in

მეცნიერები იკვლევენ, რატომ მოძრაობენ ზღვის ბინადრები წრიულად

შესაძლოა, ეს ქცევითი კონვერგენცია იყოს, რომელსაც ერთმანეთის მსგავსი მიზნები აქვს

იაპონიასა და სხვა ქვეყნებში საზღვაო მკვლევრებმა წყლის სამყაროს კიდევ ერთი იდუმალება აღმოაჩინეს. ახალ ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი, რომ ზღვის ბინადრები, კუებიდან დაწყებული, ზვიგენებით დამთავრებული, გაურკვეველი მიზეზის გამო, წრიულად ცურავენ. ამის ახსნის შესაძლო ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად ნავიგაციაში დახმარება ან საკვების ძებნის მცდელობა.

ბუნებრივია, ტექნოლოგიურმა განვითარებამ უფრო ადვილი გახადა ზღვებისა თუ ოკეანეების სამყაროს შესწავლა. სწორედ ამ მიღწევებმა მისცა მეცნიერებს იმის საშუალება, რომ ზღვის ბინადარი არსებების ქცევა უფრო მეტი სიზუსტით შეესწავლათ.

თავდაპირველად, კვლევის წამყვანი ავტორი, ტომოკო ნარაზაკი და მისი კოლეგები, ზღვის კუების მოძრაობას აკვირდებოდნენ. მათ ისინი სხვა ადგილას გადაიყვანეს, რათა ენახათ, როგორ მოახერხებდნენ კუები თავიანთ ადგილას დაბრუნებას. შედეგად აღმოჩნდა, რომ კუები შედარებით მუდმივი სიჩქარით ასრულებდნენ წრიულ მოძრაობას, “სახლში” დაბრუნების შემდეგ კი ჩვეულ ცურვას უბრუნდებოდნენ.

ცნობისმოყვარე ნარაზაკიმ სხვა მეცნიერებსაც უამბო ამის შესახებ და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მკვლევართა გუნდი, რომლებიც მოძრაობის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით იკვლევდნენ, რამდენად ხშირი იყო ასეთი ქცევა ზღვის სხვა ბინადრებშიც. როგორც ჩანს, მსგავსი მოძრაობა ბევრ სხვას ახასიათებს. “ცოტა დრო დაგვჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს წრიული მოძრაობა მრავალი სახეობისთვის ჩვეული ქცევაა” – ამბობენ კვლევის ავტორები.

მეცნიერები ასეთ ქცევას მნიშვნელოვნად პრაქტიკულს უწოდებენ, რადგან ყოველი სახეობა მას სხვადასხვაგვარი დანიშნულებით იყენებს. მაგალითად, ზვიგენი წრიულად მაშინ მოძრაობს, როცა საკვების მოსაპოვებელ ტერიტორიაზე იმყოფება, რადგან ეს უფრო სწრაფად გადაადგილებასა და რეაგირებაში ეხმარება. ამასობაში, ვეშაპები “ჯგუფურ წრიულ მოძრაობას” ქმნიან, რათა ადვილად დაიჭირონ ნადავლი.

თუმცა საკვების მოპოვება ერთადერთი ახსნა სულაც არაა. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ წრიული მოძრაობა მამრი  ვეფხვა ზვიგენის შეყვარებულობის რიტუალის ნაწილია, რომელსაც მდედრის წინაშე ასრულებს. ამის პარალელურად, პინგვინები და სელაპები ასეთ მოძრაობას დასვენების ან საკვების მოპოვების დროს მიმართავენ. კუებისთვის კი წრიული მოძრაობა ნავიგაციის უნარის ხელშემწყობი საშუალებაა, რომელიც სუნს, მხედველობასა და გადამცემ მაგნიტურ ველებს ეყრდნობა.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, იმის გათვალისწინებით, რომ წრიული მოძრაობა ბევრ სხვადასხვა ბინადარს ახასიათებს, შესაძლოა, ეს ქცევითი კონვერგენცია იყოს, რომელსაც ერთმანეთის მსგავსი მიზნები აქვს. თუმცა ამ დროისთვის ამ ქცევის მიზანი და ფუნქცია უცნობია.

მკვლევართა შემდეგ ეტაპს ზოგიერთი ჰიპოთეზის შემოწმება წარმოადგენს, რათა ქცევის ფუნქციისა და მექანიზმის საფუძველი გაირკვეს.

„ფერმერებისთვის გეოგაპ/GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა“

Wolt უკვე 24/7-ზე მუშაობს!