28
Jan
2019

ტრენინგ კურსზე “მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის” მიღება დაიწყო

28 Jan 2019

როგორ გარდავქმნათ ბიზნეს იდეები ბიზნეს პროექტებად? როგორ შევიძინოთ მეწარმისთვის საჭირო უნარები? – კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში, იწყებს ტრენინგ კურსს “მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის”.  მონაწილეები აპლიკაციებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩევიან. ტრენინგ კურსი ორთვიანია. მისი გავლა საქართველოს შემდეგ ქალაქებშია შესაძლებელი: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი. პროგრამაზე დარეგისტრირება შეუძლიათ 16-28 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე აქვთ მეწარმეობრივი გამოცდილება ან სფეროს მიმართ გააჩნიათ ინტერესი. კურსის დასრულებისას ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოცდაათი სტარტაპის თანადაფინანსებაც.

mBank QR
mBank QR

როგორც პროგრამის ორგანიზატორები აცხადებენ, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეასწავლიან მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს, ბიზნესის მოდელის შექმნას, ბიზნეს პროექტის წერასა და ფინანსურ დაგეგმარებას.

ტრენინგ კურსი “მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის” ორ დონეს მოიცავს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში. კურსის ეს ნაწილი ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; პროგრამის ამ ეტაპზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ბიზნეს პროექტის დაწერა და მისი განხორციელება.

მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამოდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს. ორგანიზატორების თქმით, მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ. მეორე დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ მისო “კრისტალის” შეფასების კომისიასთან; საუკეთესო ბიზნეს პროექტები შესაბამისად მიიღებენ თანადაფინასებას მისო “კრისტალისგან”.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა.

პროგრამის შესახებ: პროგრამა YES-Georgia-ს ახორციელებს ფონდი კრისტალი, სს მისო „კრისტალთან“, PH International-თან და “ჯუნიორ ეჩივმენტთან” (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,104 განაცხადი შემოვიდა. სკოლაში მოხვდა 557 ახალგაზრდა. 451-მა მონაწილემ კურსი წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 181 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 35-მა მიიღო თანადაფინანსება მისო “კრისტალისგან”.

განხილვა