12
Sep
2019

როგორ მოხვდნენ ქართველი მსახიობები „ეფლის“ რეკლამაში

12 Sep 2019

Elit Electronics
Elit Electronics


5 ქართველი, რომელიც 2 დღის წინ, Apple-ის ახალ რეკლამაში ვიხილეთ, ქართულმა ფროდაქშენ კომპანია Metro Production-მა შეარჩია. თავად კომპანიის წარმომადგენლები ამ ფაქტს აფასებენ, როგორც კომპანიისა და საერთაშორისო ბაზრის კიდევ ერთი მეგობრობის შედეგს („კიდევ ერთი“ იმიტომ, რომ მაგალითად, გასულ წელს, Metro Production-მა, საქართველოში, NIKE-ს რეკლამა, მსოფლიოში ცნობილ რეჟისორ დენიელ ვულფთან ერთად გადაიღო).

რაც შეეხება „ეფლის“ რეკლამას, ის პრაღაშია გადაღებული, ბრიტანელი იან პონს ჯუელის რეჟისორობით. როგორც მარკეტერს „მეტრო ფროდაქშენის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სანდრო გაბიალია უყვება, პონს ჯუელს საქართველოში ერთ დიდ პროექტზე მოუწია მუშაობა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჰქონდათ გადაღებები, მაგალითად, რაჭაში და სანდროს თქმით, იმდენად მოიხიბლა ჩვენი ქვეყნითა და „მეტრო ფროდაქშენის“ სერვისით, რეკლამას საქართველოში თუ არ იღებენ, მსახიობების შერჩევის ნაწილში მაინც თანამშრომლობენ „მეტროსთან“. მოკლედ, საქართველოში არსებულ რესურსს, ეფექტურად იყენებენ.

„ეფლის“ რეკლამისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5 მსახიობი შეირჩა „მეტრო ფროდაქშენის“ კასტინგ მენეჯერის, თინათინ ხიზანიშვილის მიერ.

ზოგადად, პროცესი ასეთია: როდესაც სააგენტო ტენდერს აცხადებს, ფროდაქშენ კომპანიების რეჟისორები აგზავნიან თავიანთ ხედვებს, სად ფიქრობენ რეკლამის გადაღებას, კიდევ სხვა დეტალებს და ამის მიხედვით ირჩევა, რომელი მათგანი იმუშავებს რეკლამასა თუ კასტინგზე. როგორც სანდრო ამბობს, მსგავს ტენდერებში, ძალიან ხშირად იღებენ მონაწილეობას.

უშუალოდ, კასტინგის პროცესს რაც შეეხება, სცენარი იგზავნება, როგორები უნდა იყვნენ შერჩეული მსახიობები და ადგილობრივად, მსახიობების შერჩევის ჯგუფი, მსახიობებს ჯერ პირადად ხვდება, შემდეგ კი, ე.წ. „ქოლბექის“ რეჟიმში, უკვე ონლაინ კასტინგს გადიან, როლზე დასამტკიცებლად.Metro Production, ასევე, Radioaktive Films-ის პარტნიორია, ფროდაქშენ კომპანიის, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საუკეთესო სერვის კომპანიად დასახელდა და ზოგადად, მასშტაბურ პროექტებში თანამონაწილეობას ეს თანამშრომლობაც უწყობს ხელს.

M: სანდრო, ზოგადად, რა როლი აქვს Metro Production-ს  ქართველი მსახიობებისთვის, ფილმებისა თუ რეკლამების საერთაშორისო ბაზრებზე მოსახვედრად?
„მეტრო“ ძალიან დიდი ტრამპლინია. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფროდაქშენ კომპანიებთან ვთანამშორმლობთ და ქართველი მსახიობებისთვის ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ბაზაში იყვნენ, რადგან მათ აქტიურად ვუშვებთ სხვადასხვა ქვეყანაში.

ვიკა კალანდიას შემთხვევაში, თავიდან ერთ როლზე იყო დამტკიცებული, რეკლამის დასაწყისში, სილუეტები რომ ჩანს, მხოლოდ მანდ უნდა გამოჩენილიყო, თუმცა, მერე ისე კარგად გაართვა თავი დავალებას და იმდენად მოეწონათ, რომ თუ არ ვცდები, ბრიტანელი გოგოს ნაცვლად გადაიღეს დასასრულისკენ კადრში. აეროპორტიდან მოაბრუნეს და თავიდან გადაიღეს მაგ როლში.

Metro Production თვის ბოლოს, საერთაშორისო ბრენდის რეკლამის ჩაშვებისთვის ემზადება, რომელიც თავიდან ბოლომდე, საქართველოშია გადაღებული.

განხილვა