in

„ფროდაქშენი ცოცხალი ორგანიზმია!“ – Metro Production-ის გუნდში დიდი ცვლილებებია

Metro Production-ისთვის 2023 წელი ენერგიულად დაიწყო. ფროდაქშენ კომპანიამ გუნდი უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად მოამზადა, გამოცდილ თანამშრომლებს განსხვავებული როლები მიანდო და ახალი წევრებიც დაიმატა. როგორც ჩანს, Metro Production-ისგან წელსაც საინტერესო ამბებს უნდა ველოდოთ. როგორც Metro Production-ის დამფუძნებლები, ფროდაქშენის ხელმძღვანელი მაია გურაბანიძე და სანდრო გაბილაია გვიყვებიან, წლევანდელ მიზნად ქართული კინოწარმოების უფრო ფართო მასშტაბზე გადასვლა დაისახეს.

M: როგორია სტრატეგიული ხედვა, რასაც გუნდური განახლება ახლავს?

„მეტრო ფროდაქშენის“ გუნდს გვახასიათებს სიახლეებზე ფიქრი. ფროდაქშენი ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად მუდმივი განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიის ცხოვრებაში ახლა კონკრეტული ეტაპი დასრულდა და ახალ სტრუქტურაზე ფიქრიც დავიწყეთ. ჩვენი ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში პირველ რიგში გათვალისწინებულია გუნდის ინტერესები – დიდ ყურადღებას ვუთმობთ დროის იდეალური მართვის მიმართულებით სწორი სამუშაო სტრუქტურის გაძლიერებაზე.

მთავარი ორიენტირია ახალი პარტნიორების მოძიება, ახალი ქვეყნების დაინტერესება საქართველოს ბაზრით, ქართულ სარეკლამო ბაზარზე სერვისის ხარისხის კიდევ უფრო აწევა. ამ მიზნების მისაღწევად დეპარტამენტების გაზრდის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში , პირველ ეტაპზე შიგნით შევიტანეთ ცვლილებები.

M: გვიამბეთ Metro Production-ის გუნდურ ცვლილებებზე, როგორია გადანაწილდა როლები? 

გუნდის წევრებს, რომლებიც არსებულ სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ, საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ და გადავიდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე. ახლა უკვე ისინი სათავეებში ჩაუდგებიან დეპარტამენტებს. გუნდს შემოუერთდნენ ასევე ჩვენივე აღზრდილი სტუდენტები, რომლებმაც სრულად გაიარეს თეორიული სწავლება და საკმაოდ დიდ ხანს გადიოდნენ ჯერ სტაჟირებას, ხოლო შემდგომ აქტიურ პრაქტიკულ სამუშაოებს.

ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ ყველა პოზიციაზე მომუშავე ადამიანი თავის საქმეს უძღვებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულ ფორმატში.

ფროდაქშენისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია, ბიდინგ პროდიუსერია (პროექტის შესწავლა, დამუშავება, ანალიზი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბიუჯეტირება, ასევე, საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა ). მაშო თევდორაშვილი პირველი გახლდათ საქართველოში, ვინც ეს პროფესია შეისწავლა და იმდენად განავითარა, რომ მოთხოვნის შესაბამისად შექმნა დეპარტამენტი და სათავეში ჩაუდგა მას.

სოფო ფარჯიანი წლების განმავლობაში 1st AD-ის პოზიციაზე მუშაობდა (რეჟისორის პირველი ასისტენტი, პროექტის დამგეგმავი და გადასაღები მოედნის მმართველი). მას უმუშავია მსოფლიოს წამყვან რეჟისორებთან და ფროდაქშენ კომპანიებთან. ამჯერად სოფო „მეტრო ფროდაქშენის“ განახლებულ გუნდში ახალ გამოწვევებს შეეჭიდება.

თეკლე დარჩიაშვილი (ჩვენი კურსდამთავრებული) ბიდინგის გუნდს შეუერთდება.

ნინი იაშვილი (ჩვენი კურსდამთავრებული) 1st AD პოზიციით გააგრძელებს მუშაობას.

გურამ მოსიკაშვილი მეტროს არსებობის პირველივე დღიდან გუნდის უცვლელი წევრია. სხვადასხვა დეპარტამენტში დაგროვებული მუშაობის გამოცდილებით, ის ტექნიკურ გუნდს და სრულ რენტალს ჩაუდგება სათავეში.

ლოკაციის მენეჯერი (გადასაღები ლოკაციების მოძიება და მისი მენეჯმენტი) ჩვენი სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიციაა, რომელსაც ნათია ჩომახიძე უხელმძღვანელებს.

სანდრო გოგრიჭიანი, „მეტრო ფროდაქშენის“ გუნდის ახალი წევრი, ლოკაციის დეპარტამენტს შეუერთდება.

ამას გარდა, გუნდს თეკო გურაბანიძე და გვანცა ჟუჟუნაშვილი ფროდაქშენ ასისტენტების პოზიციით შეუერთდებიან (PA – ფროდაქშენ ასისტენტი – ყოველთვის იქაა, სადაც საჭიროება მოითხოვს, ყველა კითხვაზე სწორი პასუხის ცოდნა).

M: საერთო ჯამში, როგორია მთავარი მიზნები, 2023 წელს?

„მეტრო ფროდაქშენი“ რამდენიმე მთავარი მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი სერვის ფროდაქშენია, რომელმაც კომპანიას მისცა უდიდესი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა, რაც ყოველთვის ქართული წარმოების განვითარებას და მის საერთაშორისო დონეზე აყვანას ხმარდებოდა. საქართველოში არსებული ყველა ფროდაქშენ კომპანიის, ისევე როგორც ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, ქვეყანაში უცხოური კომპანიების ჩამოყვანა და მათთვის სერვისის გაწევაა.

ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვეთ, რათა შევქმნათ ჩვენი კონტენტი, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან გავაზიარებთ. ვფიქრობთ, ეს ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ კინოწარმოებას მთლიანობაში. თავდაუზოგავად ვიმუშავეთ ევროპისა და აზიის წარმოების ბაზრის შესწავლაზე. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები სხვადასხვა პროდიუსერთან ხანგრძლივ პარტნიორობებზე. უახლოეს მომავალში, ამ ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებული საბოლოო სიახლეებით დაგიბრუნდებით.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

კამპანია, რომელიც პირადი ტრაგედიის გაზიარებას გვასწავლის — The Ripple Effect

აი, როგორი „ხმა“ აქვს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავს