264-დღიანი უწყვეტი გადაღებები, 94 შესრულებული პროექტი, 2 მხატვრული ფილმი წარმომადგენლობის გახსნა ბერლინში – ასეთი იყო გარდამტეხი 2023 წელი Metro Production-თვის. 2024-ის დასაწყისს კი ფროდაქშენ სააგენტო შესანიშნავი სიახლით შეხვდა – Metro Production საერთაშორისო გლობალური ფროდაქშენების გაერთიანება Supercluster-ს შეუერთდა. Supercluster-ში მოხვედრა თითო ქვეყნიდან მხოლოდ 1 კომპანიას შეუძლია. შემოქმედებით პლატფორმებთან ერთ კომუნაში მოხვედრა სრულიად ახალ შესაძლებლობებს ბარებს სააგენტოსთვისაც და ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიისთვისაც. რას ნიშნავს Supercluster-ის წევრობა და როგორია განვითარების სამომავლო გეზი – Metro Production-ის წარმოების ხელმძღვანელი / დამფუძნებელი მაია გურაბანიძე და აღმასრულებელი პროდიუსერი / დამფუძნებელი სანდრო გაბილაია გვიყვებიან.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორი იყო 2023 წელი Metro Production-თვის? რა სიახლეები და გამორჩეულად დასამახსოვრებელი მოვლენები ახლდა სააგენტოსთვის?
2023 წელი მეტრო ფროდაქშენისთვის ძალიან საინტერესო, შრომატევადი და გარდამტეხი წელი იყო. პირველ რიგში ავღნიშნავთ გუნდის გაძლიერებას. ჩვენ ოჯახს შემოუერთდა ათამდე ახალი ადამიანი, რამაც მოგვცა ერთდროულად რამდენიმე დიდი პროექტის კეთების შესაძლებლობა. წლის ბოლოს მივიღეთ 94 შესრულებული პროექტი, ორი ძალიან საინტერესო მხატვრული ფილმი (ერთი – კინოცენტრის დაფინანსებით, მეორე – უცხოური კო-პროდაქშენი), მთლიანობაში კომპანიას გვქონდა 264 გადაღება დღე რაც რეკორდული შედეგია. აგრეთვე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შარშან, შვიდი ქართული პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან მთავარ მიზნად გვქონდა დასახული. 2024 წელს, ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად მუშაობას ვაპირებთ. დავპარტნიორდით რამდენიმე ძალიან დიდ საერთაშორისო ფროდაქშენთან რის შედეგადაც, საკმაოდ საინტერესო პროცესებს ჩაეყარა საფუძველი. გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა ბერლინში. რაც უფრო გაიზარდა მასშტაბი, გამოიკვეთა შეცდომებიც და პრობლემებიც რაზეც ძალიან გააქტიურებული მუშაობა დავიწყეთ. 2023 უდიდესი შესაძლებლობების დასაწყისი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის, ეხლა მთავარია ამ შესაძლებლობების სწორი გამოყენება.
M: 2023 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსთვის საერთაშორისო გლობალური ფროდაქშენების გაერთიანების წევრი. პირველ რიგში, გაგვაცანით, რას საქმიანობს გაერთიანება და როგორი ტიპის ფროდაქშენ კომპანიებს აერთიანებს?
2023 წელი, ვფიქრობთ, მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა “Metro Production”-თვის, რაც ავტომატურად მთელი ინდუსტრიისთვის განვითარების, ახალი ეტაპი იქნება. წინა წელს დაწყებული თავდაუზოგავი შრომა ახალ 2024 წელს მკაფიოდ გამოჩნდება. დიდი ხნის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობდით საერთაშორისო ბაზარზე ფეხის საფუძვლიანად მოკიდებას. ბევრი უცხოური პროექტიც გავაკეთეთ, ახალი პარტნიორები შევიძინეთ და ქვეყანაც მეტად მომხიბლელი გავხადეთ ჩვენს ინდუსტრიაში მყოფი ადამიანებისვის, მაგრამ “Superclaster”-ში გაწევრიანება შორ პერსპექტივაშიც კი ბუნდოვნად ჩანდა. ეს არის 25 ქვეყნის (ყველა კონტინენტიდან) ერთიანი, კომუნა/გაერთიანება, რომელიც თითო ქვეყნიდან, მხოლოდ ერთ კომპანიას აწევრიანებს. ეს არ არის სტანდარტული ან რაიმე მონსტრი კომპანიების ერთობა, ეს არის ყველაზე კრაფტული და შემოქმედებითი ფროდაქშენების ერთმანეთთან დაკავშირების, შემოქმედებითი ჯგუფების გაცვლის და ერთმანეთის განვითარების პლატფორმა.
M: რას გულისხმობს Metro-სთვის ასეთი წევრობა – რა შესაძლებლობები იქმნება სააგენტოსთვის და ქართველი კრეატორებისთვის?
ჩვენთვის, ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო გახლავთ ის, რომ გარდა ბრიფების, ახალი პროექტების და მიმართულებების პარალელურად, წვდომა გაგვიჩნდა ისეთ რეჟისორებთან და ოპერატორებთან, რომლების ჩამოყვანა, ქართული პროექტებისთვის ბიუჯეტური და სხვა ლოჯისტიკური მიზეზების გამო, თითქმის შეუძლებელი იყო. ამ გაერთიანების უპირველესი ამოცანა არის შემოქმედებითი ჯგუფების და ინდივიდების გაცვლა გამოცვლა. ამ წელს უკვე შემოგვივიდა ქართველ რეჟისორებზე მოთხოვნა ტოკიოდან და მადრიდიდან. ჯერ კიდევ ვერც ჩვენ და ვერც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, კარგად ვერ ვაანალიზებთ, რამხელა კარი გაიღო ქართველი შემოქმედებითი ჯგუფისთვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ქართულ სააგენტოებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალ ადამიანებთან ერთად, სხვა თვალით შეხედონ პროექტების განხორციელებას, გაიცნონ ახალი სახეები და კიდევ უფრო განავითარონ ეს სფერო. გვიხარია, როგორც ამ საქმის პიონერებს, ჩვენ გვხვდა წილად ვყოფილიყავით ამ სფეროში ხიდი მსოფლიოს და საქართველოს შორის, რაც “Metro Production” ის თითოეული თანამშრომლის, თავდაუზოგავი შრომის და ერთგულების შედეგია.
M: როგორ შეძელით გაერთიანების დაინტერესება?
რამდენიმე წლის წინ, განვახორციელეთ სერვისის პროექტი, ჰოლანდიურ ფროდაქშენ კომპანია Mr. Frank თან ერთად, რომლის დამფუძნებელიც მიგელ ტრიხიერა გახლავთ. ის ასევე “Superclaster” ის ერთ-ერთი შემქმნელია. პროექტის იდეალურად განხორციელების, შემდეგ მიგელთან დავმეგობრდით და არა ერთ ბრიფზე ვიმუშავეთ. პარალელურად “Superclaster” იც ვითარდებოდა და მსოფლიო მასშტაბით იკიდებდა ფეხს. შარშან, კანის ფესტივალზე, ყველაზე დიდი ივენთი ზუსტად მათ ქონდათ, სადაც ყველა ტოპ რეჟისორმა თუ კრეატივის წარმომადგენელმა მოიყარა თავი, რის მერეც კომპანია ყველასთვის უფრო სასურველი და საინტერესო გახდა. ბოლო წელს “Superclaster” ის ფარგლებში ასამდე პროექტი განხორციელდა. მიგელთან აქტიური მუშაობის შემდეგ, ყველამ გააანალიზა, რომ შესრულებული პროექტების დიდი ნაწილის განხორციელება, საქართველოშიც შესაძლებელი იყო, ბევრად ნაკლები ლოჯისტიკური პრობლემებით და მეტად ბიუჯეტურ პირობებში. უამრავი, საერთო შეხვედრის და ქვეყნების მოთხოვნების საფუძველზე, სტანდარტების დაბალანსების შემდეგ, კენჭისყრაზე უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომუნის ახალ წევრად საქართველო, კერძოდ “Metro Production” აირჩიეს. ამ საოცარ და სასიხარულო ამბავს, მეორე მხარეც აქვს, რაც ათჯერ მეტ შრომას, პასუხისმგებლობას და თავდადებას მოითხოვს. ჩვენ უკვე, მხოლოდ Metro Production ს აღარ წარმოვადგენთ, ჩვენ ქვეყნის წარმდგენები და ელჩებიც გავხდით, ამიტომ ძალიან გვჭირდება ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანებმაც გააანალიზონ ეს და მეტი იშრომონ საკუთარ თავზე. კერძოდ დისციპლინაზე, ენის ცოდნაზე, „თრითმენტების“ სწორად კეთებაზე და კიდევ უამრავ წვრილმანზე, რაშიც ვეცდებით ყველას გვერდში დავუდგეთ.
M: როგორ შეცვლის 2023 წლის ეს მნიშვნელოვანი სიახლეები 2024 წლის გეზს მეტროსთვის?
გეგმები ძალიან დიდია. პირველ რიგში, ამ სიახლეებმა კიდევ უფრო გაზარდა პასუხისმგებლობის გრადუსი. ძალიან დიდია გეგმები ევროპული ბაზრის მიმართულებით, თუ ამ დრომდე აქტიურად ვმუშაობდით სერვის ფროდაქშენების საქართველოში ჩამოტანაზე, 2024 წლის ყველაზე დიდი მიზანია, დავიწყოთ აქტიური კავშირები უცხოურ შემოქმედებით ჯგუფებთან და ასევე შევძლოთ ქართველი რეჟისორების გაყვანა საერთაშორისო ბაზარზე და იქ ერთობლივად ვახორციელოთ პროექტები. სუპერკლასტერში გაერთიანება ამის ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე დავიწყეთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა, რომელსაც ჯერ ვერ ვამხელთ, მაგრამ ერთს ვიტყვით, რომ ვფიქრობთ მოვიდა დრო საქართველომ ისეთი კონტენტი შექმნას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ პლატფორმაზე ნეტფლიქსი იქნება თუ სხვა რამ, თამამად და თანაბარი ხარისხით იარსებოს მათ გვერდით. მიზნები ბევრია და სამუშაოც ძალიან ბევრი და ჩვენ ახალი ძალებით ვიწყებთ ახალ 2024 წელს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი