველოს და კარგად ხედავდა კინოწარმოების აქაურ პოტენციალს. პროექტის შემდგომ ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მოვატარეთ და ქვეყნის სრული რესურსი დავანახეთ. მან შეისწავლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პავილიონები და ა.შ. შემდგომ, ჩვენ ჩავედით გერმანიაში და ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, პარტიონორობის გადაწყვეტილებამდე მივედით.

M: როგორი იქნება კეი რიხტერის როლი „მეტრო ფროდაქშენის“ საერთაშორისო მასშტაბზე განვითარებაში?

უკვე დაგეგმილია მთელი წლის შეხვედრები სხვადასხვა ფროდაქშენ კომპანიასთან, სააგენტოებთან თუ დიდ კორპორაციებთან. მთავარი მათთან ნდობისა და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესია. ერთია, როდესაც საქართველოდან ეხმიანები კომპანიებს და მეორე, როდესაც კარგად ცნობილი და ამ სფეროში სანდო ადამიანი ხდება შენი პროტეჟე, ხარისხის გარანტორი და Metro Production EU-ის აღმასრულებელი პროდუსერი.

M: როგორია მოლოდინი – რა შედეგებს მოუტანს ფრანჩაიზი მეტროს?

გერმანიის ბაზრის ათვისების პარალელურად, სხვა ქვეყნებზე გასვლის აქტიური მუშაობის ფაზა იქნება. პირველ რიგში, პორტუგალია და ესპანეთი – ევროპის ყველაზე აქტიური წარმოების ქვეყნები. შემდეგი ნაბიჯი უკვე ქართული კონტენტის შექმნა და მისი ექსპორტია. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ!

M: თქვენი შეფასებით, როგორია მეტრო ფროდაქშენის საერთაშორისო პოტენციალი?

კეი რიხტერი: გასულ წლებში, წარმოების დონის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ზრდის გამო, ასევე, საქართველოში კინოწარმოების ხანგრძლივი ტრადიციიდან გამომდინარე, დიდ პოტენციალს ვხედავ, მეტი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად.

M: რა იყო მთავარი ფაქტორები, რამაც მეტროსთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინათ?

მე აღმოსავლეთ გერმანიაში დავიბადე. აღმოსავლეთისაკენ ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს სწრაფვა. შარშან ზაფხულში საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინვე ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. ღია გული და წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა საკმაოდ უნიკალურია და მე არასოდეს მიმიღია ასეთი დადებითი გამოცდილება ჩემს კარიერაში. მეტროს მთელი გუნდი ნამდვილი ოჯახივით არის. ისინი მთელ გულს დებენ საქმეში და უდიდესი ვნება ამოძრავებთ საკუთარი საქმის მიმართ. ამავდროულად, მათ არ ავიწყდებათ ცხოვრებით ტკბობა. მე გაკვირვებული ვიყავი, რამდენად პროფესიონალურად უმკლავდებოდნენ ჩვენს ყველა მოთხოვნას. და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი – კულინარია და ღვინოა. გულშემატკივარი ადრეც ვიყავი, მაგრამ აქ ყოფნის შემდეგ, მის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ.

M: როგორ გეგმავთ მეტროს ფრანჩაიზის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით, საკმაოდ დიდი გლობალური კონკურენციის პირობებში?

რამდენიმე იდეა გვაქვს. უფრო განვითარებული გადაღების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ. ამიტომ, ჩემი საქმეა დავარწმუნო კინოწარმოებები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, რომ გადაიღონ საქართველოში. ამას გარდა, ჩვენ დავგეგმავთ ღონისძიებებს ბერლინსა და თბილისში, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის შემოქმედებითი რესურსების გაცვლა დაიწყოს. კომერციული კინო-ბიზნესის გარდა, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ევროპულ კოპროდუქციას სატელევიზიო შოუებისა და მხატვრული ფილმებისთვისაც. თქვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი პროფესიონალური გუნდის, მდებარეობისა და მომსახურების თვალსაზრისით.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

2 ივნისს ESA მარსიდან პირდაპირ ეთერს ჩართავს — როგორ ვუყუროთ?

სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება